Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩატაევს გაათავისუფლებენ?


პანკისელები ახმედ ჩატაევის გათავისუფლებას მოითხოვენ
please wait

No media source currently available

0:00 0:02:15 0:00
გადმოწერა
პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩნები, რომლებიც 4 დეკემბერს, იუსტიციის სამინისტროს შენობის წინ შეკრებილები, ახმედ ჩატაევის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, მინისტრთან შეხვედრის შემდეგ შინ დაიმედებულები დაბრუნდნენ. მიღებულია მტკიცე დაპირება, რომ ლოპოტის ხეობის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ჩეჩენის, ახმედ ჩატაევის საქმე, რომელსაც მისი მხარდამჭერები შეთითხნილს უწოდებენ, სამართალს აუცილებლად მიაგნებს. რა აჩენს დაკავებულის გათავისუფლების იმედს?

აბდულა ცათიაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სამშაბათს გამართულ აქციაზე ახმედ ჩატაევის გათავისუფლებას მოითხოვდა. აქციის სხვა მონაწილეების მსგავსად, წამოყენებული მოთხოვნის საფუძველი მისთვისაც მარტივი ჭეშმარიტებაა - ახმედ ჩატაევი უდანაშაულოა და ის უკანონოდ არის დაკავებული:

”ნუთუ ხდება მსოფლიო პრაქტიკაში ეგეთი რამე, როცა ადამიანი მიდის მოსალაპარაკებლად და ამ დროს ღალატით იქნა დაჭრილი კაცი და დაგდებული, შემდგომში კიდე გადაყვანილი საპყრობილეში და დღემდე არავითარი ბრალდება არა აქვს. როგორ ექნებოდა მოსალაპარაკებლად მისულ ადამიანს ან იარაღი, ან ამდაგვარი რამე?”

არაერთ გულშემატკივარს, პანკისის ხეობაში თუ სხვაგან, მტკიცედ სჯერა, რომ ახმედ ჩატაევი მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეგნებულად გაწირეს: ჩეჩნებს შორის დიდი ავტორიტეტით მოსარგებლე, ჯერ ლოპოტის ხეობაში შუამავლის როლის შესასრულებლად ჩაიყვანეს, ხოლო შემდეგ დაჭრეს და მოგვიანებით, ყალბი ჩვენებების საფუძველზე, დააკავეს. აქვე ვთქვათ, რომ რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში დაბადებული 32 წლის ახმედ ჩატაევი, რომელსაც ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსი მიანიჭეს, სახელდება კავკასიის საემიროს ხელმძღვანელის დოკუ უმაროვის მარჯვენა ხელად და პირად წარმომადგენლად ევროპაში.
მოხდება საქმის ობიექტური გამოძიება კანონიერ ფარგლებში. ქალბატონ თეას, რა თქმა უნდა, არა აქვს იმის უფლება, რომ პროკურორს უბრძანოს რა გააკეთოს ...
მექა ხანგოშვილი

სექტემბრის დასაწყისში ჩატაევს პროკურატურამ ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წაუყენა ბრალი. სისხლის სამართლის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით განსაზღვრული დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ითვალისწინებს. თუმცა მისი დამცველის, ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატის ნინო ანდრიაშვილის განმარტებით, ექსპერტიზა არ ჩატარებულა და, შესაბამისად, საქმეში დღემდე არ დევს დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საბრძოლო მოწყობილობა სწორედ ჩატაევს ეკუთვნოდა. ამასთან, მართალია, მთავარმა მოწმეებმა - მესაზღვრეებმა - მედიის წარმომადგენლებთან პირადი საუბრის დროს არაერთხელ უარყვეს გამოძიებისთვის მანამდე მიცემული ჩვენებები, მაგრამ სასამართლომ გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნის განხილვისას არც ეს საკითხი ჩათვალა საქმეში გაჩენილ ახალ გარემოებად და ჩატაევი საპატიმროში დატოვა. არადა, ადვოკატის ინფორმაციით, ძველი და ახალი ტრავმებისა და იარების გამო, ჩატაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია. იუსტიციის სამინისტროსთან გამართული აქციის მონაწილეები, როდესაც დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემასაც საგანგებოდ უსვამდნენ ხაზს.

აქციის მონაწილეებს, რომელთა შორისაც ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი საქართველოში მექა ხანგოშვილიც გახლდათ, მინისტრი თეა წულუკიანი შეხვდა. მართლმსაჯულების პროცესზე მანამდე საკმაოდ განაწყენებულმა ხანგოშვილმა, რომელმაც 1 ნოემბერს პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომაც კი დატოვა, მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საკმაოდ ოპტიმისტური განწყობა გამოავლინა. საზოგადოებას მან გააცნო თეა წულუკიანის დაპირება, რომ ჩატაევი არც ერთ შემთხვევაში არ გადაეცემა რუსეთის ფედერაციას, რაც დაკავებულის გულშემატკივრებისთვის უმთავრეს და უმნიშვნელოვანეს დაპირებად მიიჩნევა, და აქვეა კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი დაპირება, რაც პროცესის სამართლიანობას უკავშირდება:

”მოხდება საქმის ობიექტური გამოძიება კანონიერ ფარგლებში. ქალბატონ თეას, რა თქმა უნდა, არა აქვს იმის უფლება, რომ პროკურორს უბრძანოს რა გააკეთოს, მაგრამ შერჩეულია ისეთი პროკურორი, რომელიც ნამდვილად ობიექტურად გამოიძიებს და ობიექტურად გადაწყვეტს ახმედ ჩატაევის საკითხს”.
ჩვენ ყველა მასალა გულდასმით შევისწავლეთ და პროკურატურა თავის პოზიციას დააფიქსირებს 6 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე. არ გავუსწრებ მოვლენებს ...
არჩილ კბილაშვილი

ჩეჩნებთან შეხვედრის შესახებ 4 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტრომ. მექა ხანგოშვილის მიერ მანამდე გამოკვეთილი აქცენტების გარდა, ამ განცხადებაში მეგობრობასა და ერთგულებაზეც არის ლაპარაკი.

”მინდა პანკისის მოსახლეობამ იცოდეს: საქართველოს იუსტიციის მინისტრის, მთავრობის სხვა წევრების და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახით, მათ ჰყავთ გულშემატკივრები საქართველოს ხელისუფლებაში", - თეა წულუკიანის ასეთ კომენტარს ვკითხულობთ იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ფაქტია, რომ 4 დეკემბრის შეხვედრის მსვლელობისას მინისტრს აღარ გაუმეორებია 27 ნოემბერს ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში ნათქვამი სიტყვები, რომ პირადად მას ჩატაევის გათავისუფლება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. მინისტრის ასეთი პოზიციის გამჟღავნება ბევრმა მართლმსაჯულების პროცესზე ზეგავლენის ერთ-ერთ მთავარ რისკფაქტორადაც მიიჩნია, თუმცა ახლა დაკავებულის გულშემატკივრებს აშკარად მეტი იმედი გაუჩნდათ.

ჩატაევის მხარდამჭერებისთვის ასევე იმედისმომცემად გამოიყურება მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განმარტება, რომელიც მან 4 დეკემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა:

”ჩვენ ყველა მასალა გულდასმით შევისწავლეთ და პროკურატურა თავის პოზიციას დააფიქსირებს 6 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე. არ გავუსწრებ მოვლენებს, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ის პოზიცია, რაც დაფიქსირდება სასამართლო პროცესზე, არ დაუტოვებს კითხვას არავის”.

შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ კითხვის ნიშნების გაქრობა ახმედ ჩატაევის მხარდამჭერებისთვის მხოლოდ მის გათავისუფლებას ნიშნავს. პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 დეკემბრისთვის არის ჩანიშნული, მხარდამჭერები, დიდი ალბათობით, დაკავებულის გათავისუფლებას მოელიან.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG