Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცეცხლოვანი პერფორმანსი მოსკოვში


პიოტრ პავლენსკიმ ცეცხლი წაუკიდა უშიშროების ფედერალური სამსახურის შტაბბინის კარს.
პიოტრ პავლენსკიმ ცეცხლი წაუკიდა უშიშროების ფედერალური სამსახურის შტაბბინის კარს.

9 ნოემბერს მოსკოვში დააკავეს რუსი ხელოვანი, პიოტრ პავლენსკი, რომელსაც ვანდალიზმში ადანაშაულებენ. მიზეზი? მან ღამით პერფორმანსი ჩაატარა მოსკოვში, უშიშროების ფედერალური სამსახურის შტაბბინასთან, და ცეცხლი წაუკიდა ამ, კა-გე-ბე-ს მემკვიდრე, ორგანიზაციის კარს.

ვიდეო, სათაურით „იწვის ლუბიანკის კარი“, გვაჩვენებს მუქ ფერებში ჩაცმულ გამხდარ ახალგაზრდა კაცს, რომელიც ღამით ქუჩაში დგას, ხელში საწვავის კანისტრა უჭირავს და კამერას უყურებს, მის ზურგს უკან კი ცეცხლი აქვს წაკიდებული უშიშროების ფედერალური სამსახურის სათავო ოფისის კარს - ლუბიანკად ცნობილი იმ შენობის კარს, რომლის სახელის ხსენებაც კი ათწლეულების განმავლობაში შიშის ზარს სცემდა საბჭოთა კავშირის მკვიდრთ. ფოტოებსა და ვიდეოზე ვხედავთ გამხდარ ახალგაზრდა კაცს სწორედ იმ სამსახურის შენობასთან, რომელიც საბჭოთა პერიოდის უშიშროების სამსახურის, კა-გე-ბე-ს, მემკვიდრეა, რომელშიც კა-გე-ბე აწარმოებდა ოპონენტების დაკითხვას, აწამებდა, აპატიმრებდა, ზოგ შემთხვევაში ხოცავდა მათ.

ვიდეოფილმის დაახლოებით 30-ე წამზე პოლიციელი მირბის პავლენსკისთან და მას აკავებს.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახური 9 ნოემბრის დილას დაუკავშირდა ხელოვანის ადვოკატს, ოლგა ჩავდარს, იმის გასარკვევად,თუ სად და როგორ არის პიოტრ პავლენსკი.

„პიოტრი ამჟამად იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს მეშჩანსკის რაიონის განყოფილებაში. სულ ხუთი წუთი მოვახერხე მასთან ურთიერთობა. მითხრა, რომ სადღაც ღამის პირველ საათზე დააკავეს - 20 წუთში მას შემდეგ, რაც კარს ცეცხლი მოეკიდა. მიიყვანეს უშიშროების ფედერალური სამსახურის განყოფილებაში, სადაც დილის 5 საათამდე აწვალებდნენ ერთადერთი შეკითხვით, ვისი სიკვდილი გინდოდაო, რაზეც პიოტრმა უპასუხა, რომ, რასაკვირველია, არავის სიკვდილი არ სურდა, რომ ასეთი განზრახვა არ ჰქონია. როგორც მან განმარტა, უშიშროების ფედერალური სამსახური თვითონ სჩადის ტერორისტულ აქტს ხალხთან მიმართებით, როცა უკანონოდ აკისრებს უდანაშაულო ხალხს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“, - უთხრა ჩვენს რადიოს რუსი ხელოვანის ადვოკატმა, ოლგა ჩავდარმა.

31 წლის პავლენსკი ცნობილია შოკისმომგვრელი აქციებით, რომელთა შორისაც იყო ტუჩების ამოკერვა პანკი აქტივისტების მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის, საკუთარი ყურის ბიბილოს მოჭრაფსიქიატრიულ კლინიკასთან, სხეულის გარკვეული ნაწილის მიჭედება მოსკოვში, კრემლის მახლობლად...

განცხადებაში, რომელიც ვიდეოსთან ერთად გავრცელდა, პავლენსკი წერს, რომ ლუბიანკის კარის დაწვა არის ხელთათმანი, რომელიც საზოგადოებამ ესროლა ტერორისტულ საფრთხეს და რომ რუსეთის უშიშროების სამსახური მუდმივი ტერორის მეთოდს იყენებს და შიშში აცხოვრებს 146 მილიონ ადამიანს.

პავლენსკიმ პერფორმანსის მოწმეებად მიიწვია ჟურნალისტები, მათ შორის, დამოუკიდებელი ტელეკომპანია „დოჟდის“ თანამშრომელი ვლადიმირ რომენსკი, რომელიც ინციდენტის ადგილზევე დააკავეს, კიდევ ერთ ჟურნალისტთან ერთად. ჩვენების მიცემის შემდეგ პოლიციელებმა ორივე გაათავისუფლეს.

თავად პერფორმანსის ავტორს, „ვანდალიზმის“ ბრალდებით, სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG