Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეკინი რუსეთ-უკრაინის ომის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს


უკრაინაში შეჭრის შესახებ პუტინის გამოსვლის ტრანსლაცია ჰონგ-კონგის ტელევიზიით. 24 თებერვალი, 2022 წ.
უკრაინაში შეჭრის შესახებ პუტინის გამოსვლის ტრანსლაცია ჰონგ-კონგის ტელევიზიით. 24 თებერვალი, 2022 წ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პეკინისა და რუსეთის ახლო ურთიერთობა სამიზნეში ამოიღო. ვაშინგტონმა გაავრცელა დაზვერვის ინფორმაცია, რომ მოსკოვმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობით დახმარება სთხოვა. ამის ერთ-ერთი მიზანი შეიძლება ისიც ყოფილიყო, რომ ჩინეთი კრემლის უფრო ძლიერი მხარდაჭერისგან გადაერწმუნებინათ.

ეს ცნობები ახალი კუთხით გვაჩვენებს, თუ რა მხარდაჭერის იმედი შეიძლება ჰქონდეს რუსეთს უკრაინასთან ომში. ამავე დროს, ის ცხადად წარმოაჩენს, თუ ვის მხარესაა პეკინი ამ კონფლიქტში - ჩინეთის მხარეს.

პეკინის დილემა

ჩინეთის მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერამ პეკინი ახლებური ზეწოლის წინაშე დააყენა. ცნობები მოსკოვის მიერ ჩინეთისთვის დახმარების თხოვნის შესახებ - რომელსაც ჩინეთმაც და რუსეთმაც დეზინფორმაცია უწოდეს - გავრცელდა ერთი დღით ადრე, ვიდრე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი რომში ჩინელ კოლეგასთან შვიდსაათიან დაძაბულ შეხვედრას გამართავდა.

ჩინეთის მიერ დაფინანსებული პროექტები, როგორიცაა მაგალითად სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქცია ბუდაპეშტსა და ბელგრადს შორის, შეიძლება დაზარალდეს.
ჩინეთის მიერ დაფინანსებული პროექტები, როგორიცაა მაგალითად სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქცია ბუდაპეშტსა და ბელგრადს შორის, შეიძლება დაზარალდეს.

ჩინეთის თავშეკავებამ მოსკოვის კრიტიკასთან დაკავშირებით და მისმა მხარდაჭერამ რუსეთის მიერ პროპაგანდისა და კონსპირაციის თეორიების გავრცელებაში, პეკინის ურთიერთობა ევროპასთანაც დაძაბა. „ევროპის ქვეყნები იმედგაცრუებულნი არიან, რომ ჩინეთი მხოლოდ შეერთებულ შტატებზე თავდასხმაშია ჩართული და ყალბ ამბებს ავრცელებს, ბრძოლების დასრულებაში კი კონკრეტულ როლს არ თამაშობს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ანდრეა ბრინზამ, აზიისა და წყნარი ოკეანის კვლევის რუმინული ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტმა.

ეს ყველაფერი კი სი ძინპინის მთავრობას სტრატეგიულ თავის ტკივილს უჩენს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კრემლის ომმა ჩინეთიც დააზარალა, პეკინში მაინც გავრცელებულია შეხედულება, რომ ზიანი მცირეხნიანი იქნება და კრიზისის დასრულებას ჩინეთი დიდწილად უდანაკარგოდ შეხვდება.

ჩინეთის ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ერთი გაკვეთილი ისწავლა - დასავლეთი უფრო და უფრო გაერთიანდა და რუსეთს პეკინის გვერდით დგომა დასჭირდება, მიუხედავად იმისა, გაისვრება თუ არა ჩინეთი პროცესში.

ამ მიდგომის თანახმად, პეკინი შეძლებს პოზიციის გაძლიერებას და ბერკეტების მოპოვებას დასუსტებულ რუსეთზე და, საბოლოო ჯამში, ისარგებლებს იმით, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის ყურადღება აღმოსავლეთ ევროპაზე იქნება მიპყრობილი და არა ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონზე.

ჩინეთის სამხედრო მანქანები რუსეთში სამხედრო წვრთნების დროს. 2018 წ.
ჩინეთის სამხედრო მანქანები რუსეთში სამხედრო წვრთნების დროს. 2018 წ.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

დასავლეთის მზარდი ზეწოლა ჩინეთს ალბათ აშფოთებს, მაგრამ პეკინისთვის ამჟამად რუსეთისთვის ზურგის შექცევა მოგებიანი არ უნდა იყოს.

თუმცა, ვითარება ახლა ცხადი არ არის - პეკინს ეს სტრატეგია, შესაძლოა, ბუმერანგივით მოუბრუნდეს და ის უფრო იზოლირებული გახდეს. საერთაშორისო ზეწოლა შეიძლება უფრო ძლიერი აღმოჩნდეს, ვიდრე ამას თუნდაც ერთი თვის წინ ივარაუდებდნენ.

ვითარების გარკვევამდე ჩინეთი ეცდება სიფრთხილე გამოიჩინოს, თუმცა მაინც შეინარჩუნოს ახლო კავშირები რუსეთთან.

უკრაინის ომის დასასრულს დიდი გავლენა ექნება სი ძინპინის მთავრობაზე და მთლიანად ჩინეთზე. როგორც ჩანს, პეკინმა თავისი გზა უკვე აირჩია.

XS
SM
MD
LG