Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მხიარული პანაშვიდი


25 დეკემბერს ზოგი შობას, ზოგი კი საბჭოთა სისტემის გაქრობის 25 წლისთავს ზეიმობს. თუმცა მოვლენები, რომლებიც საბჭოთა კავშირის გარადაცვალებამდე განვითარდა, სულაც არ გვიქადდა Happy End-ს.

1979 წლის 27 დეკემბერს ავღანეთში საბჭოთა არმიის შეჭრის შემდეგ, ერთმა ფრანგმა სასოწარკვეთილმა ფილოსოფოსმა დამდეგი 1980 წელი საბჭოთა ჰეგემონიის პირველ წლად გამოაცხადა. ეს ფილოსოფოსი ერთადერთი არ იყო, ვინც ასე პესიმისტურად ფიქრობდა და თვით ეს პესიმიზმიც ძალზედ გამართლებული ჩანდა: ანგოლიდან დაწყებული და კუბით დამთავრებული - დასავლეთი ყველა ფრონტზე უკან იხევდა.

(შეიძლება დაახლოებით იმავე სურათის მოწმეები ვიყოთ დღეს, როცა, ერთის მხრივ, დასავლეთი ყველა კონტინენტზე კარგავს პოზიციას სულ უფრო და უფრო აგრესიული რუსეთის წინაშე და, მეორე მხრივ, დასავლეთის ჟურნალები წლის ყველაზე ძლიერ პიროვნებად პუტინს ასახელებენ).

ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეჭრიდან გაივლის სულ რაღაც 12 წელი და საბჭოთა კავშირი ქვიშის კოშკივით ჩამოინგრევა. რა არის 12 წელი ისტორიისათვის? რა მოხდა ასეთი ამ 12 წელიწადში, რომ მსოფლიო ჰეგემონი ქვიშის კოშკად გადააქცია და რუქიდან გააქრო?

ან იქნებ ბევრს შეეშალა, როცა ჩათვალა, რომ 1980 საბჭოთა ჰეგემონიის პირველი წელი იყო და კრემლის ექსპანსიის მიზეზი არა მოსკოვის სიძლიერე და დასავლეთის სისუტე, არამედ სუსტი მოსკოვის ნების შეუპოვრობა და ძლიერი დასავლეთის უნებობა იყო?...

და იქნებ დღესაც, როდესაც რუსულ ექსპანსიონიზმს ვაკვირდებით, დაახლოებით იმავე სურათის მოწმეები ვართ? იქნებ რუსეთი, რომლის ეკონომიკა უფრო მცირეა, ვიდრე ნიუ-იორკის, კალიფორნიის ან კიდევ ტეხასის შტატისა, არც ისეთი საშიში მტერია? იქნებ დასავლეთის უნებობაა უფრო საშიშია ვიდრე რუსეთის აგრესია? იმ დასავლეთის, რომლის ლიდერიც ამომრჩეველზეა დამოკიდებული და რომლის იზოლაციონისტურად დანწყობილ მოქალაქეს არ უნდა მორიგ „მისიონერულ“ ომში თავისი შვილების გაგზავნა...

მაგრამ დავუბრუნდეთ 25 წის წინ განვითარებულ მოვლენებს: 25 წლის წინ საბჭოთა კავშირის გაქრობა ბევრმა დამკვირვებელმა საოცრებად შერაცხა. მაგრამ იყო ეს მართლა საოცრება? თუ, პირიქით, ეს გაქრობა მრავალწლიანი საბჭოთა პოლიტიკურ-ეკონომიური მარაზმით განპირობებული კანონზომიერება გახლდათ? და იქნებ საოცრება არა უბრალოდ გაქრობაში, არამედ უსისხლო გაქრობაში მდგომარეობდა (რაზეც სამწუხაროდ იშვიათად საუბრობენ)? ის, რომ 25 წლის წინ კომუნისტური უტოპია, ტოტალიტარული სისტემა, ისე ჩამოინგრა, რომ თითქმის არავინ არ მოიყოლა ქვეშ, იქნებ ეს გახლდათ „მსოფლიოს მერვე საოცრება“?

სიტყვა „თითქმის უსისხლო“ შეიძლება ვინმეს ყურში მოხვდეს, მაგრამ თუ გავიხსენებთ იუგოსლავიის დაშლით გამოწვეულ სისხლიან მდინარეებს, მაშინ ალბათ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ „დიდი ტყუილის ქვეყნის“ (როგორც საბჭოთა კავშირს ერთი ხორვატი მწერალი უწოდებდა) ჩამონგრევა „ხავერდოვნად“ მოხდა. შევეცადოთ წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, კრემლის წაქეზებით საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებში კომპაქტურად დასახლებულ რუსულენოვან მოსახლეობას ავტონომიების შესაქმნელად რეფერენდუმი რომ გამოეცხადებინა და შემდეგ ამ „ავტონომიების დასაცავად“ მოსკოვს საჯარისო შენაერთები გაეგზავნა...

რა ადგილი უკავია საბჭოთა კავშირის კოლაფსში ისეთ სიღრმისეულ ძალებს, რომლებიც გრძელვადიან კვალს ტოვებენ ისტორიაში და რომლებსაც ჩვენ სოციო-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დემოგრაფიულ და იდეოლოგიურ პრობლემებად მოვიხსენიებთ? და რა ადგილი აქვს საბჭოთა სისტემის გაქრობაში შემთხვევითობას?

და ბოლოს: ისტორიაში ხშირად ხდება, როცა მოვლენის გამოძახილსა და მის ჭეშმარიტ ისტორიულ მნიშვნელობას შორის მანძილი დიდია. ასე მაგალითად, ჩვენ გვიჭირს იმის დაჯერება, რომ 1492 წელს კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენამ შეუმჩნევლად ჩაიარა. დღეს კი, პირიქით, მედიას ძალუძს ნებისმიერი ლოკალური მოვლენა მსოფლიო მასშტაბის დრამად აქციოს და ჩვენი დღევანდელი ემოცია ზეგინდელ ისტორიად შერაცხოს.

დღეს დასავლეთის კოლექტიურ მეხსიერებაში, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის მოვლენათა შორის მხოლოდ ბერლინის კედლის დაცემას აქვს მინიჭებული პლანეტალური ისტორიული მოვლენის რანგი. რამდენად არის ეს მედიის დამსახურება? იქნებ ბერლინის კედლის დანგრევაში უფრო მეტია ემოცია, ხოლო საბჭოთა სისტემის გაქრობაში კი, პირიქით, ისტორია გადაწონის?... და, საერთოდ, როგორ განვასხვავოთ ემოცია ისტორიისგან? თუ ამას ჩვენს მაგივრად დრო გააკეთებს?...

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG