Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედა ინფორმატორი იყო კომუნისტების დროს? როგორ გახლიჩა ფილმმა ბულგარული ოჯახი


კადრი ფილმიდან „ვხედავ წითელ ადამიანებს“. კინორეჟისორი ბოჟინა პანაიოტოვა (მარცხნივ) დედასთან, მილენა მაკარიუსთან ერთად.
კადრი ფილმიდან „ვხედავ წითელ ადამიანებს“. კინორეჟისორი ბოჟინა პანაიოტოვა (მარცხნივ) დედასთან, მილენა მაკარიუსთან ერთად.

2018 წლის დოკუმენტური ფილმის - „ვხედავ წითელ ადამიანებს“ ბოლოში, რომელიც მოგვითხრობს ახალგაზრდა ბულგარელ ქალზე, რომელიც თავისი ოჯახის კომუნისტურ წარსულს იკვლევს, რეჟისორის დედა შვილს ეუბნება: „ჩემი სიმართლე შენ არ გეკუთვნის“.

ეს ის მომენტია, როცა დედას, მილენა მაკარიუსსა და შვილს, ბოჟინა პანაიოტოვას შორის ურთიერთობა ფსკერამდეა დასული, რადგან ფილმის გადაღებისას გაირკვა, რომ დედა, როგორც არქივებიდან ჩანს, ბულგარეთის კომუნისტური ხელისუფლების საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა. ახლა, როცა ფილმის გამოსვლიდან ოთხი წელია გასული, მაკარიუსი, დედა, ამ ამბის თავის ვერსიას გვიყვება წიგნში სახელწოდებით „ჟანას დოსიე“. „ჟანა“ უშიშროების სამსახურიდან კურატორის მიერ მისთვის შერქმეული კოდური სახელია.

„ჟანას დოსიეს“ გარეკანი
„ჟანას დოსიეს“ გარეკანი

„ეს წიგნი მხოლოდ ამ ფილმზე პასუხი არ არის, წიგნზე უფრო მიბიძგა ფილმმა“, უთხრა მაკარიუსმა რადიო თავისუფლების ბულგარულ სამსახურს. მაკარიუსი, ფრანგული შუა საუკუნეების ლიტერატურის მკვლევარი, რომელიც საფრანგეთში, ლიმოჟის უნივერსიტეტში ასწავლის, თავის წიგნში წერს, რომ ცდილობს მოძებნოს პასუხები იმ შეკითხვებზე, რომლებიც მას, საკუთარ თავსა და მის გარშემო მყოფ სხვა ადამიანებზე, ადრე, თავისი ქალიშვილის ფილმის ნახვამდე არ დაუსვამს.

პანაიოტოვა 8 წლისა იყო, როცა 1989 წელს ბერლინის კედელი დაეცა და ოჯახი, მეცნიერი დედა და მხატვარი მამა, საფრანგეთში გადასახლდნენ.

2010-იან წლებში პანაიოტოვამ ბულგარეთში რამდენჯერმე იმოგზაურა და შეიქმნა ფილმი, რომელშიც ავტორი სოციალიზმის პერიოდში თავისი ოჯახის წარსულს იკვლევს და ამ პროცესის კულმინაცია ხდება ის მომენტი, როცა ის არქივში თავისი დედის საქმეს - „დოსიეს“ პოულობს.

ბულგარეთში, კომუნისტური ბლოკის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოში, საიდუმლო არქივები გაიხსნა 2006 წლის შემდეგ, ბევრად უფრო გვიან, ვიდრე შუა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში.

ბევრი მიესალმა არქივების გახსნას, როგორც კომუნისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულის მხილებისთვის საჭირო ნაბიჯს. სხვები შიშობდნენ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლებოდა უსამართლოდ დაედანაშაულებინათ, რადგან კომუნისტური რეჟიმის უშიშროების სამსახურები კოლაბორაციონისტებისა და ინფორმატორების რიცხვს ხელოვნურად ზრდიდნენ ხოლმე.

1970-იანი წლების ბოლოს მაკარიუსი სტუდენტი იყო, თარჯიმნად მუშაობდა ხოლმე და ხშირი ურთიერთობა ჰქონდა უცხოელებთან, კერძოდ, საფრანგეთის საელჩოში. მისმა კურატორმა (უშიშროების სამსახურიდან), რომელსაც ის უბრალოდ, მეგობრად მიიჩნევდა და თვეში ერთხელ ხვდებოდა ყავის დასალევად, სტუდენტი ქალი რეგისტრაციაში გაატარა, როგორც შტატგარეშე თანამშრომელი კოდური სახელით „ჟანა“. ფილმში, საიდუმლო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი აღიარებს, რომ მათთვის სრულიად ნორმალური იყო „აგენტების გამოგონება“, რათა შტატგარეშე თანამშრომლების ქსელი გაზრდილიყო, თუნდაც ქაღალდზე.

„ამაზრზენია“, ამბობს მაკარიუსი დოკუმენტურ ფილმში, როცა მას თავის დოსიეს უჩვენებენ.

მის საქმეში არაფერი წერია კონკრეტულად, არც დრო, ან დავალება, ან მსგავსი რამ, მხოლოდ აღნიშნულია, რომ შტატგარეშე თანამშრომელია და გადაიბირეს პატრიოტიზმის ნიადაგზე. არა მხოლოდ შემაძრწუნებელი აღმოჩენა, რომ მისი დედა შეიძლებოდა ყოფილიყო ჯაშუში, იწვევდა დაძაბულობას ოჯახში, არამედ პანაიოტოვას დაუღალავი სურვილი, ეს ყველაფერი გადაეღო, თუნდაც სიმართლე მიუღებელი ყოფილიყო.

„რადგან ეს აღმოჩენები ჩვენ ერთად გავაკეთეთ ფილმის გადაღებისას, თვით ფილმში, მე ძალიან კარგად მესმოდა, რომ თუ ამ საქმეს ჩამოვშორდებოდი, ეს იქნებოდა ... თვითბრალდება, - ამბობს მაკარიუსი, - და დასტური, რომ მე დანაშაულს ვაღიარებ“.

უყურეთ: „ვხედავ წითელ ადამიანებს“, ფილმის ტრეილერი

დედა და შვილი შეთანხმდნენ, რომ ჩართული კამერის გარეშე ერთმანეთს აღარ შეხვდებოდნენ, სანამ ფილმზე მუშაობა არ დასრულდებოდა.

მაგრამ ფილმის ბოლოსკენ, მაკარიუსი გაღიზიანებული იყო, მოთმინების ფიალა აევსო, აღარ უნდოდა ქალიშვილთან სკაიპით ურთიერთობა, ეშინოდა, რომ საუბარი ჩაიწერებოდა.

„რადგან ეს აღმოჩენები ჩვენ ერთად გავაკეთეთ, ფილმის გადაღებისას, თვით ფილმში, მე ძალიან კარგად მესმოდა, რომ თუ ამ საქმეს ჩამოვშორდებოდი, ეს იქნებოდა ... თვითბრალდება...“
მილენა მაკარიუსი

რეჟისორის მამამ, რომელიც მაკარიუსს გაშორებულია, რეჟისორს ბრალად დასდო, რომ ის ფანატიკოსია, რომ ბრმად განსჯის, და ქალიშვილი შეადარა ლეგენდარულ კომუნისტ პიონერს, რომელიც საკუთარ მამას „კა-გე-ბეში“ აბეზღებდა.

„შეუძლებელი იყო შესვენების გამოცხადება. აი, ფილმი დასრულდებოდა და ცხოვრებაც გაგრძელდებოდა. არა, ასეთი რამ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო“, ამბობს მაკარიუსი.

თავისი ქალიშვილის ფილმში მონაწილეობისას, ამბობს მაკარიუსი, ის იძულებული გახდა ისეთი საკითხებისთვის გაესწორებინა თვალი, რომლებსაც ადრე ირიდებდა.

სოციალიზმის პერიოდში ამაზე არ ვფიქრობდი, ახალგაზრდა ვიყავი და სხვა საქმეები მქონდა, ახალგაზრდული ცხოვრებით ვცხოვრობდი, - ამბობს ის.

მას შემდეგ, რაც საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, მალევე დაავიწყდა ბულგარეთის რეალობა.

ამ რაღაცებს ზურგი ვაქციე, ამბობს ის. „ფილმმა კი მაიძულა წარსულში დაბრუნება, უკვე სრულიად შეგნებულად... და ყველაფერზე თავიდან დამაფიქრა“.

მაკარიუსისთვის მთავარი თემა, რომელიც წარმოიშვა ფილმის გადაღების დროს და მოგვიანებით, როდესაც წიგნს წერდა, იყო შიში.

„მაგრამ იმისთვის, რომ წინ წავიდეთ, ჩემი თაობა წინ უნდა აღუდგეს ამ წარსულს მაშინაც, თუ ეს ჩვენ არასრულყოფილ შვილებად და განაწყენებულ მშობლებად გადაგვაქცევს“.
ბოჟინა პანაიოტოვა

„არ ვიცოდი, რომ შიშში ვცხოვრობდი, - ამბობს ის, - პირველად მივხვდი, რომ ვცხოვრობდი საზოგადოებაში, სადაც შიში იყო ჰაერის ნაწილი, რომელითაც ვსუნთქავდით. ის იმდენად რეალური იყო, რომ უბრალოდ მივეჩვიეთ. მას არ ხედავთ, ის თქვენ შიგნითაა და არა თქვენ თვალწინ“.

სახელმწიფო უშიშროებაში თავისი საქმის გარდა, მაკარიუსმა ასევე აღმოაჩინა ნათესავების ისტორიები, დეტალები, რომლებიც აქამდე არასოდეს გაუგია.

„მკითხველისთვის არა მხოლოდ საინტერესოა ტოტალიტარული რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლის კიდევ ერთი ისტორიის წაკითხვა, მას აქვს ასევე შესაძლებლობა, ნახოს, როგორ ხვდება ადამიანი დღეს ამ ამბებს, როგორ ირეკლება ისინი ჩემნაირი ადამიანის ცნობიერებაში“, ამბობს მილენა მაკარიუსი.

თავის წიგნში, მაკარიუსი აკრიტიკებს თავისი შვილის ექსტრემისტულ მიდგომას. დედას ჯერ კიდევ არ ჩამოუყალიბებია პასუხები შვილის შეკითხვებზე. ერთი მხრივ, არაფერი უნდა დაიმალოს, თორემ შემდეგი თაობა უცოდინარი დარჩება ამ მხრივ. ის თვლის, რომ „მეხსიერების და ისტორიის გადაცემა არ უნდა შეწყდეს“.

მაგრამ, თუ „სიმართლეს უბრალოდ გაავრცელებთ“, ის შეიძლება მძიმე ტვირთად გადაიქცეს, ამბობს მაკარიუსი და მოჰყავს ბულგარელი ისტორიკოსის, ფილოსოფოსისა და ლიტერატურის კრიტიკოსის, ცვეტან ტოდოროვის თეზა, რომ თუ ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს ტოტალიტარიზმი, თავიანთ შვილებს მოუყვებიან იმის შესახებ, რაც თავს გადახდათ, მათი შვილები ვერ შეძლებენ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას. „არა მგონია, ერთი პასუხი არსებობდეს, მაგრამ შეკითხვა საინტერესოა და მისი დასმა საჭიროა“, ამბობს მაკარიუსი.

XS
SM
MD
LG