Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამყარო, რომელიც კაფკასაც კი განაცვიფრებდა


20 დეკემბერს რუსეთი აღნიშნავს ჩეკისტების დღეს. მართლაც, რომ ცოტა რამ მეტყველებს სახელმწიფოს ბუნებაზე ისე კარგად, როგორც მისი დღესასწაულები...

100 წლის წინ, 1917 წლის 7 დეკემბერს (20 დეკემბერს ახალი წესით), ლენინი შექმნის ВЧК-ს (ვეჩეკას), ბოლშევიკური რეჟიმის ფარსა და ხმალს. ВЧК-ს და მისი შთამომავლების (ГПУ-ОГПУ-НКВД და აშ) მიზანი გახლდათ „ხალხის მტრების“ განადგურებით საზოგადოების გარდაქმნა. Homo Sovieticus-ის ჩამოყალიბების პარალელურად ბოლშევიკების „ფარ-ხმლით“ მოახერხებს საკუთარი თანამშრომლებისაგან ახალი ტიპის ადამიანის - პროფესიონალი ჯალათის - ინკუბაციას.

დასაწყისში ВЧК-ს არ ჰქონდა ჯალათის სპეციალური სტატუსი. პროფესიონალი დამხვრეტების ფუნქცია, ე.წ. ჯალათის ინსტიტუტი, მოგვიანებით, 20-იანი წლების დასაწყისში დამკვიდრდება. ეს მოხდება სრულიად ბუნებრივად: ვინაიდან ბოლშევიკები თვლიდნენ, რომ საზოგადოებაში მტრები გეომეტრიული პროგრესიით მრავლდებოდნენ, წითელი ტერორის მასშტაბიც შესაბამისად იზრდებოდა. ხოლო ვინაიდან დახვრეტას ერთსა და იმავე პირებს ავალებდნენ, ნელ-ნელა, რამდენიმე ჩეკისტი, ნამდვილ სტახანოველად გადაიქცევა. მოსკოვში ასე გამოიბრძმიდება 12 VIP ჯალათი. დიდი ტერორის განმავლობაში ზუსტად ამ თორმეტ ჯალათს მიანდობენ 20 761 ადამიანის დახვრეტას ბუტოვოს პოლიგონზე, მოსკოვის ე.წ. გოლგოთის მთაზე.

სიკვდილის ეს თორმეტი მოციქული არა მარტო ერთად კლავდა, არამედ ასევე ერთად სვამდა, საერთო საყვარლები ჰყავდა (ერთ საყვარელს სტალინის დაცვის უფროს ვლასიკთან ერთადაც კი ინაწილებდნენ) და ოჯახებიც თითქმის ყველას ერთად ჰყავდა დაბინავენული ბოლშაია კომსომოლსკაიას 3 და 5 ნომრებში (ასე ხომ უფრო ადვილად გააკონტროლებდნენ ისინი ერთმანეთს!).

სიკვდილის ამ თორმეტ მოციქულში ყველაზე გამოჩენილი იქნება ვასილი ბლოხინი, განთქმული ტყავის სპეცტანსაცმლით, რომელშიც იგი ეგვიპტელ ქურუმს უფრო წააგავდა, ვიდრე ბანალურ მკვლელს. 1895 წლის 7 იანვარს სუზდალის მახლობლად, პატარა სოფელში, ლოთი გლეხის ოჯახში დაბადებულ ვასილ ბლოხინს ბოლშევიკური რევოლუცია მოსწყვეტს მიწას და 1921 წლის მაისში ВЧК-ს რიგებამდე მიიყვანს.

ძალიან მალე იგი სახელს გაითქვამს როგორც ყველაზე პროფესიონალი დამხვრეტი. 1936 წელს ვასილი ბლოხინი ენაკავედეს შეფ იაგოდასგან საათსაც კი მიიღებს საჩუქრად. როგორც გენრიხ იაგოდა წერდა ბრძანებაში, მისი დასაჩუქრება ხდებოდა „პროფესიულად მუდმივი დახელოვნებისა და წინსვლის გამო“. მალე იაგოდა ბლოხინის დახელოვნების დონეს საკუთარ თავზე (ან, უფრო ზუსტად, კეფაზე) იგემებს.

ბლოხინი ნამდვილად უზადო მკვლელი იყო - არავინ ისე ზუსტად არ იცოდა რა კუთხით უნდა დაეხარა როგორც იარაღის ლულა, ისე მსხვერპლის თავი, რომ ჯალათს მსხვერპლის სისხლი სახეში არ შესხმოდა. ვინაიდან, როგორც ბლოხინის ერთ-ერთი კოლეგა იგონებდა: „ჩვენ ყოველთვის თან გვქონდა ერთი ვედრო არაყი და ერთი ვედრო ოდეკოლონი. არაყს ვსვამდით გონების დაკარგვამდე. რაც გინდა თქვი და ჩვენი სამუშაო ძალზე მძიმე იყო. ისე ვიღლებოდით, რომ ხანდახან ფეხზე ძლივს ვიდექით. ოდეკოლონით კი ტანს ვიბანდით წელზევით. სხვანაირად ვერ ვიშორებდით ვერც სისხლის და ვერც დენთის სუნს. სიმყრალის გამო ძაღლებიც კი გვერიდებოდნენ და თუ გვიყეფდნენ, მხოლოდ შორიდან“.

თუმცა ჯალათების პრობლემები ამით არ მთავრდებოდა: „სიკვდილმისჯილები ზოგჯერ ‘გაუმარჯოს სტალინს!’ ყვიროდნენ და ისე კვდებოდნენ. ეს რომ ‘ზევით’ გაიგეს, რეზოლუცია მოვიდა რომ სიკვდილმისჯილთა შორის აუცილებლად ჩატარებულიყო საგანმანათლებლო სამუშაო (!), რათა ასეთ შეუსაბამო მომენტში ბელადისათვის ჩირქი არ მიეცხოთ...“

მოსკოველი ჯალათები ისე იყვნენ გადაღლილი დახვრეტებისგან, რომ ბლოხინის ერთ-ერთი კოლეგა ასფიქსიის მანქანასაც (ე.წ. „დუშეგუბკა“) კი გამოიგონებს. ენკავედეს ფანტაზია აქაც წინ უსწრებდა ნაცისტებისას - წლები გავა, სანამ ნაცისტები დაიწყებენ მანქანის გამონაბოლქვით ხალხის დახოცვას... სხვათა შორის, ხალხის დახვრეტის პროცედურა ჩეკისტებსა და ნაცისტებს ერთნაირი ჰქონდათ: მსხვერპლს აუცილებლად საცვლების ამარა ტოვებდნენ და ისე ხვრეტდნენ. შემდეგ, ისე როგორც მოგვიანებით ნაცისტები, გვამებს წვავდნენ, რათა არანაირი კვალი არ დარჩენილიყო სიკვდილმისჯილებისგან. ჩეკისტების კრემატორიუმს ხელმძღვანელობდა დენიკინის თეთრი არმიის ყოფილი პოლკოვნიკი და ყოფილი პოლიტემიგრანტი პეტრე ნესტერენკო. ჩეკისტები ნესტერენკოს წარსულზე თვალს ხუჭავდნენ, რადგან თეთრ პოლკოვნიკს ევროპაში ჰქონდა შესწავლილი კრემაციის ნოვატორული მეთოდები და ორგანოებისათვის უცვლელი კადრი აღმოჩნდება. სხვათა შორის ნესტერენკოს გახსნილ კრემატურიუმს და ოსვენციმის (აუშვიცის) კრემატორიუმს ერთი და იგივე გერმანული ფირმა უმზადებდა ღუმლებს...

ბლოხინს ანდობდნენ ყველაზე გამოჩენილი პატიმრების დახვრეტას: მათ შორის იყვნენ როგორც მისი ყოფილი შეფები (იაგოდა და ეჟოვი), პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი ეიხე, მარშალი ტუხაჩევსკი, ასევე ცნობილი რეჟისორები თუ მწერლები: ვსევოლოდ მეიერხოლდი, მიხაილ კოლცოვი, ისააკ ბაბელი.

სამწუხაროდ, ბლოხინს არა მარტო საკუთარი შეფების, არამედ საკუთარი რამდენიმე კოლეგის დახვრეტაც მოუწევს. თვით ბლოხინის სიცოცხლეც ორჯერ ეკიდა ძაფზე და ორივეჯერ მისმა პროფესიონალიზმმა გადაარჩინა: ჯერ იაგოდას დახვრეტის შემდეგ ეჟოვი დააპირებს ბლოხინის დახვრეტას, შემდეგ კი უკვე ეჟოვის დაპატიმრების შემდეგ, ბერია გადაწყვეტს ეჟოვის დამქაშის დახვრეტას, მაგრამ ენკავედეს შეფები ორივეჯერ მტკიცე უარს მიიღებენ ბელადისგან.

ბლოხინი, ჯალათის პროფესიისათვის ძალზე ხანდაზმულ, 60 წლის ასაკში მოკვდება საკუთარ ლოგინში და მას დიდი პატივით დაასაფლავებენ მოსკოვის ნოვოდევიჩის VIP სასაფლაოზე (ბლოხინისგან განსხვავებით, თითქმის ვერც ერთი მისი გალოთებული ან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვედრილი კოლეგა ვერ მიაღწევს 40-50 წელს).

რაც შეეხება ბელადს, სტალინი ყოველთვის გულუხვად ასაჩუქრებდა თავის პირად ჯალათს: ლენინის ორდენოსანი, სამგზის წითელი დროშის ორდენოსანი, ბლოხინი კატინში პოლონელი ტყვეების დახვრეტის ორგანიზების გამო საჩუქრად მიიღებს ავტომანქანა პობედას. ხოლო მეორე მსოფლიო ომის დამთავრებს შემდეგ, ჯუღაშვილი მას დიდი სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენითაც კი დააჯილდოვებს... და ეს მიუხედავად იმისა, რომ არასდროს უომია და ფრონტის ხაზიდან ასეული კილომეტრის დაშორებით ხვრეტდა ნაცისტების მტრებს. მაგრამ ალბათ ბელადი ჩათვლის, რომ ბლოხინს 15 ათასამდე დახვრეტილი ადამიანით უფრო მეტი ჰქონდა გაკეთებული ომში გამარჯვებისათვის, ვიდრე წინა ხაზის მეომრებს...

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG