Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩაკეტილი ახალგორი და სამი დაკავებული საქართველოს მოქალაქე


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ახალგორის მიმართულებით გადაადგილება დღეს, 25 აგვისტოს, დილიდან აიკრძალა. 26 აგვისტოს ცხინვალში რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის აღიარების დღეს აღნიშნავენ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, თუმცა ამ აღიარებას დე ფაქტო რესპუბლიკების საყოველთაო ცნობა არ მოჰყოლია და რუსეთს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ მიბაძა. სადღესასწაულო ღონისძიებების გამო თვითაღიარებულ რესპუბლიკაში 25 და 26 აგვისტო დასვენების დღეებად არის გამოცხადებული, ამიტომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში იმედი აღარ აქვთ, რომ შაბათს დაკავებულ მათ თანასოფლელებს დღეს გამოუშვებენ.

მამა-შვილი ავთანდილ და შოთა აწკარუნაშვილები მეზობელ სოფელ ხურვალეთში თივის საყიდლად იყვნენ წასული. სოფლის განაპირას არსებულ მინდორში რუსეთის სასაზღვრო უწყების წარმომადგენლებმა ისინი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. მათთან ერთად დაკავებულია ილია კუდუხაშვილიც. მესაზღვრეებმა მათი კუთვნილი მანქანა და ხელის ტრაქტორიც წაიღეს. სამივე დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. ხურვალეთში აცხადებენ, რომ მინდორი, სადაც მამა-შვილის დაკავება მოხდა, სოფლის საკუთრებაა და დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი და მავთულხლართები ამ ადგილიდან მოშორებით არის დამონტაჟებული. თვითმხილველების თქმით, რუსეთის მესაზღვრეები სოფლის სიღრმეში იყვნენ შემოსულები და წინა დღეებშიც ამ ტერიტორიას ზვერავდნენ. დაკავებულთა ოჯახის წევრებმა ამ ამბის შესახებ სამართალდამცავებისგან შეიტყვეს. მათი თქმით, ცხინვალში შესაბამის დოკუმენტაციას ითხოვენ, რათა ადგილზე სასამართლო პროცესი ჩატარდეს და დაკავებულები 2 000-რუბლიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლონ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის გოჩა რატიანის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ეს ინციდენტი უკვე ცნობილია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ კი ცხელი ხაზი აამუშავა და დაკავებულთა გასათავისუფლებლად მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ახალსოფელში დაკავებულთა გათავისუფლებას ცხინვალში სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულების შემდეგ ელოდებიან.

XS
SM
MD
LG