Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანი 2017 - ექნება თუ არა კინოს მომავალი?


კანის 70-ე კინოფესტივალზე დაპატიჟეს სხვადასხვა დროს გამარჯვებული რეჟისორები და საიუბილეოდ ერთი საერთო ფოტო გადაუღეს. წინა რიგში ჩაამწკრივეს “ოქროს პალმის” ლაურეატები, რომელთა შორის, მაგალითად, კლოდ ლელუშის დანახვა რაღაცნაირად, უხერხულად გააღიმებს კინოს მოყვარულებს.

დრომ არაერთი ასეთი ავტორის დამსახურება წაშალა ხსოვნიდან. მაგრამ ლელუში და კუსტურიცა (“ოქროს პალმის” ორგზის ლაურეატია) იქით იყოს. კანის კინოფორუმის 70-ე წლისთავზე უკვე ძალიან სერიოზულად დაისვა კითხვა - ექნება თუ არა კინოს მომავალი და კიდევ დიდხანს იარსებებს თუ არა მსოფლიო კინოს ნომერი პირველი ფორუმი?

თუკი ტერორიზმი ვერ დამარცხდა, ადამიანთა მასობრივ თავშეყრას თუკი კვლავ დაემუქრება საფრთხე (კანში წუთიერი დუმილით გამოეხმაურნენ მანჩესტერის ტრაგედიას), კინოჟურნალისტებს, შესაძლებელია, მოგვენატროს ეს გრძელი რიგები ფესტივალების სასახლეში შესაღწევად, ეს გამკაცრებული დაცვა და ჯიბეებში ქექვა.

“იქნებ მე ქალის საფენები მაქვს ჩანთაში? გსიამოვნებთ ჩემს ნივთებში რომ იქექებით?” - აღშფოთებულმა მიმართა დაცვის თანამშრომელს ჩემმა რუსმა კოლეგამ. რუსების უმრავლესობას აქ აშკარად ეტყობათ დაბნეულობა და ერთგვარი გაორებაც - ორივე რუსულენოვანი საკონკურსო ფილმი, სერგეი ლოზნიცას “თვინიერი” და ანდრეი ზვიაგინცევის “უსიყვარულოდ” დასავლური კომპანიების ფულითაა გადაღებული, ორივეს მთავარ პრიზებს უწინასწარმტეყველებენ, მაგრამ ორივე ფილმში, განსაკუთრებით ლოზნიცასთან, თანამედროვე რუსეთი იხატება ლამის როგორც ჯოჯოხეთის სახე... არაა არავითარი გამოსავალი, იმედის მცირეოდენი სხივიც კი. “თვინიერი”, საერთოდ, სრულდება ხანგძლივი კადრით რუსული პროვინციის სადგურზე, სადაც მოსაცდელში, მატარებლის მოლოდინში ყველას (!) ჩასძინებია. ესეც სახეა პუტინის რუსეთის და ლოზნიცათვის, როგორც ჩანს, მთელი თანამედროვე სამყაროსი, რომელსაც გამოეცალა ყველანაირი რესურსი, რათა დაუპირისპირდეს ძალადობას.

“თვინიერი”(სურათს დოსტოევსკის ტექსტთან მხოლოდ სათაური აერთიანებს), უთუოდ გაიზიარებდა ანდრეი ზვიაგინცევის ფილმის წარმატებას, რომ არა ფილმის მეორე ნაწილში მოულოდნელად ჩართული ფანტასმაგორია - მთავარი გმირი ქალის სიზმარი (ორსაათნახევრიან სურათში იგი ცდილობს, როგორმე შეაღწიოს ციხეში, სადაც სავარაუდოდ მისი ქმარი იხდის სასჯელს). ამ გრძელ ეპიზოდში, როცა სურათის ესთეტიკა (ნატურალიზმის ზღვარზე რომ იყო აქამდე) მოულოდნელად იცვლება და დაახლოებით ემსგავსება სასამართლოს ეპიზოდებს “მონანიებიდან” (სტურუას სტილში), პრესამ დარბაზიდან გასვლა დაიწყო. საერთოდ, დავაკვირდი, რომ ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი ფილმების უმრავლესობას პრობლემა სწორედ ფინალში აქვს: ბერძენი რეჟისორი იორგოს ლანტიმოსი თავის ახალ ფილმს “წმინდა ირმის მკვლელობა” იწყებს როგორც სოციალურ დრამას, შემდეგ გადადის ტრილერში და ბოლოს, ბერძნულ ტრაგედიას რომ დაუახლოვდეს, ზებუნებრივ ძალებსაც რთავს მაყურებლის ვითომდა “კათარზისისთვის”... მაგრამ ჟანრების ცვლა იმდენად ხელოვნურია და სწორხაზოვანი, კათარზისის ნაცვლად ვიღებთ კიტჩს, რომელიც გულიანად გაგვაცინებდა, რომ არა ავტორის “შეწუხებულობა” და პრეტენზიულობა.

ძალიან იბნევა ფინალისკენ შვედი რეჟისორი რუბენ ოსტლუნდიც. “კვადრატში” ის ეხება სერიოზულ თემას - თანამედროვე კულტურის, კერძოდ კი ე.წ. contemporary art-ის უძლურებას, დაუბრუნდეს ადამიანს, დაუბრუნდეს რეალობას, ანდა თუნდაც რაღაც ახალი შექმნას. მაგრამ ფინალში ავტორი აქაც მიედ-მოედება, იწყებს მორალისტობას; შინაარსის თვალსაზრისით “გმირს აეხილა თვალი”, მაგრამ თავად კინო იმდენად ღარიბია და იმდენად დაცლილი ენერგიისგან, რომ მაყურებელს ისღა რჩება, მიიღოს მხოლოდ ინფორმაცია - “გმირს აეხილა თვალი”.

ტოდ ჰეინსი პარალელურად ჰყვება ორ ისტორიას დაბადებიდან მუნჯ გოგონაზე, რომელიც 20-იან წლებში ცხოვრობს და ოცნებობს კინოვარსკვლავობაზე და მეხისგან დაყრუებულ ბიჭუნაზე, რომელიც 70-იანი წლების ამერიკაში ცდილობს მიაგნოს მამამისს. ფინალში, როცა ეს ორი ისტორია უნდა გაერთიანდეს, ყველაფერი ხელიდან ეცლება - აღმოჩნდება რომ ერთი კინემატოგრაფიული სახეც კი არა აქვს, მასალა რომ გაერთიანდეს; ჰოდა, კინოს ნაცვლად გვრჩება “სიუჟეტი” - ის იმის ბებია ყოფილა, ეს კი იმის შვილიშვილი... ოდესღაც მექსიკურ სერიალებში რომ უყვარდათ ხოლმე მაყურებლის აღსაგზნებად.

წლევანდელ კანის ფესტივალზე კონკურსგარეშე პროგრამაში ჩართეს ტელესერიალების „ეპიზოდების“ ფილმებიც (მათ შორის დევიდ ლინჩის “ტვინ პიქსის” ორი სერია, რომელიც ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ წლევანდელი ფესტივალის ლამის მთავარ მოვლენად მიიჩნია). ცოტა არ იყოს, ღიმილის მომგვრელია ფესტივალის დირექციის განცხადება, ჩვენი კინოფორუმის რეგლამენტი პირველად და უკანასკნელად დაირღვაო. გაუგებარია, ვის წინაშე იმართლებენ თავს, თუკი ჯეინ კემპიონის და დევიდ ლინჩის სერიალების სანახავად ხალხი სპეციალურად ჩამოვიდა კანში? პრინციპში რამდენიმე სერიის (“ეპიზოდის”) ჩართვა კონკურსგარეშე პროგრამაში კრიმინალი არ უნდა იყოს. რომ არა თავად სერიალის ესთეტიკის გავლენა თანამედროვე კინოზე - მსახიობის თამაშზე, მიზანსცენებზე, ოპერატორის ნამუშევარზე, სივრცის ორგანიზებაზე და, რაც მთავარია, ფინალებზე. “უსასრულო სეზონებს” სხვა ფინალი აქვთ, სრულმეტრაჟიან კინოს კი აბსოლუტურად სხვა - ერთია ფილმი, როგორც კლასიკური მუსიკალური ნაწარმოები, თავისი ნაწილებით, თემის განვითარებით, კოდით და მეორეა ფილმი, თუ სერიალი, როგორც ღამის კლუბებში ჩართული მუსიკა, რომელიც უსასრულოდ იმეორებს ერთ თემას - ელექტრონული ენერგიით, საცეკვაოდ და საარშიყოდ.

ასეთ ფონზე მით უფრო მნიშვნელოვანია საკონკურსო პროგრამის კარგი ფილმების, სოფია კოპოლას “The Beguiled”-ის, რობენ კამპიოს “120 დარტყმის”, ნოი ბაუმბახის “მაიროვიცების ოჯახის ისტორიის”, კორეელი ხონ სან სუნის “შემდეგი დღის” და, რაღა თქმა უნდა, ანდრეი ზვიაგინცევის სურათის მნიშვნელობა კინოს ისტორიაში. “ბაზრის” მოთხოვნის მიუხედავად, ეს რეჟისორები ჯიუტად ცდილობენ შეინარჩუნონ კინო კინოში, ყველაფერი ის, რაც უყვარდათ ადამიანებს ამ ხელოვნებაში - რეალური სინამდვილის ზოგჯერ დაუნახავი სახეების სიუხვე, “სასპენსი”, დროის და სივრცის მთლიანობა, მოულოდნელი ფინალები, რომლებიც დიდხანს დაგვამახსოვრებს იმ სამყაროს, რომელსაც ავტორები გვაზიარებენ. დაგვამახსოვრებს და გვაფიქრებს.

აქვს თუ არა ასეთ კინოს მომავალი? წინასწარმეტყველება ძნელია, სანამ “ბაზარი” ისევ უტევს ხელოვნებას. ახლა უკვე საკმაოდ დახვეწილად და, მე ვიტყოდი, “ეშმაკურადაც”. კანის წლევანდელი ფესტივალის მთავარი სკანდალი სწორედ ამას მოწმობს. კომპანია “ნეტფლიქსის” განცხადებას, არ დამორჩილდეს საფრანგეთის კინოგამქირავებელთა წესებს და არ დაუშვას თავისი ფილმების პრემიერა კინოთეატრებში, აქ აკრედიტებული ჟურნალისტები სტვენით და უკმაყოფილო შეძახილებით შეხვდნენ. მაგრამ ეს სასოწარკვეთილი სტვენა ბაზარს, ცხადია, ვერ დაამარცხებს... ვერც პროგრესს, ვერც ძლიერ კომპანიებსა და კორპორაციებს - სწორედ იმათ, ვინც ასე სძულს თუნდაც კორეელ მემარცხენე რეჟისორს, პონ ჯუნ ხოს კომპანია “ნეტფლისქსის” ფულით გადაღებულ ფილმში “ოკჩა”... ასეთ ვითარებაში კინომ შეიძლება მართლაც მუზეუმებში გადაინაცვლოს, “დაკონსერვდეს” - აი, იმ კინომ, “ახალი ტალღის” ერთ-ერთმა უკანასკნელმა წარმომადგენელმა, ანიეს ვარდამ რომ გვიჩვენა კანის ფესტივალზე. დოკუმენტურ სურათში მეტად სიმბოლური სათაურით “სოფლები და სახეები”, ვარდა, რომელსაც მალე 90 წელი შეუსრულდება, საფრანგეთის სოფლებში მოგზაურობს, ელაპარაკება აქაურ მცხოვრებლებს, ბოლოს კი ჟან-ლუკ გოდარს მიადგება. გოდარი კარს არ უღებს. კონტაქტი ახლა უკვე კლასიკოსებს შორისაც აღარ არსებობს. ერთადერთი, რამაც ისინი დროებით გააერთიანა - კანის სიუბილეო ფესტივალზე გადაღებული ჯგუფური ფოტოა, სადაც პედრო ალმოდოვარი, წლევანდელი ჟიურის თავმჯდომარე, სადღაც უკან დასვეს - ის ხომ არასდროს ღირსებია “პალმას”. თუნდაც კლოდ ლელუშისგან განსხვავებით.

P.S. კანის საიუბილეო ფესტივალის მნიშვნელოვან მოვლენად ჩათვალეს ალეხანდრო ინარიტუს ექსპერიმენტი “სხეული და ქვიშა”, გადაღებული ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიით. პროექტში დამთვალიერებელი ერთვება სივრცეში, რომელიც მექსიკისა და შეერთებული შტატების საზღვარზე აშენებულ კედელს გამოხატავს. ერთვება, შეიძლება ითქვას, ძალდატანებით, რათა ფიზიკურად შეიგრძნოს ის, რასაც მექსიკელი ლტოლვილები გრძნობენ ამ სივრცეში. პრინციპში ეს პროექტიც იმ “contemporary art”-ს ჰგავს, რომელსაც ასე სასტიკად დასცინა რუბენ ოსტლუნდმა. “დისნეილენდი”? რატომაც არა? გაერთობი მაინც. მერე ერთი წუთით პატივს სცემ მანჩესტერში დაღუპულთა ხსოვას. ჩაირთვება მუსიკა და ახვალ წითელ ხალიჩაზე კანის საიუბილეო ფესტივალის სამახსოვრო ფოტოგადაღებაში მონაწილეობის მისაღებად.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG