Accessibility links

ხშირია შემთხვევები, როცა ხსოვნა ისტორიას ანაცვლებს და ძნელია ალბათ მოიძებნოს «ხსოვნის ლოდების» ქვეშ ისე ღრმად ჩამარხული ისტორია, როგორიც მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელების გაწყვეტაა. და ამ ისტორიის სამარხზე დევს საფლავის ქვა, რომელსაც ევროპის საბჭოს და გაეროს გადაწყვეტილებით აწერია «ოსვენციმი». მაგრამ რამდენად სწორია ებრაელების საფლავის ქვაზე «ოსვენციმის» დაწერა? რამდენად სწორია ოსვენციმის გაიგივება ებრაელების განადგურებასთან?

დაახლოებით 5,7 მილიონი ებრაელი გაანადგურეს ნაცისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს. ამ 5,7 მილიონი ებრაელიდან 4 მილიონი იყო საბჭოთა და პოლონელი ებრაელი. ერთი მილიონი საბჭოთა ებრაელი იქნა მოკლული 1941 წლის ბოლო ექვს თვეში. ისინი მოკლული იქნენ ძირითადად ტყვიით. კიდევ ერთი მილიონი საბჭოთა ებრაელის იქნება მოკლული 1942 წელს. ასევე ძირითადად ტყვიით. ამავე 1942 წელს 1,3 მილიონი პოლონელი ებრაელი იქნება მოკლული, ძირითადად გაზით, ბელზეკის, სობიბორისა და ტრებლინკის სიკვდილის ბანაკებში. ასე გაგრძელდება 1945 წლის მაისამდე...

მასობრივი მკვლელობის ერთ-ერთი უკანასკნელი შემთხვევა მოხდება გერმანულ ქალაქ გარდელეგენში 1945 წლის 13 აპრილს. ამ ქალაქის ბეღელში გერმანელებს ჰყავდათ გამომწყვდეული სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეები, რომლების მოკვლაც ვერ მოასწრეს მოკავშირეების ჯარების მოახლოების გამო. 1945 წლის 13 აპრილს, დილის შვიდის ნახევარზე, SS-ის ოთხმოციოდე ჯარისკაცი, Volkssturm-ის (შეიარაღებული ადგილობრივი მოსახლეობა) და Hitlerjugend-ის (14 დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდული ნაცისტური ორგანიზაციის წევრები) დახმარებით დაიწყებს აალებადი ხელყუმბარების სროლას ბეღელში, რომელშიც ათასზე მეტი ადამიანი, ძირითადად ებრაელი, ჰყავდათ გამომწყვდეული. ხანძრისგან გაგიჟებული პატიმრები კარებს გამოანგრევენ, სადაც ისინი ტყვიამფრქვევის ცეცხლში მოხვდებიან. რამდენიმე წუთში ბეღლის კარებთან ბალახივით მოცელილი გვამებისგან საცობი წარმოიქმნება და დანარჩენ პატიმრებს ხანძარი მოუღებს ბოლოს. ოთხი დღის შემდეგ გარდელეგენში მისული ამერიკელები 1016 დანახშირებულ გვამს დათვლიან... გერჰარდ თილე, არსება, რომელიც ამ საშინელი ხოცვა-ჟლეტის ბრძანებას გასცემს, 1994 წელს გერმანიაში, გარდლეგენიდან ოთხასიოდე კილომეტრის დაშორებით, თავის საკუთარ ლოგინში წყნარად მოკვდება...

თუმცა ზოგიერთ ნაცისტ ჯალათს გერჰარდ თილესავით არ გაუმართლებს...

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 16 წლის შემდეგ იერუსალიმში, შუშის გალიაში მჯდომი არსების პროცესს ყურადღებით ადევნებდა თვალს დასავლეთი. შუშის გალიაში გამომწყვდეული არსების სახელი გახლდათ ადოლფ აიხმანი, რომელსაც 1960 წელს მოსადის აგენტები არგენტინიდან მოიტაცებენ.

«აიხმანი არ იყო არც იაგო და არც მაკბეტი. და არაფერი მისგან ისე შორს არ იყო, როგორც რიჩარდ III», - დაწერს ჰანა არენდტი თავის ცნობილ ბესტსელერში «აიხმანი იერუსალიმში, ბოროტების ბანალურობის ანგარიში».

ვინ იყო აიხმანი? მონსტრი თუ ჯოჯოხეთური მანქანის უბრალო ჭანჭიკი? «ბანალური ბოროტება!», – აი, ასე გასცემს პასუხს ამ კითხვას ჰანა არენდტი. არენდტის აზრით, შუშის გალიაში იყო გამომწყვდეული არა მონსტრი, არამედ ბიუროკრატიული მანქანის ერთი ბრმა ჭანჭიკი.

აიხმანის პროცესის შედეგად ებრაელების მასობრივი და სისტემატური გაწყვეტა ისტორიაში შევა სახელით «ჰოლოკოსტი» ან «შოა» (სიტყვა «ჰოლოკოსტი», რომელიც ძირითადად ანგლოსაქსურ ისტორიოგრაფიაში გამოიყენება, ნიშნავს მხვერპლშეწირვას და, აქედან გამომდინარე, ცოტა არ იყოს, შეუფერებელი ტერმინია. სიტყვა «შოა» ნიშნავს კატასტროფას და ეს ტერმინი ბევრად უფრო შესაფერისია ალბათ).

აიხმანის პროცესიდან მოყოლებული თუ შოა გახდება დასავლური ეთიკის შემადგენელი ნაწილი, ისრაელის ხელში იგი შეასრულებს მორალური ფარის ფუნქციას, რომელიც მას ნებისმიერი კრიტიკისგან დაიცავს. ისრაელის ზოგიერთი პოლიტიკოსის ხელში ეს ფარი შემდეგ ხმლადაც კი გადაიქცევა, რომელიც შოას საფლავის ვანდალიზებას მოახდენს: ამის ერთ-ერთი უკანასკნელი მაგალითი იქნება 2015 წლის 20 ოქტომბერს სიონისტების ნაციონალურ კონგრესზე ბენიამინ ნეთანიაჰუს განაცხადება, რომლის მიხედვით, ჰიტლერს არ სურდა ებრაელების გაწყვეტა (sic) და პალესტინის რელიგიურმა ლიდერმა, იერუსალიმის მუფტმა ალ-ჰუსეინმა აიძულა ფიურერი, დაეწვა (sic) ისინი...

არადა აიხმანის პროცესამდე თვით ისრაელშიც კი (რომლის იმჟამინდელი მოსახლეობის ერთი მესამედი ნაცისტებისგან სიკვდილს იყო გადარჩენილი), შოა არ იყო საზოგადოებრივი დისკუსიის საგანი: «შოა იყო ყველგან და არ იყო არსად» - ასე აღწერს პოეტი ხაიმ გური ამ პარადოქსულ სიტუაციას. «რაც უფრო ნაკლებს ვსაუბრობდით შოაზე, მით უკეთესად ვგრძნობდით თავს. და ასე დაისაკუთრებს ადგილს დიდი სიჩუმე», - დაამატებს ჟურნალისტი ტომ სეგევი. აიხმანის პროცესი კარდინალურად შეცვლის სიტუაციას: «აიხმანის პროცესმა გააძლიერა ჩემში ებრაელობა. (...) მხოლოდ ეხლა ვხვდები, თუ რა არის ებრაელობის საერთო ხვედრი» - დაწერს გაზეთ «დავარში» ისრაელის ერთი მოქალაქე.

რაც შეეხება დასავლეთს და პირველ რიგში შეერთებულ შტატებს, იქ აიხმანის პროცესამდე შოას ისტორიკოსები გამომცემელსაც კი ვერ პოულობდნენ: მაგალითად, რაულ ჰილბერგს, იმ პერიოდის შოას ყველაზე დიდ სპეციალისტს, 6 წელი ცდა მოუწევს და მხოლოდ აიხმანის პროცესის შემდეგ მოახერხებს აწ უკვე კლასიკურ ნაშრომად ქცეული წიგნის, «ევროპელი ებრაელობის განადგურების», გამოქვეყნებას. მაგრამ გაივლის სულ რაღაც თხუთმეტი-ოცი წელი და ამერიკის შეერთებული შტატები გახდება შოას ხსოვნის ძირითადი ცენტრი. შოას ამერიკანიზაცია კი მის გლობალიზაციას გამოიწვევს.

ამ პერიოდიდან მოყოლებული შოა დასავლეთში გახდება თანამედროვე მორალის უნივერსალური წყარო (სხვათა შორის, ის, თუ რა ადგილი უკავია დასავლეთში შოას, ზუსტად აქვთ გაცნობიერებული აღმოსავლეთში: 2006 წელს დანიურ ჟურნალში გამოქვეყნებული მუჰამედის კარიკატურების საპასუხოდ ირანის პრეზიდენტი აჰმადინეჯადი თეირანში კარიკატურების თემად არა ქრისტიანულ რელიგიას, არამედ შოას აირჩევს და განსაკუთრებულ აქცენტს ანა ფრანკის პორნოგრაფიულ ნახატებზე გააკეთებს).

ჰანა არენდტის წიგნი «აიხმანი იერუსალიმში» 1963-ში გამოქვეყნებიდან ძალიან მალე დასავლეთში ბესტსელერი გახდება და მისი ზეგავლენა უდიდესი იქნება შემდგომი თაობების ფილოსოფოსებზე და ზოგადად ინტელექტუალებზე.

და მიუხედავად ამისა, ჰანა არენდტი ყველაფერში შეცდება: ადოლფ აიხმანი არ იყო ბანალური ბოროტება, იგი არ იყო უბრალო ჭანჭიკი, უბრალო ბრმა ნაწილი ნაცისტური სიკვდილის მანქანაში. სინამდვილეში აიხმანი გახლდათ ინიციატივით აღსავსე ფანატიკოსი ნაცისტი, რომელსაც მუდმივად სჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო აღსრულებულიყო ნაცისტური ოცნება – დედამიწა ებრაელების გარეშე. არც თვითონ ნაცისტური სიკვდილის მანქანა გახლდათ რობოტიზებული, საათივით აწყობილი, ეფექტიანი ბიუროკრატიული მექანიზმი, როგორსაც არენდტი დახატავს. პირიქით, ნაცისტების სიკვდილის მანქანა იყო ანარქიული და ებრაელების განადგურება არა ბიუროკრატიულმა სისტემამ, არამედ ბიუროკრატიის არარსებობამ გახადა შესაძლებელი.

მკითხველს არ ეგონოს, რომ ჰანა არენდტის პროკურორის როლში გამოვდივარ. პირიქით, არენდტი იყო ალბათ პირველი, ვინც ჯერ კიდევ 1951 წელს დაინახა, რომ ჰიტლერისა და სტალინის მიერ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების განადგურება გახდა ებრაელების გაწყვეტის წინაპირობა. უბრალოდ, აიხმანის პროცესის დროს ჰანა არენდტის მთავარი პროფესიული შეცდომა (ამ შემთხვევაში როგორც ჟურნალისტის) ალბათ ამ პროცესისადმი ზედაპირული მიდგომა იყო: არენდტი იერუსალიმში გაემგავრება, რათა ჟურნალ New Yorker-ისთვის დაეწერა სტატიები აიხმანის პროცესზე. მაგრამ არენდტი პროცესზე, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა, მხოლოდ სამი კვირა დაყოფს. ჰანა არენდტი რომ პროცესს სრულად დასწრებოდა, მოესმინა აიხმანისთვის, შეიძლება ოდნავ სხვა დასკვნები გამოეტანა... დასანანი ისიცაა, რომ ამ წიგნმა «დათვური სამსახური» გაუწია თვით ავტორს: მიუხედავად იმისა, რომ «აიხმანი იერუსალიმში» არენდტის ყველაზე ცუდი წიგნია, დღემდე რჩება მკითხველში ყველაზე პოპულარულად და ავტორის სავიზიტო ბარათად.

მაგრამ მთავარი ის არაა, რომ ჰანა არენდტი შეცდა. მნიშვნელოვანი ისაა, რომ აიხმანის პროცესმა და ამ პროცესის შესახებ ჰანა არენდტის წიგნმა, ამ წიგნის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დებატებმა, უდიდესი როლი ითამაშეს ისრაელის და გერმანიის ნაციონალური იდენტობის ჩამოყალიბებაში.

სხვათა შორის, ალბათ გერმანიის ნაციონალური იდენტობის მშენებლობაში კიდევ უფრო დიდი როლი ითამაშეს, რადგან ამ დებატებში ჩაერთნენ, გერმანელმა ისტორიკოსებმა და ფილოსოფოსებმა (ერნსტ ნოლტემ, იურგენ ჰაბერმასმა, თეოდორ ადორნომ, მაქს ჰორკჰაიმერმა და სხვებმა), რომლებსაც მე-XX-ე საუკუნის ბოლო დეკადებში ერთმანეთთან «ხელჩართული» ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული, რომ დაედგინათ ნაცისტური სიკვდილის მანქანის ე.წ. გენოტიპი. ეს ინტელექტუალები პირზე დუჟმოდებული კამათობდნენ, ნაციზმის ფესვები გერმანულ რომანტიზმში, რუსულ ბოლშევიზმში თუ კიდევ სხვა ისტორიულ ფენომენში უნდა ეძებნათ. თუმცა, ეს ფილოსოფოსები ნაცისტური გენოტიპის ძებნის მაგივრად, გერმანიის დადანაშაულება-გამართლებით იყვნენ დაკავებული და ამგვარად ცდილობდნენ გერმანული ეროვნული იდენტობის ფორმირებას. ეს იყო ცივი ომის პერიოდი, როდესაც არქივები (პოლონური, საბჭოთა) ჯერ კიდევ დახურული იყო და, ერთი მხრივ, ნოლტეს და, მეორე მხრივ, ჰაბერმასის წყაროებმოკლებული, ციდან მოტანილ არგუმენტებზე დამყარებული დასკვნები, სულ მცირე, გულუბრყვილო და მიამიტი გახლდათ...

ამ ყველაფრის დაწერა მიმაჩნია მნიშვნელოვანად, რადგან შოა ზედმეტად თეორეტიზებულია, ზედმეტად ინტელექტუალიზებულია, ამის შედეგად ისტორიისგან «გამოშიგნულია» და მთლიანად დამარხულია ხსოვნის ქვეშ. ამის გამო კი ევროპის ისტორიის ყველაზე ტრაგიკული სურათი აბსოლუტურად დეფორმირებულია. და ევროპის საბჭოს და გაეროს გადაწყვეტილება, რომ ოსვენციმის განთავისუფლების დღე გახდეს შოას მსხვერპლთა ხსოვნის დღე, ამ დეფორმირებული ჯაჭვის ბოლო რგოლია: ოსვენციმის ბანაკში გაზის კამერებმა დაიწყეს ფუნქციონირება 1943 წლის გაზაფხულზე, ანუ როცა დაღუპული ებრაელების საერთო 5,7 მილიონიდან სამი მეოთხედი უკვე განადგურებული იყო. ოსვენციმი იყო ადგილი, სადაც, დიდი გამონაკლისის გარდა, არ დაუხოცავთ პოლონელი ან საბჭოთა ებრაელები.

ერთი გერმანელი ფილოსოფოსი ამბობდა, რომ არ შეიძლება ადამიანის მაგალითად სოკრატეც კი დაასახელო, რადგან ამით შენ ის სოკრატამდე დაგყავს და ამგვარად ამ ადამიანს რაღაც თვისებებს უკარგავ. არ ვიცი, ადამიანს რა თვისება შეიძლება დაეკარგა, მაგრამ ერთი რამ ნათელია: შოას ოსვენციმამდე დაყვანა გამორიცხავს ებრაელების მსხვერპლის უდიდეს ნაწილს. შოას საფლაზე ოსვენციმის ქვის დადება გამორიცხავს იმ პოლონელ და საბჭოთა ებრაელებს, რომლებიც იყვნენ ნაცისტების ძირითადი სამიზნე, რომლებიც წარმოადგენენ საერთო მსხვერპლის ორ მესამედს და რომელთა უმეტესი ნაწილი არა გაზის კამერებში, არამედ მათივე ამოთხრილი თხრილის წინ ნაცისტური ტყვიით იქნა მოკლული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG