Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიგითი ბრედლი მენინგი და „ვიკილიკსი“


ბრედლი მენინგი (შუაში)
ბრედლი მენინგი (შუაში)
აშშ-ის სამხედრო სასამართლოში დაიწყო მოსმენა რიგითი ბრედლი მენინგისათვის სასჯელის შეფარდებაზე. ეს პროცესი, შესაძლოა, მთელი თვე გაგრძელდეს. ბრედლი მენინგი არის პირი, რომელმაც 2010 წელს საიდუმლო ინფორმაცია გადასცა ინტერნეტპორტალ „ვიკილიკსს“. სასამართლომ მენინგი დამნაშავედ ცნო ბრალდების 20-მდე მუხლით, მათ შორის, დამნაშავედ ცნო ჯაშუშობაში, თუმცა გაათავისუფლა ყველაზე მძიმე - მტრისთვის დახმარების გაწევის - ბრალდებისაგან. „ვიკილიკსთან“ დაკავშირებული სკანდალის გამო, ბრედლი მენინგის საქმე დიდ ყურადღებას იწვევს.

25 წლის რიგითი ბრედლი მენინგი - დაზვერვის ყოფილი ანალიტიკოსი - აღიარებს, რომ 2010 წელს, ერაყში ყოფნისას, ინტერნეტპორტალ „ვიკილიკსს“ მიაწოდა ასიათასობით სამხედრო და დიპლომატიური დოკუმენტი. მათ შორის არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დიპლომატიური მიმოწერა, ერაყსა და ავღანეთში სამხედრო ოპერაციების შესახებ შეტყობინებები, ბრძოლის ველზე ჩაწერილი ვიდეომასალა. მთელი ამ მასალის უდიდესი ნაწილი „ვიკილიკსმა“ ინტერნეტში გამოაქვეყნა.

ვაშინგტონის ადმინისტრაციის შეფასებით, შედეგად, საფრთხე შეექმნა სამხედრო და დიპლომატიურ წყაროებს, რომელთაგანაც შეერთებული შტატები მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებს, და დაიძაბა შეერთებული შტატების მთავრობის ურთიერთობა სხვა ქვეყნების მთავრობებთან.

მერილენდის შტატში, ფორტ მიდის სამხედრო ბაზაზე ორთვიანი სასამართლო პროცესის მსვლელობაში, პროკურორებმა ბრედლი მენინგი წარმოსახეს მოღალატედ, რომელმაც იცოდა, რომ გამჟღავნებულ საიდუმლო მასალას ამერიკის მტრები წაიკითხავდნენ. მენინგი ამ ბრალდებას უარყოფს.

მისი ადვოკატები განმარტავენ, რომ ბრედლი მენინგს, როგორც ინფორმატორს, სურდა სამხედრო დანაშაულებზე ინფორმაციის გასაჯაროება და სურდა გამოეწვია დებატები შეერთებული შტატების სამხედრო და საგარეო პოლიტიკის ირგვლივ.

ბრედლი მენინგის ამ მოტივებს სრულიად ლეგიტიმურად მიიჩნევენ საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებისა და გამჭვირვალობის მომხრეები, მათ შორის „ვიკილიკსი“, რომელმაც მენინგის დამნაშავედ ცნობას „ეროვნული უშიშროების სახიფათო ექსტრემიზმი“ უწოდა.

ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია მენინგის დამნაშავედ ცნობის შესახებ, განცხადება გააკეთა ჯულიენ ასანჟმა - „ვიკილიკსის“ დამფუძნებელმა. ის ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებს თავს, რათა თავიდან აიცილოს, მისი აზრით, შეერთებულ შტატებში შესაძლო გასამართლება.

„ბრედლი მენინგის მიერ ინფორმაციის გასაჯაროებამ ფარდა ახადა სამხედრო დანაშაულებს, გამოიწვია რევოლუციები და საჭირო გახადა დემოკრატიული რეფორმა. ის ნამდვილი ინფორმატორია. პირველად ხდება, რომ ჯაშუშობის ბრალდებით ვერდიქტი გამოაქვთ ინფორმატორისათვის შეერთებულ შტატებში. ეს არის სახიფათო პრეცედენტი და ეროვნული უშიშროების ექსტრემიზმის მაგალითი. ეს არის არაშორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება, რომელსაც არ შეიძლება შევურიგდეთ და ის უნდა გაუქმდეს. შეუძლებელია საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება ჯაშუშობა იყოს“, - განაცხადა ასანჟმა. მისი თქმით, „ვიკილიკსი“ არ გაჩერდება, სანამ ბრედლი მენინგს არ გაათავისუფლებენ.

მენინგის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ასევე „პრესის თავისუფლების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ტრევორ ტიმმა. „ეს არის მცდელობა, სიგნალი გაუგზავნონ მომავალ ინფორმატორებს, რომ პრესისათვის საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება დაუსჯელი არ დარჩება. სამწუხარო ვითარებაა, როცა ადამიანს, რომელსაც საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება სურს „დანაშაულით“, რომელიც არ არის ძალადობრივი და არავის ვნებს, მაინც 100 წელიწადზე მეტი ხნით პატიმრობა ემუქრება“, - უთხრა ჩვენს რადიოს „პრესის თავისუფლების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

ბრედლი მენინგის დამნაშავედ ცნობას, როგორც მოსალოდნელი იყო, დადებითი გამოხმაურებაც მოჰყვა. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის უშიშროების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ როჯერსი მენინგს მიიჩნევს ბოროტმოქმედად, რომელმაც ბოროტად ისარგებლა იმით, რომ ხელი მიუწვდებოდა საიდუმლო ინფორმაციაზე; ბოროტად ისარგებლა საზოგადოების ნდობით და ზიანი მიაყენა შეერთებული შტატების უსაფრთხოებას. ამ შეფასების მომცველ ტექსტში, რომელიც კონგრესმენმა სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ გაავრცელა, მენინგივით ბოროტმოქმედად არის მოხსენიებული ედვარდ სნოუდენი - აშშ-ის უშიშროების სამსახურის ყოფილი კონტრაქტორი, რომელმაც, როგორც ცნობილია, ასევე გაავრცელა საიდუმლო ინფორმაცია და ამჟამად თავს აფარებს მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის სატრანზიტო ზონას.

თუმცა ბრედლი მენინგის მიერ „ვიკილიკსისათვის“ მიწოდებული მასალები გაცილებით დიდი მოცულობისაა. საქმე ეხება საიდუმლო მასალის გასაჯაროების ყველაზე მასშტაბურ შემთხვევას შეერთებული შტატების ისტორიაში.
XS
SM
MD
LG