Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო კატასტროფის ზღვარზე


ბოლოს ორი კვირის მანძილზე საქართველოში სიტუაცია ორ დაპირისპირებულ მხარეს, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის იმდენად დაიძაბა, რომ შეიძლება შექმნილი ვითარება სისხლიან კონფლიქტში გადაიზარდოს. ძირითადად ასეთ ვითარებას სამი მოვლენა ქმნის: წამების კადრების გავრცელება, „რუსთავი 2“-ის საქმე და სააკაშვილის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების მოწოდებები ხელისუფლების წინააღმდეგ „რუსთავი2“-ის დირექტორ ნიკა გვარამიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიასთან სატელეფონო საუბრებში. პირველ რიგში სამივე საქმის შესახებ მკითხველს მოკლედ მოვახსენებ და შემდეგ განვიხილოთ ისიც, თუ როგორ შეიძლება ამ ვითარების გამოსწორება.

წამების კადრები პირველად უკრაინულმა ვებსაიტმა tube.ua-მ გამოაქვეყნა 17 ოქტომბერს. ეს გვერდი დღეს აღარ მუშაობს და ვიდეოც შესაბამისად წაშლილია, თუმცა მალევე წამების ახალი ვიდეოები სხვა უკრაინულმა ვებსაიტმაც გამოაქვეყნა. ამ მეორე ვებსაიტზე ეს ვიდეოები დღემდე განთავსებულია. ვიდეოებში ასახულია სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენლების მიერ ადამიანების წამება და მათზე სექსუალური ძალადობა. ვიდეოები შემდგომ ინტერნეტშიც გავრცელდა და თბილისსა და ზუგდიდში მათი საჯარო ჩვენებებიც კი მოეწყო.ზუგდიდში გამართულ ჩვენებას ესწრებოდა ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხიაც. საქართველოს სახალხო დამცველმა ამ ფაქტზე განცხადება მაშინვე გააკეთა და განაცხადა, რომ ამ კადრების გავრცელება არის უკანონო ქმედება. სახალხო დამცველის განცხადებაში ვკითხულობთ: „17 ოქტომბერს გამოქვეყნებული კადრები იძლევა გაუპატიურების მსხვერპლის იდენტიფიცირების შესაძლებლობას ხმის, ფიზიკური აღნაგობის, თმის ფერისა და სხვა ნიშნებით. მიმაჩნია, რომ აღნიშნული კადრების ამ სახით გავრცელება და საჯარო ჩვენება სამართლებრივი სივრციდან სრულიადაა გასული და მძიმე კანონდარღვევას წარმოადგენს. ზემოაღწერილი ნიშნებით მსხვერპლი შესაძლოა იდენტიფიცირებადი გახდეს მისი საახლობლო წრის მიერ, რამაც მისი ხელახალი ტრავმატიზაცია გამოიწვიოს.“

სახალხო დამცველმა ასევე მოითხოვა, რომ გასაჯაროვდეს ყველა ინფორმაცია უკანონო ჩანაწერებზე დაფუძნებული საქმეების გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.

საქართველოს მთავრობას სახალხო დამცველის მოთხოვნები არ შეუსრულებელია. კადრების გავრცელებაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ კადრების გამავრცელებლების იდენტიფიცირება შეუძლებელია, თუმცა მას არაფერი უთქვამს იმაზე, უნდა დაისაჯონ თუ არა ისინი, ვინც კადრების საჯაროდ ჩვენება მოაწყვეს. ყველა შემთხვევაში, ეს საქმე გასცდა კანონიერების ფარგლებს და მოვლენების ნორმალურ კალაპოტში დასაბრუნებლად აუცილებელია მასზე ხელისუფლებას ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს.

მეორე საქმე ეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს. ამაზე ადრე ცალკე ბლოგიც დავწერე, რომელშიც ეჭვი გამოვთქვი, რომ ადამიანი, რომელიც „რუსთავი 2“-ზე პრეტენზიას აცხადებს, თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებდა, ახლა კი, დიდი ალბათობით, ახალი ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს.ამის მიუხედავად, რამის მტკიცების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. სამართლებრივად, მართალია, საქმე მთლად „რუსთავი 2“-ის სასარგებლოდ არ არის, მაგრამ ერთი სერიოზული დარღვევის ეჭვი არსებობს.საეჭვო დამთხვევა ის არის, რომ „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის დედას ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულში, რომელიც 2014 წლის 7 იანვარს მოხდა. „რუსთავი 2“-ის ცნობით, ამ საქმის გამოძიება აქტუალური გამომძიებლებისთვის 2015 წლის ივლისის ბოლოს, ანუ ერთ წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ გახდა. გამოძიება განახლდა რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ურთმელიძე „რუსთავი 2“-ის ქონებას ყადაღას დაადებდა. ასევე, 2015 წლის სექტემბერში, სამართალდამცველებმა ურთმელიძის სიძე, რომლის ნაჯახით დაჭრაც ეჭვმიტანილ მდინარა გიორგობიანს (ურთმელიძის დედა) ედება ბრალად, დაზარალებურად ცნეს. თუ ეს ყველაფერი მართალია, უაღრესად საეჭვო დამთხვევას აქვს ადგილი.

მესამე მოვლენა, რომელიც ვითარების დაძაბვას უწყობს ხელს, არის ისევ უკრაინული ვებსაიტის მიერ (თუმცა ეს კიდევ სხვა ვებსაიტია, რომელსაც წამების ვიდეოები არ გამოუქვეყნებია) გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერები, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ტელეფონით ესაუბრება „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიგა ბოკერიას.

ორივე ჩანაწერიდან ჩანს, რომ სიტუაციის „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ შემოსაბრუნებლად სააკაშვილის რეკომენდაცია არის ბარიკადების აღმართვა „რუსთავი 2“-ის გარშემო და, საჭიროების შემთხვევაში, ფიზიკური დაპირისპირება ხელისუფლებასთან, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას დააპირებს („საჭიროა ახლა ფიზიკური დაპირისპირება, უნდა ვაჩვენოთ, რომ ეგ შეგვიძლია“ – იხ. ვიდეო 3:22 წუთზე). სააკაშვილი გვარამიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ერთადერთი გამოსავალი არის „რევოლუციურ სცენარზე წასვლა“ იმათ წინააღმდეგ, ვინც „რუსთავი 2“-ში შესვლას განიზრახავს . ნიკა გვარამიამ ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა, თუმცა მოითხოვა, რომ დაისაჯოს ის, ვინც აუდიოჩანაწერი გააკეთა. ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა გიგა ბოკერიამაც.

ვინაიდან ეს ჩანაწერი შეიძლებოდა რომელიმე მხარეს - უკრაინას ან საქართველოს - გაეკეთებინა, დარწმუნებით იმის თქმა, რომ ქართული მხარის გაკეთებულია, ძნელია. ამის მიუხედავად, ბუნებრივია, ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს გვარამიას ბრალდებებს და გამოიძიოს, უკრაინულ მხარესთან ერთად ვინ გააკეთა ჩანაწერი.

ამ ჩანაწერებზე დაყრდნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ეხება შეთქმულებას ხელისუფლების დასამხობად. ხელისუფლებამ ეს გამოძიება აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანოს და დაადგინოს, ადგილი აქვს თუ არა კანონდარღვევას.

ზემოაღნიშნულ სამ მოვლენაზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამართლებრივი ჩარჩოდან რომელიმე მხარე ან უკვე გასულია, ან მომავალში აპირებს გასვლას. ამ ყველაფრის ფონზე განსაკუთრებით არაადეკვატურია ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი განცხადება, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობა“ დემოკრატიულ ქცევას და ადამიანურად მოპყრობას არ იმსახურებს. თუ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ვერ გაართმევს თავს ქვეყნის წინაშე მდგარ სერიოზულ გამოწვევებს და აშკარად მიკერძოებულად მოიქცევა, ეს ვითარებას მხოლოდ გააუარესებს და არ გააუმჯობესებს. საჭიროა, რომ ყველა მხარე სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნდეს, თორემ საბოლოოდ, საყოველთაო განუკითხაობასა და ქაოსს მივიღებთ. მოცემულ სიტუაციაში, მხოლოდ სწრაფი, კომპეტენტური, სამართლიანი და გამჭვირვალე გადაწყვეტილებები გვიშველის.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG