Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს მოდუს ოპერანდი


აპრილში 8 წელიწადი შესრულდება მას შემდეგ, რაც ნატოს წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ ალიანსის წევრებად მიეღოთ საქართველო და უკრაინა, მათ მიერ რეფორმების „საშინაო დავალების“ შესრულებისა და ყველა იმ ეტაპის გავლის შემდეგ, რაც, როგორც შემდგომში გაირკვა, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, აუცილებლად გულისხმობდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ჯერ მიღებას და შემდეგ მის განხორციელებას.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველების უმრავლესობა დღემდე უკმაყოფილოდ ბუზღუნებს, ცხადზე ცხადია, რომ MAP-ის ეტაპს საქართველო ვერ გადაახტება და ამიტომ უპრიანია, დასრულდეს იმაზე მარჩიელობა, სჭირდება თუ არა ქვეყანას ამ ეტაპის გავლა. შეიძლება ვცდები, მაგრამ ნატოს მინისტერიალიდან მინისტერიალამდე თუ სამიტიდან სამიტამდე MAP-ის სარგებლიანობისა თუ საჭიროების შესახებ დაუსრულებელი კომენტარები არასერიოზულად წარმოაჩენს ქართველ პოლიტიკოსებსაც და ექსპერტებსაც. ხოლო მათი გავლენით, ჩვენც, მედიის წარმომადგენლებიც, 8 წელიწადია, ერთსა და იმავე შეკითხვას ვუსვამთ ნატოს გენერალურ მდივნებს, რომლებიც მდგომარეობიდან გამომდინარე იძულებულნი არიან მანტრასავით გაიმეორონ: „საქართველოს ნატოში გაწევრიანებამდე საჭიროა ალიანსის წევრებს შორის კონსენსუსის მიღწევა მისთვის (საქართველოსათვის) გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან (MAP-თან) დაკავშირებით.“

და განა ვინმე სხვა პასუხს მოელის? განა ნატომ ბოლო გაფართოების დროს ამ წესს გადაუხვია?

ღირს გავიხსენოთ, რომ 1999 წლის აპრილში ვაშინგტონის სამიტზე შემუშავებული გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, აუცილებელი ეტაპია ასპირანტი ქვეყნების ალიანსში მოხვედრისათვის. მეტიც, ამ პროგრამით გათვალისიწინებული მოთხოვნებისა და რეფორმების სრულყოფილი შესრულებაც კი არ იძლევა ალიანსში გაწევრიანების გარანტიას. და ეს პარადოქსული ვითარება იმავე ბუქარესტის სამიტზე გამომჟღავნდა, როდესაც ალიანსში დაპატიჟეს ხორვატია და ალბანეთი, მაკედონიის რესპუბლიკას კი უარი მხოლოდ იმიტომ ეთქვა, რომ საბერძნეთი ეწინააღმდეგება ყოფილი იუგოსლავიის სახელმწიფოს მიერ სახელწოდება „მაკედონიის“ გამოყენებას.

ის, რომ ალიანსის ყველა სახელმწიფომ დღემდე ვერ მოახერხა ერთი ოპონენტის, საბერძნეთის წინააღმდეგობის გადალახვა, ზოგიერთის აზრით, ნატოს ბლოკის სისუსტეზე მეტყველებს. ზოგიერთებს კი, პირიქით, სწორედ ყველა სადაო საკითხის კონსენსუსის გზით გადაწყვეტა მიაჩნიათ იმ ძალად, რაც ადუღაბებს, კიდევ უფრო აფართოებს და უნიკალურ უსაფრთხოების სისტემად აქცევს 67 წლის წინ შექმნილ დემოკრატიული ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკურ კავშირს.

ალიანსის ამ მოდუს ოპერანდის, ნატოს ასეთი ჰომოგენური ბუნების შესახებ კარგად უწყიან მაკედონიელებმა პოლიტიკოსებმაც და ჟურნალისტებმაც. ნატოს ბრიუსელის შტაბ-ბინაში ბევრჯერ ვყოფილვარ მივლინებით, მაგრამ არ მახსენდება, რომელიმე მაკედონიელ ჟურნალისტს გენერალური მდივნისათვის ეკითხოს, ბოლოს და ბოლოს ნატოში როდის მიგვიღებთო. ჯერ ერთი, რომ ამ საკითხს ნატოს გენერალური მდივანი არ წყვეტს და, მეორეც, ნატოში მაკედონიის გაწვერიანება მხოლოდ დროის საკითხია და ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს.

იმავეს თქმა, საქართველოს შესახებ, მართალია, ჯერ არ შეიძლება. მაგრამ თუ ბოლომდე გულწრფელები ვიქნებით, ბუქარესტის სამიტიდან გასული 8 წლის განმავლობაში საქართველომ ნატოსთან დაახლოების თვალსაზრისით სერიოზულ პროგრესს მიაღწია: ქვეყანას აქვს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა; შექმნილია ნატო-საქართველოს საკონსულტაციო საბჭო, რასაც შარშანწინ უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით დაემატა „არსებითი პაკეტი“ და ერთობლივი წვრთნისა და კონსულტაციების ცენტრი. ეს ყველაფერი საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ მომავალს ცოტა უფრო იმედიანად უყუროს საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, რომელიც, მართალია, ჯერ კიდევ გაჭირვებაში ცხოვრობს, მაგრამ სწორედ ნატოს მიიჩნევს ქვეყნის უსაფრთხოების ერთადერთ გარანტად და მანდატს სწორედ იმ პოლიტიკურ ძალებს აძლევს, ვინც, მთლიანობაში, შეთანხმებულია ევროატლანტიკური საგარეო პოლიტიკური ვექტორის უალტერნატივობაში.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ჯერ კიდევ კარგად არ აქვს წარმოდგენილი თავისი სტრატეგიული ინტერსების უზრუნველყოფა ეკონომიკურად სუსტ, დასავლური დემოკრატიისაგან საკმაოდ შორს მდგარ, მოუგვარებელი კონფლიქტების მქონე და რუსეთის სამხედრო ბაზებით დახუნძლულ სამხრეთ კავკასიაში, სადაც, ბრიუსელი საქართველოსთან ნაბიჯ-ნაბიჯ დაახლოებით ცდილობს შექმნას წარმატების მოდელი და საბოლოოდ გამოგლიჯოს მოსკოვს ხელიდან „ომის ნაჯახი“, რომელიც 1990-იანი წლებიდანაა აღმართული საქართველოს თავზე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG