Accessibility links

კონსერვატორული პოპულიზმის ეკონომიკური მხარეების ანალიზი


თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროში ერთგვარი კატაკლიზმური პერიოდი დაიწყო. აშშ-ში 2017 წლის 20 იანვარს კონსერვატორი პოპულისტი მილიარდერი დონალდ ტრამპი ქვეყნის 45-ე პრეზიდენტი გახდება. ევროპაში კონსერვატორული პოპულისტური მოძრაობები თითქმის ყველა ქვეყანაში აღმავლობის გზაზე არიან. მათ უკვე მოახერხეს ბრიტანეთის რეფერენდუმში გამარჯვება, რის გამოც გაერთიანებული სამეფო დატოვებს ევროკავშირს. მათ ლამის გაიმარჯვეს ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდერ ვან დერ ბელენი (მწვანეთა პარტიის წევრი) და პოპულისტური „ავსტრიის თავისუფლების პარტიის“ კანდიდატი ნორბერტ ჰოფერი. ჰოფერი გავიდა არჩევნების მეორე ტურში, სადაც ხმების 46.2 % მოაგროვა და დამარცხდა. ამ დამარცხების მიუხედავად, მის მიერ მიღწეული შედეგი მაინც შთამბეჭდავია, რადგან გამოდის, რომ ქვეყნის ნახევარზე ცოტა ნაკლებმა მისცა ხმა.

ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს საფრანგეთში. პოპულისტი მარინ ლე პენი უდიდესი ალბათობით გადავა რესპუბლიკელ ფრანსუა ფიიონთან ერთად 2017 წლის 23 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, სადაც უკვე ძნელი სათქმელია, რომელი გაიმარჯვებს. იტალიაში ცენტრისტული პოპულისტური მოძრაობა, ყოფილი კომიკოსის ბეპე გრილოს ხელმძღვანელობით, ეროვნული დონის არჩევნებზე უკვე აგროვებს ხმების 20 %-ზე მეტს. იტალიის 4 დეკემბრის საკონსტიტუციო რეფერენდუმში მემარცხენე ცენტრისტული პარტიის წინადადების დამარცხების შემდეგ, ამ მოძრაობას გაძლიერების მეტი შესაძლებლობა აქვს.

ჯერჯერობით კონსერვატორული პოპულიზმის ყოვლისმომცველი ტალღა არ შეხებია გერმანიას (გერმანიის მთავარი პოპულისტური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ჯერ კიდევ შორს არის გამარჯვებისგან), მაგრამ თუ ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში პოპულისტებმა გაიმარჯვეს, ეს აუცილებლად მოახდენს გავლენას გერმანიის შიდა პოლიტიკაზეც.

ამ ყველაფრის ფონზე შეიძლება გაჩნდეს კითხვა, თუ ვინ არიან ეს პოპულისტები, რომლებიც იმარჯვებენ და რა უნდათ.

პირველ რიგში დავიწყებ იმის განმარტებით, თუ რას ვგულისხმობ ტერმინ „პოპულიზმში“. „პოპულიზმი“ ამ სტატიაში აღნიშნავს ისეთი პოპულარული მოწოდებებით გამოსვლას, რომლებსაც ზურგს არ უმაგრებს მოვლენების რეალისტური შეფასება და არ არის ორიენტირებული პრობლემების რაციონალური გადაჭრის გზაზე. პოპულისტები, როგორც წესი, ასევე იყენებენ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის შიშებს განსხვავებული ეთნიკური, რელიგიური და სხვა სახის უმცირესობების მიმართ, იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები შეზღუდონ.

ამ სტატიაში ვეცდები პოპულისტების ეკონომიკური დაპირებები და პროგრამები განვიხილო. მათ მიერ კულტურული იზოლაციონიზმის ქადაგების ანალიზს კი მომავლისთვის გადავდებ.

თანამედროვე დასავლური პოპულიზმის გასაგებად ტრამპის მაგალითს ავიღებ. ტრამპი შესანიშნავად გამოხატავს თანამედროვე კონსერვატორული პოპულიზმის არსს: 1) ის ეწინააღმდეგება იმიგრაციას, რასაც ზოგჯერ ეკონომიკური მიზეზით ამართლებს (მაგ. ამბობს, რომ იმიგრანტები ადგილობრივ მოსახლეობას სამუშაო ადგილებს ართმევენ), ზოგჯერ - რასისტული და შოვინისტური არგუმენტებით (მაგ. მოითხოვს იმას, რომ მუსლიმებს აეკრძალოთ აშშ-ში შესვლა, ან ამტკიცებს, რომ ეთნიკურად მექსიკელი ადამიანი ვერ იქნება სამართლიანი მოსამართლე და ა.შ.); 2) ტრამპი ეწინააღმდეგება გლობალიზაციას, რადგან მიიჩნევს, რომ გლობალიზაცია ართმევს ამერიკელ მუშებს სამუშაო ადგილებს; 3) გლობალიზაციის წინააღმდეგ იგი აპირებს პროტექციონისტული ზომების გატარებას (ტარიფებისა და კვოტების დაწესებას იმპორტზე, ასევე იმ ამერიკული კომპანიების დასჯას, რომლებიც სხვა ქვეყნებში გადაიტანენ წარმოებას); 4) ტრამპის საგადასახადო პოლიტიკა არც მემარჯვენეა და არც მემარცხენე. ის აპირებს გადასახადების შემცირებას ფაქტობრივად ყველასთვის, მათ შორის ყველაზე მეტად - მდიდრებისთვის, მაგრამ ამავე დროს, არ გეგმავს სახელმწიფო ხარჯების შემცირებას, რასაც აუცილებლად მოჰყვება საგარეო ვალის ზრდა. (მემარჯვენეები, როგორც წესი, გადასახადების შემცირებასთან ერთად სახელმწიფო ხარჯებსაც ამცირებენ, რადგან საგარეო ვალის წინააღმდეგ გამოდიან; მემარცხენეები, როგორც წესი, მაღალი პროგრესული გადასახადების და ყოვლისმომცველი სახელმწიფო სოციალური პროგრამების მომხრეები არიან.)

ტრამპის ბოლო წინადადება რომ პოპულისტურია, ამაზე დიდხანს აღარ შევჩერდები (წესით, ისედაც ცხადია, რომ ამას შედეგად ასტრონომიული სიდიდის საგარეო ვალის დახვავება შეიძლება მოჰყვეს). უფრო მეტად იმაზე გავამახვილებ ყურადღებას, თუ რატომ არის გლობალიზაციის წინააღმდეგ მიმართული მისი გეგმა პოპულისტური. გლობალიზაციის წინააღმდეგ ტრამპისეული გალაშქრება პოპულისტურია ორი თვალსაზრისით: პირველი, მას წინ არ უძღვის არსებული მდგომარეობის რეალისტური შეფასება და მეორე, შესაბამისად, პრობლემის გადაჭრის გზის ყველაზე არარეალისტური გზაა შემოთავაზებული.

ის, რომ ამერიკელი მუშები ვეღარ არიან ისე სტაბილურად დასაქმებულები, როგორც ინდუსტრიული ეპოქის პიკის დროს იყვნენ, მხოლოდ იმითი კი არ არის გამოწვეული, რომ სამუშაო ადგილები გლობალიზაციის შედეგად მესამე მსოფლიოს ქვეყნებში გადავიდა, არამედ იმითიც, რომ ინდუსტრიული სექტორის (და არა მხოლოდ ინდუსტრიულის) მზარდი ავტომატიზაცია მიმდინარეობს. როგორც ნობელის პრემიის ლაურეატი, ამერიკელი ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი შენიშნავს, „გლობალიზაცია პრობლემის მხოლოდ ნაწილია. მოხდა ტექნოლოგიური გარღვევები და ამ ახალ რეალობასთან ადაპტირება რთული გამოდგა. წარმოშობით მე ვარ ინდიანის შტატიდან ქალაქ გერიდან. ეს არის ფოლადის მწარმოებელი პატარა ქალაქი. ჩვენ ახლა ზუსტად იმდენ ფოლადს ვაწარმოებთ, რამდენსაც საუკეთესო წლებში ვაწარმოებდით, უბრალოდ, ამისთვის ადრე დასაქმებული მუშების რაოდენობის ერთი მეექვსედი გვჭირდება.“

სტიგლიცს იმის თქმა სურს, რომ მსგავსი სიტუაციაა ინდუსტრიული სექტორის ბევრ დარგში: წარმოების მოცულობა უცვლელია და ზოგჯერ ბევრად აღემატება ძველ მაჩვენებლებს, მაგრამ ამ კომპანიებში დასაქმებული მუშების რიცხვი კლებულობს. გათავისუფლებული მუშების ნაწილი ახალ უნარებს იძენს (ზოგ ქვეყანაში სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული მუშებისთვის ახალი პროფესიული უნარების და ცოდნის მიწოდებაში, მაგრამ ძირითადად ეს უფრო მეტად ევროპის იმ ქვეყნებში ხდება, სადაც სახელმწიფო აქტიურად ერევა შრომითი ბაზრის რეგულირებაში. აშშ-ში ამგვარი ჩარევის ტრადიცია შედარებით სუსტია) და სხვა დარგების კომპანიებში გადადის, ნაწილი დროებით, დაბალ ხელფასზე და არასტაბილურად საქმდება (ეკონომისტები და სოციოლოგები ასეთ, არასტაბილურად დასაქმებულ ღარიბ მუშებს უწოდებენ „პრეკარიატს“. პრეკარიატი, როგორ წესი, იღებს დაბალ ანაზღაურებას, ის მუდმივად სამსახურიდან გაშვების საფრთხის წინაშეა და არ აქვს ჯანმრთელობის დაზღვევის გარანტიები), ნაწილი კი უმუშევარია და სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებს (საქართველოსგან განსხვავებით, დასავლეთის ქვეყნებში სახელმწიფო დაუსაქმებელ ხალხს უმუშევრობის დახმარებას უნიშნავს). მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი თუ აღწევს განსაკუთრებულ წარმატებას - იმას, რასაც ადრე ამერიკაში „ამერიკულ ოცნებას“ უწოდებდნენ.

ავტომატიზაციის პროცესი არ შეჩერდება, რადგან ტექნოლოგიური გარღვევების რიცხვი ექსპონენციალურად იზრდება. შარშან ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოაქვეყნეს საინტერესო კვლევა, სადაც სხვადასხვა პროფესიის ავტომატიზაციის რისკი შეაფასეს. ამ სიაში ავტომატიზაციის მაღალი რისკის შემცველ პროფესიებად, სხვებთან ერთად, მოხსენიებულია: მძღოლები (თვითმართვადი ავტომობილები სულ უფრო და უფრო მეტად გადმოდის ფანტასტიკის სფეროდან რეალობაში. 2016 წლის სექტემბერში ერთ-ერთ რეგიონულ ამერიკულ გამოცემაში, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც თვითმართვადი მანქანების მომავალზე და მასთან დაკავშირებულ სიკეთეებსა და საფრთხეებზე საუბრობს), გაყიდვების კონსულტანტები და მენეჯერები და მოლარეები (ბევრ დაწესებულებაში უკვე სპეციალური ავტომატების მეშვეობით ხორციელდება ფულადი ოპერაციები). ასევე, ამ კვლევის თანახმად, გაგრძელდება და უფრო გაღრმავდება ინდუსტრიულ სექტორში ავტომატიზაცია, რაც ამ სფეროში დასაქმებული ტრადიციული მუშათა კლასის რიცხვს კიდევ უფრო მეტად შეამცირებს.

ავტომატიზაციასთან ერთად, ეკონომიკური გლობალიზაციაც არის დამნაშავე იმაში, რომ თანამედროვე კაპიტალიზმი მუდმივად წარმოშობს სტრუქტურულ უმუშევრობას. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, გლობალიზაცია პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია. მისი გავლენა ერი-სახელმწიფოების ეკონომიკებზე შემდეგნაირად შეიძლება შევაფასოთ: კაპიტალი მუდმივად ეძებს სახელმწიფოს, სადაც იაფი და დისციპლინირებული მუშახელი, ნაკლები რეგულაცია და ეკონომიკური განვითარებით დაინტერესებული მთავრობაა. ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ასეთი იდეალური ქვეყანა ჩინეთი იყო რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი, ჩინეთი ავტორიტარული სახელმწიფოა და, შესაბამისად, მუშათა კლასის მოთხოვნები ამ ქვეყანაში დიდწილად რეპრესირებულია; მეორე, ჩინური კულტურა აქცენტს თავდაუზოგავ შრომასა და სწავლაზე აკეთებს; მესამე, ჩინეთში გარემოს დაცვის რეგულაციები მინიმალურია (რამაც ჩინეთის ზოგიერთი ქალაქი და რეგიონი შეიძლება ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენოს); და ჩინეთში მთავრობა დაინტერესებულია ეკონომიკური განვითარებით. ჩინეთის სახელმწიფო ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პროექტებით მუდმივად ხელს უწყობს კერძო სექტორის საქმიანობას. (აქ ერთი მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი დეტალია ის, რომ ჩინეთი შერეული ეკონომიკაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში სახელმწიფო ბევრი მნიშვნელოვანი საწარმოს მფლობელია. ამ თვალსაზრისით ის უნიკალურ შემთხვევად შეიძლება მივიჩნიოთ - თანამედროვე კაპიტალიზმის უმთავრეს ბენეფიციარ სახელმწიფოდ, რომელიც თავისუფალი ბაზრის დოგმატიკას ბოლომდე არ ემორჩილება.)

გლობალიზაციის ამ უარყოფით მხარეს სპეციალისტები უწოდებენ „რბოლას ფსკერისკენ“. ეს მეტაფორა კარგად აღწერს იმას, თუ როგორ ეჯიბრებიან სახელმწიფოები ერთმანეთს მუშახელის ხელოვნურად „გაიაფებაში“. მის შესაჩერებლად ერთი რომელიმე სახელმწიფოს ძალისხმევა არ კმარა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „რბოლისგან“ მთლიანად გამოთიშვა თითქმის შეუძლებელია. მთლიანად გამოსათიშად საჭიროა თავად „რბოლის“ თამაშის წესების ხელახლა დაწერა, რასაც სახელმწიფოთა კოლექტიური ძალისხმევა სჭირდება. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პოპულისტები ძირითადად ევროკავშირს და მის მიერ შექმნილ თავისუფალ ბაზარს აბრალებენ უმუშევრობას და შრომითი სტანდარტების დაწევას, მაგრამ ისინი, პირველ რიგში, სწორედ იმას არ ითვალისწინებენ, რომ ცალკეული ერი-სახელმწიფო სხვა სახელმწიფოების დახმარების გარეშე ვერ აღუდგება წინ უზარმაზარი გლობალური ბაზრის მოთხოვნებს.

გლობალური ბაზრის მოთხოვნების მთლიანად უგულებელყოფა ერთპიროვნულად ვერც ამერიკის მსგავს სუპერსახელმწიფოს ძალუძს. მით უმეტეს, შეუძლებელია ამის ბოლომდე წარმატებით განხორციელება იმ არასისტემური მეთოდებით, რითიც ტრამპი ხელმძღვანელობს. ტრამპი არჩევიდან სამ კვირაში ესტუმრა ინდიანის შტატის ქალაქ ინდიანაპოლისს, იმისათვის, რომ აღენიშნა თავისი გამარჯვება კომპანია Carrier Corporation-ის საქმეში. ეს კომპანია აპირებდა თავისი წარმოების მექსიკაში გადატანას, რასაც 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილის დაკარგვა მოჰყვებოდა ინდიანაში. ტრამპის გუნდმა გადასახადების შემცირების დაპირებით, კომპანია დაარწმუნა, რომ დიდწილად მაინც შეენარჩუნებინა თავისი წარმოება ამერიკაში. ტრამპი ასევე დაემუქრა იმ ფირმებს, რომლებსაც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს, პენტაგონთან აქვთ კონტრაქტები, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სახელმწიფო მათთან აღარ ითანამშრომლებდა.

ამის პარალელურად უკვე ჩნდება იმის ნიშნები, რომ ასეთი ინდივიდუალისტური და არასისტემური მიდგომა ყოველთვის ვერ იმუშავებს. მაგალითად, ცნობილი iPhone-ების და MacBook-ების მწარმოებელი კომპანია „ეფლი“ (Apple) ინდოეთში აპირებს ახალი საწარმოს გახსნას. “ეფლი“ ამერიკული კომპანიაა და მისი ეს ნაბიჯი ტრამპის დეკლარირებულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება. მედიაში გაჟონა „ეფლის“ აღმასრულებელი დირექტორის ტიმ კუკის (Tim Cook) მიერ თავისი თანამშრომლებისთვის გაგზავნილმა მესიჯმა, რომელშიც კუკი ამართლებს თავის ყოფნას ტრამპის მიერ მოწყობილ შეხვედრაზე: „ძალიან მნიშვნელოვანია [ჩართვა]. მთავრობებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ჩვენს ქმედებებზე. მათ შეუძლიათ დადებითი და არც თუ ისე დადებითი გავლენის მოხდენა... ჩვენ ჩავერთვებით, როდესაც ვეთანხმებით და არ ჩავერთვებით, როდესაც არ ვეთანხმებით... ჩვენ დავიცავთ იმას, რისიც გვწამს... და ასეც გავაგრძელებთ.“

კუკის სიტყვები იმის მანიშნებელია, რომ პროტექციონისტული პოლიტიკა გარანტირებულ შედეგებს ისეთ ძლევამოსილ სახელმწიფოსაც კი ვერ მისცემს, როგორიც ამერიკაა. ძალიან ძნელია კომპანიებს დაუშალო სხვა ქვეყნებში ინვესტიციების განხორციელება, თუ ისინი ამით უზარმაზარ მოგებას ნახულობენ. ისინი უკან მხოლოდ იმ შემთხვევაში დააბრუნებენ წარმოებას, თუკი მშობლიურ ქვეყანაში გარკვეული ეკონომიკური სტიმულები იქნება შექმნილი - მაგალითად, თუ მშობლიურ ქვეყანაში მუშახელის ფასი იმდენი იქნება, რამდენიც, მაგალითად, მექსიკაში ან ჩინეთშია, ან, ალტერნატიულ შემთხვევაში, თუკი მშობლიურ ქვეყანაში სახელმწიფო მუშების პროფესიულ განვითარებასა და სოციალურ დაცვას განსაკუთრებით მაღალ დონეზე უზრუნველყოფს (რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით აშშ-ზეც, თუ შედარებისთვის ცენტრალური ევროპის და სკანდინავიის ქვეყნებს ავიღებთ. ამაზე ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ).

ტრამპისეული პროტექციონიზმის წინააღმდეგ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი ისიც არის, რომ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ზოგიერთი კვლევის მიხედვით, აშშ უკვე არის მსოფლიოს ყველაზე პროტექციონისტული სახელმწიფო (აშშ რომ თავისუფალი ვაჭრობის სანიმუშო მაგალითად მოჰყავთ, იმათ ეს ფაქტი განსაკუთრებით გაუკვირდებათ). უფრო მეტი პროტექციონისტული ზომის გატარებამ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელშესახები შედეგი მოიტანოს.

ამ ყველაფერთან ერთად, ორი რამ უნდა გავითვალისწინოთ: პირველი, ის ფაქტი, რომ „რბოლა ფსკერისკენ“ არსებობს, აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი განვითარებადი ქვეყანა ავტომატურად გახდება უხვი ინვესტიციების მიმღები ობიექტი, და მეორე, მდიდარი ქვეყნებისთვის აუცილებელი არ არის მაინცდამაინც შრომითი სტანდარტების ქვემოთ დაწევა (ამის გაკეთება რაღაც აზრით შეუძლებელიც არის) და მკაცრი სავაჭრო პროტექციონისტული ზომების გატარება გლობალიზაციასთან და ავტომატიზაციასთან გასამკლავებლად. გლობალური ბაზრის ლოგიკასთან ნაწილობრივ მაინც გამკლავება (ვინაიდან შევთანხმდით, რომ სრულად გამკლავება ინდივიდუალურ დონეზე შეუძლებელია) ალტერნატიული, არახისტი გზებითაც არის შესაძლებელი, რისი დანახვაც ცენტრალური ევროპისა და სკანდინავიის ქვეყნების მაგალითზე შეგვიძლია.

პირველი ფაქტის საილუსტრაციოდ საქართველოს მაგალითის მოყვანაც საკმარისია. საქართველოში შრომითი სტანდარტები უკიდურესად დაბალ დონეზეა, მინიმალური ხელფასი ფაქტობრივად არ არის, გარემოს დაცვის რეგულაციების მუდმივად არღვევენ კომპანიები, პროფკავშირები არარსებულია და გადასახადები ძალიან დაბალია (მემარჯვენე პარტიები კი უფრო ქვემოთ დაწევას მოითხოვენ, მაგრამ უკვე იმდენად დაბალია გადასახადები, რომ მხოლოდ გაუქმებაღა თუ იქნება შემდეგი ნაბიჯი). ამის მიუხედავად, ჯერჯერობით არც ერთ სერიოზულ მულტინაციონალურ კორპორაციას არ განუხორციელებია საქართველოში სერიოზული ინვესტიცია. ამის მიზეზი ის არის, რომ ბევრის თვალში ჩვენი რეგიონი უკიდურესად არასტაბილურია, როგორც გეოპოლიტიკურად, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით (მუდმივი შიდა არეულობის საფრთხე). ბევრ ბიზნესს სტაბილურობა და გრძელვადიანი პერსპექტივა არანაკლებ აინტერესებს, უფრო მეტად თუ არა, ვიდრე დაბალი გადასახადები ან იაფი მუშახელი. შესაბამისად, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, ვიღაცას ურჩევნია მეტი ინვესტიცია განახორციელოს ჩეხეთში, სადაც მუშახელი უფრო ძვირია და გადასახადები უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში. (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში სტაბილურობის პრობლემა იქამდე იქნება, სანამ რუსეთი მუდმივ კონფრონტაციას არ შეწყვეტს დასავლეთთან და მეზობელი ქვეყნების, განსაკუთრებით, ევროპული ქვეყნების სუვერენიტეტს საფრთხეს არ შეუქმნის. ჩვენ შეგვიძლია მაქსიმუმი გავაკეთოთ და ყველანაირად განვმუხტოთ დაძაბული სიტუაცია, მაგრამ პრობლემას ვერასდროს აღმოვფხვრით, რადგან მისი სათავე კრემლის საგარეო პოლიტიკაშია.)

მეორე შენიშვნა ის არის, რომ მდიდარი ქვეყნებისთვის გადასახადების შემცირება, სოციალურ სახელმწიფოზე უარის თქმა და ხისტი სავაჭრო პროტექციონიზმი გამოსავალი ყოველთვის არ არის. ამის საუკეთესო მაგალითი სკანდინავიის და ცენტრალური ევროპის ქვეყნებია. მათ მოახერხეს ის, რომ შეინარჩუნეს თავიანთი მოქალაქეების სოციალური დაცვის მექანიზმები ისე, რომ ეკონომიკურ განვითარებასაც არ შეუქმნეს საფრთხე. მათი წარმატების გასაღები ის არის, რომ ამ ქვეყნებში სახელმწიფო მუდმივად აკონტროლებს ეკონომიკაში მომხდარ ცვლილებებს, მუშებს სთავაზობს გადამზადების ფართომასშტაბიან პროგრამებს და ხელმისაწვდომ უმაღლეს განათლებას (მათ შორის, პროფესიულ განათლებას) და კერძო კომპანიებთან მუდმივად გადის კონსულტაციებს მსოფლიო ბაზარზე კონკურენციის დასაძლევად (მაგალითისთვის, გერმანულ „შპიგელში“ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა საინტერესო სტატია, სადაც საუბარია იმაზე, რომ გერმანიის მთავრობა ცდილობს უბიძგოს გერმანულ ავტოინდუსტრიის გიგანტებს, წაახალისონ ელექტრონული მანქანების განვითარება, იმისათვის, რომ მსოფლიო ბაზარზე პოზიციები არ დაკარგონ).

სკანდინავიის და ცენტრალური ევროპის ქვეყნები, პარალელურად, ავტომატიზაციის პრობლემის გადაჭრაზეც ფიქრობენ. 2016 წლის ივნისში შვეიცარიაში გაიმართა რეფერენდუმი იმის შესახებ, უნდა შემოეღოთ თუ არა უნივერსალური საბაზისო შემოსავალი. მართალია, რეფერენდუმში მოსახლეობის 77 %-მა უარი თქვა ინიციატივაზე, მაგრამ მისმა წამოყენებამ ავტომატიზაციის თემაზე დისკუსიის გაფართოებას შეუწყო ხელი. უნივერსალური საბაზისო შემოსავლის უკან დგას იდეა, რომ თანამედროვე სამყაროში, სადაც ავტომატიზაცია გარდაუვალია, უმჯობესი იქნება, თუ ტექნოლოგიური გარღვევების შედეგად მიღებული შემოსავლით ყველა ადამიანს ღირსეული ცხოვრებისთვის საბაზისო პირობებს შევუქმნით. ამით არა მხოლოდ ადამიანების სოციალურ საჭიროებებს დავაკმაყოფილებთ, არამედ ეკონომიკასაც შევუწყობთ ხელს, რადგან უმუშევარ მოქალაქეებს საშუალებას მივცემთ, სათანადოდ მოემზადონ ახალი პროფესიების ასათვისებლად. ჯერჯერობით, არავინ იცის, თუ საბოლოოდ რა ფორმას მიიღებს ეს იდეა, მაგრამ მის გამოცდაზე საუბარი უკვე სერიოზულად მიმდინარეობს. მაგალითად, ფინეთის პარლამენტმა დეკემბერში წამოიწყო ისტორიული ექსპერიმენტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავიგოთ, თუ როგორ შეიძლება იმუშაოს მსგავსმა სისტემამ ერთი ქვეყნის მასშტაბით. ამ სისტემის საინტერესო ანალიზი მოცემულია ამერიკული „ფორბსის“ დამოუკიდებელი ავტორის სტატიაში. ისიც გვევლინება იდეის მხარდამჭერად და ამტკიცებს, რომ ეს სქემა გარკვეული ფორმით ხელს შეუწყობს დასაქმების შესაძლებლობების წახალისებას.

ამგვარად, სკანდინავიისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნები მსოფლიო ბაზრის ლოგიკის წინააღმდეგ კი არ მიდიან (რასაც ტრამპი აპირებს თავისი პროტექციონისტული პოლიტიკით), არამედ ამ ლოგიკას თავის სასარგებლოდ იყენებენ. მეორე მხრივ, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ინდივიდუალისტური ნაბიჯებით მსოფლიო ბაზრის ლოგიკისთვის მთლიანად გვერდის ავლა მაინც შეუძლებელ ამოცანად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ პროტექციონიზმივით დამღუპველი არ არის, ცენტრალურ-ევროპული და სკანდინავიური სტრატეგიაც, იმის გამო, რომ თავისი არსით ნაციონალისტური და ინდივიდუალისტურია (ინდივიდუალისტური იმ აზრით, რომ უშვებს, რომ ცალკე აღებულ ერთ ერ-სახელმწიფოს შეუძლია მთლიანად გადაურჩეს გლობალური ბაზრის გამოწვევებს) სისტემურ გამოწვევებს ყოველთვის ვერ უპასუხებს. მაგალითად, სწორედ გერმანიისთვის ახლა გადამწყვეტი მომენტია დამდგარი, რადგან თუკი ევროკავშირი დაიშლება, ის მნიშვნელოვან გასაღების ბაზარს დაკარგავს და უკიდურესად დაზარალდება. სხვა ქვეყნებში აგორებული პროტექციონისტული ტალღა მასზე აუცილებლად მოახდენს უარყოფით გავლენას (ამიტომაც ახლა გერმანიის მთავრობა განსაკუთრებით შეშფოთებული და გაღიზიანებულია ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებით).

გერმანიის მსგავსი საფრთხე ემუქრება ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც, რადგან თუ ეს ერთობა დაიშლება (რომელიც, გულწრფელად თუ ვიტყვით, იდეალურისგან ძალიან შორსაა), მარტო დარჩენილი ერი-სახელმწიფოები გლობალურ ბაზართან ბრძოლაში აუცილებლად დაზარალდებიან. დღეს დასავლეთში პოპულისტები ხალხს არწმუნებენ, რომ ყველაფრის თავი და თავი ერი-სახელმწიფოს დასუსტებაში უნდა ვეძებოთ. სინამდვილეში კი ერი-სახელმწიფოს დასუსტება მხოლოდ პრობლემის სიმპტომია. თავად პრობლემის არსი კი გლობალური კაპიტალიზმის მოწყობაშია საძებნელი. ამ პრობლემის გადაჭრას უპირველეს ყოვლისა ნაციონალისტური შიშებისა და აგრესიის გვერდზე გადადება და ცივი გონებით მოქმედება სჭირდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG