Accessibility links

საშობაოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა მოხუცებმა კონცერტი გამართეს. სათნოების სახლი „კათარზისი“ მათ უკვე მეცამეტე წელია მასპინძლობს მუსიკალური კონკურსით. მონაწილეები წელს კახეთიდან, გურიიდან, ქართლიდან ჩამოვიდნენ ამ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა ამბობენ, რომ გამარჯვებაზე საინტერესო მათთვის იქ შექმნილი ატმოსფერო და ერთმანეთთან ურთიერთობაა.

ლუიზა დუდაევი-ასკილაშვილი ფანდურს აწყობს და სცენაზე გამოსასვლელად ემზადება. ერთ საათში მუსიკალური კონკურსი უნდა დაიწყოს, სადაც მასთან ერთად კიდევ 24 მონაწილეა. მონაწილეებს შორი ს ლუიზა დუდაევი ერთ-ერთი ყველაზე უმცროსია - 71 წლის. უხუცესი მონაწილე კი ამ კონკურსში 89 წლისაა.

„ხნიერი ხალხი რომ ასე გამოვყავართ და პატივს გვცემენ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანიაო“, ამბობს ლუიზა დუდაევი. კიდევ ერთი მონაწილე გვერდიდან სიტყვას აშველებს, რომ ზრუნავენ, არ დაგავიწყდესო. ის ეთანხმება, და აგრძელებს: „გვიხარია, ახალგაზრდობას ვიგონებთ, რომ ვტრიალებთ და სცენაზე გამოვდივართო“.

კონცერტის დაწყებამდე მონაწილეები პატარა ოთახში არიან შეკრებილები. რამდენიმერიგად ჩამწკრივებულ სკამებზე სხედან, საუბრობენ და თავიანთ ნომრებს იმეორებენ.

ზოგიერთს ამ ყოველწლიურ კონცერტში მონაწილეობა ბევრჯერ მიუღია, ზოგი კი პირველად არის. თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდნენ თელავიდან, თეთრიწყაროდან, ბოლნისიდან, ახალციხიდან, ყვარლიდან, ახმეტიდან, ქარელიდან და ჩოხატაურიდან.

გურამ ბურდილაძე ქარელიდან ჩამოვიდა. ამბობს, რომ კონკურსში გამარჯვება არ აინტერესებს, მისთვის მთავარი სიმღერაა: „სიმღერა ჩემთვის ისევეა, როგორც პური მოგშივდეს. თუ სადმე გამოჩნდა შესაძლებლობა, ყველგან ვმღერიო“.

სხვა მონაწილეებიც მოსწონს - დღეს ძალიან ბევრი კარგი ხმა მოვისმინეო.

კონცერტისთვის მონაწილეები საგანგებოდ გამოეწყვნენ. ზოგი კლასიკურ, ზოგი ტრადიციულ ტანსაცმელში. 82 წლის თეიმურაზ კერესელიძეს ყაბალახი აქვს მოსხმული და, ჩონგურით ხელში, გურულ ხალხურ სიმღერას კონკურსის სხვა მონაწილეებთან ხმებში შლის.

ამასობაში კონცერტის დაწყების დრო ახლოვდება და მონაწილეები ერთმანეთს ამხნევებენ.

მონაწილეების გარდა კონცერტის დაწყებას მაყურებლებიც მოუთმენლად ელოდებიან. ვისაც ადგილი სცენასთან არ შეხვდა, „კათარზისის“ შენობაში საგანგებოდ მომზადებულ ორ დარბაზშია შეკრებილი, რომ წარმოდგენას დიდ ეკრანზე უყუროს.

ცოტაც და წამყვანი ჟიურის წევრებს დაასახელებს და კონცერტიც დაიწყება.

ჟიურის 6 წევრი მოგვიანებით გამოავლენს წლის ბებოს და ბაბუს, რომლებსაც სხვადასხვა საჩუქარი გადაეცემათ.

პირველ სიმღერას 83 წლის თინათინ ასპანიძე ასრულებს. სცენაზე გამოსვლამდე დარბაზს აღელვებულ მზერას ავლებს, კიბიდან ფრთხილად ჩამოდის და შემდეგ დოლის, აკორდეონისა და მაყურებლის ტაშის თანხლებით ცეკვას იწყებს.

მოხუცების გამოსვლა მაყურებლის აღფრთოვანებას იწვევს. ნომრიდან ნომრამდე ტაში არ წყდება. ისინი მღერიან, ენერგიულად ცეკვავენ, თუმცა მთელ კონცერტს მაინც გასდევს სევდიანი განწყობა. მოხუცების უმეტესობა აქ მარტო მოვიდა, ამბობენ, რომ კონკურსში გულშემატკივარი ერთმანეთის გარდა არავინ ჰყავთ. „ჩემთვის ვისღა სცალია, ერთი შვილიშვილი მყავს და ისიც გუშინწინ გერმანიაში გაფრინდაო“, ამბობს 83 წლის ციალა მაჭარაშვილი, ბოლნისელი.

თუმცა ზოგიერთი ცდილობს, ამ ყველაფერს იუმორით შეხედოს. 77 წლის სულიკო ხეტეშვილის შესრულებულ შაირებზე მაყურებლებმა ბევრი იცინეს.

ყოველ გამომსვლელს ჟიური 10-ქულიანი სისტემით აფასებს.

მოხუცები ყოველ დაბალ ქულას უკმაყოფილო მზერით ხვდებიან, თუმცა წესი ასეთია - მხოლოდ ორმა უნდა გაიმარჯვოს. საბოლოოდ, წლის ბებია და ბაბუა ორი უხუცესი მონაწილე გახდა - 89 წლის ვარდო თოდრია და 88 წლის იოსებ ხუცურაული.

გამარჯვებულების გამოვლენით კონცერტი მთავრდება, თუმცა, როგორც ზოგი მონაწილე დასაწყისშივე ამბობდა, ამ კონკურსში დამარცხებულები არ არიან და მათთვის მთავარი მაინც ერთმანეთთან ურთიერთობა იყო.

ცოტა ხანში მოხუცების ნაწილი სახლში გაემგზავრება, ნაწილი კი იქვე, „კათარზისში“, მოხუცთა თავშესაფარში, განაგრძობს ცხოვრებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG