Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰომოფობიის შესახებ


ლგბტ ადამიანების დისკრიმინაცია საუკუნეებს ითვლის. მართალია, გასაგები მიზეზების გამო, კარგად არ ვიცით თავად ლგბტ პირების პერსპექტივიდან ამ ისტორიის დეტალები, მაგრამ რაც დანამდვილებით ვიცით, ის არის, რომ თითქმის ყველა კულტურაში, რამდენიმე გამონაკლისს თუ ჩავთვლით, ღიად იყო აკრძალული ჰომოსექსუალური ქცევა. აკრძალვის არსებობა, ცხადია, იმაზე მიუთითებს, რომ ასეთი ქცევა არსებობდა. ამის უარყოფა შეუძლებელია. იმის თქმა, რომ „ეს რაღაც ახალია“, ისტორიული ფაქტების უგულებელყოფაა (განსაკუთრებით კარგად არის დოკუმენტირებული, მაგალითად, როგორ სჯიდა შუა საუკუნეების ევროპაში ინკვიზიცია ლგბტ პირებს.)

შედარებით ახალი რაც არის, არის დამოკიდებულების ცვლილება ლგბტ ადამიანების მიმართ. ფეოდალიზმის ნგრევის, ბატონყმობის გადავარდნასთან ერთად, გაჩნდა „ადამიანის უფლებების“, „თავისუფლებისა“ და „თანასწორობის“ კონცეფციები, რომლებიც თანდათანობით მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ჯერ კიდევ XVIII და XIX საუკუნეებიდან, ევროპაში დაიწყო ლგბტ პირებასადმი დამოკიდებულების გადააზრება. ამის მიუხედავად, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდამდე, თითქმის ყველა დასავლურ ქვეყანაში ჰომოსექსუალური ქცევა ან პირდაპირ კრიმინალიზებული იყო, ან სხვადასხვა გზებით იდევნებოდა. განსაკუთრებით კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ იდევნებოდნენ ლგბტ პირები ამ პერიოდის ევროპაში, ცნობილი ირლანდიელი მწერლის, ოსკარ უაილდის შემთხვევაა. უაილდი 1895 წელს ლონდონის სასამართლომ „სოდომიტად“ ცნო და ორი წელი ციხეში იძულებითი შრომა მიუსაჯა. უაილდი სასჯელის მოხდის შემდეგ ბრიტანეთიდან საფრანგეთში გაიქცა.

უაილდზე არანაკლებ ცნობილი შემთხვევაა ცოტა მოგვიანებით ასევე ბრიტანელი მათემატიკოსის და კომპიუტერის მეცნიერის, ალან ტიურინგის საქმე. ტიურინგი მეორე მსოფლიო ომის დროს მუშაობდა ბრიტანეთის დაზვერვისთვის, სადაც მან მოახერხა გერმანული საიდუმლო კოდების გაშიფვრა, რამაც მოკავშირეთა ძალებს საშუალება მისცა, რამდენიმე საკვანძო ბრძოლაში უპირატესობა მოეპოვებინათ. ტიურინგს ომის დასრულების შემდეგ ბრალი დასდეს „უზნეო ქცევაში“, რისთვისაც ციხე ემუქრებოდა. მან ციხის ალტერნატივად ე.წ. ქიმიური კასტრაცია აირჩია, რის შემდეგაც, ორი წლის თავზე, 1954 წელს, თავი მოიკლა.

ნაცისტურ გერმანიაში ლგბტ პირების მასობრივ განადგურებაზე მსჯელობას არ განვავრცობ. მხოლოდ რიცხვებს მოვიყვან: ნაცისტებმა 100 000 ადამიანი დაიჭირეს ჰომოსექსუალობის ბრალდებით, აქედან 50 000 ადამიანი დამნაშავედ ცნეს, საიდანაც 15 000 საკონცენტრაციო ბანაკებში გაუშვეს. ნაცისტები განსაკუთრებით ერჩოდნენ კაც ჰომოსექსუალებს, რადგან თვლიდნენ, რომ მათი არსებობა, უზნეობის გარდა, არიული რასის რეპროდუქციას უშლიდა ხელს.

ლგბტ პირები 1960-1970-იან წლებამდე სასტიკად იდევნებოდნენ აშშ-შიც, სადაც „ამერიკის ფსიქიატრიულმა ასოციაციამ“ მხოლოდ 1973 წელს ამოიღო ჰომოსექსუალობა დაავადებების სიიდან. იქამდე, სახელმწიფო ფსიქიატრიული დაწესებულებები ღიად ეწეოდნენ ე.წ. „გადაკეთების თერაპიას“ (Conversion Therapy), რასაც ახლა კერძო კლინიკები აგრძელებენ. ეს მეთოდი არა მხოლოდ არამეცნიერულად ითვლება ფსიქიატრების და ფსიქოლოგების მიერ, არამედ „პაციენტებისთვის“ სიცოცხლისთვის საშიშადაც. 2015 წელს, მას შემდეგ, რაც ამ თერაპიაგავლილმა ერთ-ერთმა ამერიკელმა თინეიჯერმა თავი მოიკლა, აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ღიად გამოვიდა მისი აკრძალვის ინიციატივით.

საბჭოთა კავშირში, ტოტალური ტერორისა და ავტორიტარიზმის პირობებში, ცხადია, ადამიანის უფლებებზე ლაპარაკი ზედმეტი იყო და ლგბტ პირებიც სასტიკად იდევნებოდნენ. ამ პერიოდში ჰომოსექსუალური ქცევა კრიმინალიზებული იყო. საბჭოთა საქართველოში ბევრი ჭორი დადიოდა განსაკუთრებით ხელოვნების დარგში მოღვაწე ადამიანების შესაძლო ჰომოსექსუალობის შესახებ. ყველაზე ცნობილი შემთხვევა ცნობილი თბილისელი რეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის საქმეა. ფარაჯანოვმა, მათ შორის ჰომოსექსუალობის ბრალდებით, სხვადასხვა პერიოდში შვიდ წელზე მეტი გაატარა ციხეში.

დამოუკიდებელ საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებები გაცილებით უფრო დაცულია, ვიდრე საბჭოთა დროს იყო, ბევრი ლგბტ ადამიანია სხვადასხვა სახის ჩაგვრის მსხვერპლი. ყველაზე აშკარად ამ ჩაგვრის არსებობა გამოჩნდა 2013 წლის 17 მაისს, როდესაც სასულიერო პირების ორგანიზებით შეკრებილი უზარმაზარი კონტრაქციის მონაწილეებმა ლგბტ პირების მხარდამჭერი აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს და მათ მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.ბოლო დროს ყველაზე დიდი რეზონანსი მოჰყვა ჰოლანდიაში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელის, გურამ კაშიას მონაწილეობას ლგბტ უფლებების მხარდამჭერ კამპანიაში. კაშიას მხარი დაუჭირა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, თბილისის ახალარჩეულმა მერმა კახა კალაძემ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ბევრმა ცნობილმა სპორტსმენმა და საჯარო მოღვაწემ. ამის მიუხედავად, მის მიმართ დღემდე არ წყდება აგრესია ონლაინ სივრცეში. არადა, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, წესით, ასეთი აქციები სიახლეს არ უნდა წარმოადგენდეს. ფიფას ინიციატივით გამართულ ანტიჰომოფობიურ კამპანიას უკვე ბევრი ფეხბურთელი და საფეხბურთო კლუბი შეუერთდა (მაგალითისთვის იხილეთ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონის“ ანტიჰომოფობიური ვიდეო).

საქართველოში ამ მასშტაბის ჰომოფობიური რეაქცია არა მხოლოდ საბჭოთა მემკვიდრეობის შედეგია, არამედ ჩვენს რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობისაც. თანამედროვე რუსეთი, სადაც ლგბტ უფლებების საჯაროდ მხარდაჭერა კრიმინალიზებულია და მთლიანად ჰომოსექსუალური ქცევის კრიმინალიზებაც განიხილება, ღიად და ირიბად უჭერს მხარს ჰომოფობიური რიტორიკის გაძლიერებას თავისი გეოპოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად.

დასავლეთში ლგბტ უფლებებისთვის ბრძოლა გეოპოლიტიკური საკითხი იშვიათად იყო, მაშინ, როდესაც საქართველოში ამან სწორედ საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა. დღესდღეობით ჰომოფობია იქცა პროპაგანდისტულ იარაღად რეგიონის რეაქციული და ფუნდამენტალისტური ძალების ხელში, რომლითაც მათ ნებისმიერი პროგრესული ინიციატივის დაბლოკვა შეუძლიათ. საქართველოში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა მთელი საზოგადოების განვითარებისთვის ბრძოლაა. ეს თავად რელიგიურ ფუნდამენტალისტებს და ულტრანაციონალისტებსაც კარგად ესმით და ზოგიერთები ღიად მოგვიწოდებენ, რომ რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებაში რუსეთის მხარე სწორედ ამ მიზეზით უნდა დავიკავოთ.

ქართული პოლიტიკური ელიტის ნაწილმა ჯერჯერობით სწორად გაიაზრა, თუ რამხელა გამოწვევის წინაშე ვდგავართ და საჭირო დროს და საჭირო ადგილას დემოკრატიულ საქართველოს დაუჭირა მხარი. ფუნდამენტალისტურ ჯგუფებთან დაპირისპირების დროს განსაკუთრებული წინდახედულება გვმართებს. მათ არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ მოსახლეობაში არსებული, არაინფორმირებულობით გამოწვეული, მავნე სტერეოტიპები თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ. ამისათვის დაფიქრებული, ერთიანი და პრინციპული პოზიციის ქონაა საჭირო. სხვანაირად საფრთხის ქვეშ დავაყენებთ მთელი საზოგადოების მომავალს. დღეს ჰომოფობიასთან ბრძოლაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და, იმედი მაქვს, რომ ამ გამოცდასაც წარმატებით ჩავაბარებთ.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG