Accessibility links

ერთი ცნობილი ფრანგული ანეკდოტის მიხედვით სტალინის სიკვდილის შემდეგ გაფითრებული და აკანკალებული პრეზიდიუმის (პოლიტბიუროს) წევრები შეიკრიბებიან სათათბიროდ, თუ ვინ აიღებდა თავის თავზე მძიმე მისიას და აცნობებდა ბელადს, რომ იგი უკვე მკვდარი იყო.

სინამდვილეში ყველაფერი ცოტა სხვანაირად მოხდა. სტალინიზმის, როგორც ფენომენის, მორიგი პარადოქსი გახლდათ ის ფაქტი, რომ ამ სისტემის დემონტაჟი დაიწყება ბელადის სიკვდილამდე ერთი დღით ადრე: 1953 წლის 4 მარტს, ბერია და მალენკოვი, „ძველი გვარდიის“ სხვა წევრებთან შეთანხმებით, უბრალო ბიუროკრატიული ფანდის საშუალებით გააუქმებენ სტალინის მიერ 1952 წლის ოქტომბერში შექმნილ პრეზიდიუმს (პოლიტბიუროს) და შექმნიან ახალს. ხოლო 5 მარტს, სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე (სტალინი გარდაიცვალა მოსკოვის დროით 21 საათსა 50 წუთზე) ახალი პრეზიდიუმის წევრები ბელადს გაათავისუფლებენ მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის და ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის პოსტებიდან. ამგვარად, სტალინი სიცოცხლის ბოლო საათებს უმუშევრის სტატუსში გაატარებს...

სტალინის სიკვდილს ყველა საბჭოთა მოქალაქე იგრძნობს საკუთარ თავზე, დაწყებული პოლიტბიუროს წევრებით და დამთავრებული გულაგის პატიმრებით: ბერია გულაჩუყებულ მოლოტოვს საკნიდან პირდაპირ კაბინეტში მიუყვანს მეუღლე პოლინა ჟემჩუჟინას, ხოლო სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლები პირველად შეძლებენ ნორმალურ სამუშაო დღეზე გადასვლას - სტალინის პეიოდში „სტრატეგიული“ მნიშვნელობის სამინისტროები ბელადის განრიგის მიხედვით, ანუ შუადღიდან დილის 2-3 საათამდე მუშაობდნენ.

ციხიდან გამოვლენ „ექიმი-მავნებლები“, მათ შორის სტალინის პირადი ექიმი ვინოგრადოვი („ექიმი-მავნებლების“ საქმე გახლდათ სტალინის მიერ მომზადებელი უკანასკნელი „საჩვენებელი პროცესი“). „ექიმი-მავნებლების“ შემდეგ, 27 მარტს, გულაგის მილიონ ორასი ათასი პატიმრის განთავისუფლების ჯერი დადგება.

მე ერთ-ერთ ჩემს წინა ბლოგში უკვე ვახსენე, რომ საბჭოთა კავშირის ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოს მონაცემების თანახმად, 1952 წელს მოქალაქის დღიური საშუალო საკვები ნორმა (რომელიც მხოლოდ დიდ ქალაქებში სრულდებოდა) უფრო ნაკლები გახლდათ, ვიდრე ნაცისტური გერმანიის საოკუპაციო რეჟიმის მიერ 1940 წელს დაწესებული ნორმა ოკუპირებული საფრანგეთისათვის.

აქედან გამომდინარე, 1953 წლის მარტში, ისეთი „ორასპროცენტიანი სტალინისტებიც“ კი, როგორებიც იყვნენ მოლოტოვი, ვოროშილოვი და კაგანოვიჩი (ასე უწოდებდნენ ისინი საკუთარ თავს), ხვდებოდნენ, რომ სტალინისტური სისტემის გაგრძელება აღარ შეიძლებოდა.

ჯუღაშვილის სიკვდილის შემდეგ სოფლის მეურნეობა პირველად ამოისუნთქებს: ბელადის მემკვიდრეები არა მარტო შეამცირებენ გადასახადების ტვირთს კოლმეურნეზე, მაგრამ ასევე გაზრდიან მოსავლის ჩაბარების ფასს.

ბელადის მემკვიდრეები გაყინავენ 1952 წელს სტალინის მიერ მიღებულ ძალზედ ძვირადღირებულ ჯარის გადაიარაღების პროექტს. დაზოგილი ფულადი სახსრები ძირითადად საცხოვრებელი სიტუაციის გაუმჯობესებაზე დაიხარჯება. ბარაკებში შეყუჟული საბჭოთა მოსახლეობა (საბინაო ნორმა, რომელიც არ სრულდებოდა, ერთ სულ მოსახლეზე 4,5 კვადრატული მეტრი იყო) მალე ამ ცვლილებას საკუთარ თავზე იგრძნობს - დაიწყება ე.წ. „ხრუშჩოვკების“ მშენებლობა.

სტალინის სიკვდილს მალე საბჭოთა კავშირის ე.წ. სატელიტური ქვეყნებიც იგრძნობენ საკუთარ თავზე: 1953 წლის ივნისში აღმოსავლეთ ბერლინში და გდრ-ის სხვა ქალაქებში მუშები გაიფიცებიან. ეკონომიური მოთხოვნები ძალიან სწრაფად პოლიტიკურში გადაიზრდება. მალე მათ მხარს აუბამენ მუშები ჩეხოსლოვაკიის ქალაქ ბრნოში. 2 ივნისს, მიუხედავად ხრუშჩოვისა და მოლოტოვის წინააღმდეგობისა, ბერია აიძულებს პრეზიდიუმის წევრებს, მიიღონ დოკუმენტი, რომელიც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას „ურჩევდა“, შეენარჩუნებინა კაპიტალიზმის ელემენტები და არ ეჩქარა სოციალიზმის მშენებლობის გზაზე.

13 ივნისს ბერიას დამსახურებით, უნგრეთში იმრე ნადი სტალინისტ მატიას რაკოშის შეცვლის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის პოსტზე და დასაბამს მისცემს უნგრულ დესტალინიზაციას.

ივლისის დასასრულს კორეის პატარა სოფელ პანმუნჟომში ხელი მოეწერება ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ჩრდილო და სამხრეთ კორეას შორის.

ასე, იოსებ ჯუღაშვილის სიკვდილიდან სულ რამდენიმე კვირაში, მისი თანამებრძოლები შეძლებენ სტალინისტური სისტემის აბსოლუტურად სხვა სისტემით ჩანაცვლებას.

დაიწყება ე.წ. „დათბობა“.

კრიპტოსტალინსტებს ხშირად უყვართ სტალინიზმის რელატივირება და დიდი ბელადის ნაპოლეონთან შედარება: თურმე სტალინი ნაპოლეონის მსგავსად არაერთგვაროვანი ისტორიული ფიგურა გახლდათ… ნაპოლეონად ქცეული ბონაპარტეს მემკვიდრეობა ნამდვილად მრავალფეროვანი არის, ხოლო ჯუღაშვილის კი პირიქით - ძალზედ ერთფეროვანი. დღეს საფრანგეთში, დასავლეთის ერთ-ერთ უძველეს დემოკრატიაში, ჩვენ ყოველ ნაბიჯზე ვხედავთ ნაპოლეონის „ეპოპეის“ ნაკვალევს - დაწყებული განათლების სისტემით და დამთავრებული ქვეყნის ადმინისტრაციული მოწყობით. სტალინისტური სისტემა კი, - რომელიც, ბელადის აზრით, საუკუნოვანი იყო, - შემქმნელის სიკვდილთან ერთად ჩამოინგრევა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG