Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატალონია: ისტორიის ყველაზე სახიფათო მუზები


ფრანკოს დიქტატურის დროს კატალონია ისტორიულ ნოსტალგიაში მონახავს „თავშესაფარს“. ფრანკიზმის პერიოდში ბარსელონა დაემსგავსება მოხუც კაცს, რომელიც თავის შვილიშვილებს ათვალიერებინებს საოჯახო ალბომის გახუნებულ ფოტოებს და თან ზღაპრებს უყვება თავის გმირულ წარსულზე. ამ ზღაპრის მიხედვით, კატალონიური ნაციონალიზმი 987 წელს იღებს სათავეს; ამ ჯადოსნური ისტორიის მიხედვით, კასტილიისა და არაგონის სამეფოს გაერთიანებამ (1469 წელი) „იმპერიული დინამიკა შეიძინა“ და კატალონიელებმა იმპერიაში ამოყვეს თავი; ამ იგავ-არაკის მიხედვით, 1700 წელს კატალონია უკვე ახლოს იყო ეროვნულ სუვერენიტეტთან, ხოლო 1700-1714 წლების ომი ეს იყო კატალონიის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის; ხოლო ამ ომში დამარცხება თურმე „წერტილს დაუსვამს კატალონიის სახელმწიფოებრიობას“... მაგრამ სად გინახავთ ნოსტალგია ვიქტიმიზაციის ან მტრის ხატის შექმნის გარეშე? და ამ ზღაპრის მისამღერის მიხედვით, კატალონია საუკუნეების მანძილზე იყო ადგილი ევროპაში, სადაც დამოუკიდებლობის ბრძოლისათვის ყველაზე მეტი სისხლი დაიღვარა. და დღეს კი კატალონია არის მდიდარი ქვეყანა, რომელსაც სისხლს სწოვს ღარიბი მადრიდი...

ნებისმიერმა ისტორიკოსმა იცის, რომ ნოსტალგია და ვიქტიმიზაცია ყველაზე სახიფათო მუზები არიან ისტორიაში. და მიუხედავად ამისა, კატალონიის მთავრობის წყალობით, ეს ზღაპრები კატალონიის სასკოლო ისტორიის წიგნებში გადაინაცვლებენ.

და რა მნიშვნელობა აქვს იმას, თუ კასტილიის სამეფოს იმპერიად გამოცხადება აბსურდია? ან იმას, რომ ნაციებზე საუბარი (კატალონიელებსა ან ესპანელებს) XVIII საუკუნის დასაწყისში სრული ანაქრონიზმია; არც ისაა ნიშანდობლივი, რომ 1700-1714 წლების ომი გახლდათ კონფლიქტი ევროპულ დინასტიებს შორის (ჰაბსბურგების, ბურბონების და ა.შ.); ან ის ვის აინტერესებს, რომ კატალონიის მოსახლეობა, გამომდინარე მისი სოციალური წარმომავლობიდან, სხვადასხვა მოწინააღმდეგეს უჭერდა მხარს ამ კონფლიქტში; არც ისაა გასათვალისწინებელი, თუ ევროპაში დღეს ესპანეთი (ბელგიასთან და შვეიცარიასთან ერთად) ყველაზე დეცენტრალიზებული დემოკრატიაა... არც ისაა ყურადსაღები, თუ ამ დეცენტრალიზაციის პირობებში ბარსელონას სრული ფისკალური ავტონომია აქვს. ზღაპარი ხომ სასკოლო პროგრამაში შევიდა და იგი უკვე ისტორიად იქცა!

დაბოლოს: ბარსელონაში აგვისტოში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, კატალონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი გამოაცხადებს, რომ მსხვერპლთა შორის იყო ორი კატალონიელი და ორი არაკატალონიელი ესპანელი. ამ ორი „არაკატალონიელი“ ესპანელიდან ერთ-ერთი იყო მალაგაში (ანდალუსია) დაბადებული და 13 წლის ასაკიდან ბარსელონაში მცხოვრები 60 წლის კაცი...

„ნაციონალიზმი არის ფუნდამენტური კავშირი, რომელიც აერთიანებს მოქალაქეებს“... შეძლებენ ერთ დღეს კატალონიელები ეს დედააზრი დაუბრუნონ სიტყვა „ნაციონალიზმს“, რომელიც საფრანგეთის რევოლუციამ მოიტანა XVIII საუკუნის მიწურულს? თუ ისინი გააგრძელებენ გზას იმ ექსკლუზიური ეთნონაციონალიზმისკენ, რომელიც უკვე ისტორიის შავ დემონებს ეარშიყება?...

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG