Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა და განცხადება წყალბადის ბომბზე


ჩრდილოეთ კორეა
ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთი კორეა აცხადებს, რომ წარმატებით ჩაატარა წყალბადის ბომბის გამოცდა. ეს ცნობა 6 იანვარს ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიის პროგრამაში წაიკითხა დიქტორმა ქალმა: „2016 წლის 6 იანვარს, 10 საათზე, პირველად ჩატარდა წარმატებით წყალბადის ბომბის გამოცდა“.

წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქვეყანამ 6 იანვარს დააფიქსირა საშუალო, 5,1 სიმძლავრის მიწისძვრა ჩრდილოეთ კორეაში, პანგი-რის ბირთვული იარაღის გამოსაცდელი პოლიგონის სიახლოვეს, რაც სავარაუდო ახალი გამოცდის ჩატარებაზე მიანიშნებდა.

ფხენიანის განცხადებას მალევე მოჰყვა მკაცრი კრიტიკა: გაეროს უშიშროების საბჭომ, სამხრეთმა კორეამ და იაპონიამ მოითხოვეს საგანგებო სხდომის ჩატარება. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ „მკაცრად დაგმო“ გამოცდა. მკვეთრად უარყოფითია ევროკავშირისა და ნატოს რეაქცია.

სამხრეთ კორეის რეაქციაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჩო ტან-იონმა ისაუბრა სეულში გამართულ ბრიფინგზე: „ჩვენი მთავრობა გადაჭრით გმობს ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩვენი და საერთაშორისო თანამეგობრობის გაფრთხილებების უგულებელყოფას და მეოთხე ბირთვული გამოცდის ჩატარებას, რაც აშკარად არღვევს გაეროს რეზოლუციებს“.

ჩრდილოეთ კორეაში წყალბადის ბომბის გამოცდა დაგმო ამ ქვეყნის მთავარმა მოკავშირემაც, ჩინეთმა: „დღეს კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ უგულებელყო საერთაშორისო თანამეგობრობის საერთო უარყოფითი დამოკიდებულება და კვლავ ჩაატარა ბირთვული გამოცდა. ჩინეთის მთავრობა გამოთქვამს თავის გადაჭრით უარყოფით დამოკიდებულებას. აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ აზიის რეგიონში დენუკლეარიზაცია, ბირთვული იარაღის გავრცელების თავიდან აცილება, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩინეთის მტკიცე პოზიცია“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა ჰუა ჩანიინმა 6 იანვარს პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, „ჩინეთისათვის წინასწარ არ იყო ცნობილი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული გამოცდის შესახებ. რაც შეეხება გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციებს, ჩინეთი კვლავაც შეასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს და იმუშავებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციაში თავისი წვლილის შესატანად“.

ჩინეთი შეერთებულ შტატებთან, რუსეთთან, იაპონიასა და ორ კორეასთან ერთად შედის ქვეყნების ექვსეულში, რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებდა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამით გამოწვეული პრობლემის მოსაგვარებლად. პროცესს 2009 წელს გამოეთიშა ჩრდილოეთი კორეა. ის აცხადებს, რომ არ აპირებს უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე, სანამ შეერთებული შტატები აგრძელებს თავის „აგრესიულ“ პოლიტიკას. ფხენიანი ამბობს ასევე, რომ იქნება პასუხისმგებლობით მოქმედი ბირთვული სახელმწიფო და იარაღს არ გამოიყენებს, თუ მის სუვერენობას არ დაარღვევენ, და არ აპირებს არც ბირთვული იარაღის მესამე მხარისთვის მიწოდებას.

წყალბადის ბომბის გამოცდა ორ დღეში მოჰყვა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის, დაბადების დღეს. გასულ თვეში მან მიანიშნა, რომ ფხენიანს უკვე აქვს შექმნილი წყალბადის, ანუ თერმობირთვული, ბომბი. მაშინ ექსპერტების სკეპტიკური რეაქცია მოჰყვა ამ განცხადებას. ზოგ ექსპერტს ახლაც ეჭვი ეპარება ჩრდილოეთ კორეის განცხადების სისწორეში. ამ სპეციალისტების განმარტებით, 6 იანვრის მიწისძვრის სიმძლავრე წყალბადის ბომბზე უფრო სუსტი იარაღის გამოცდაზე მიანიშნებს.

ჩრდილოეთმა კორეამ 2006, 2009 და 2013 წლებში გამოსცადა ბირთვული იარაღი, რასაც მის წინააღდმეგ გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციები მოჰყვა. 6 იანვრის გამოცდის შემდეგ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა, განაცხადა, რომ ვაშინგტონი ჯერ ვერ ადასტურებს წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ ცნობას, მაგრამ გმობს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ნებისმიერ დარღვევას. ჩვენ არ შევეგუებით ჩრდილოეთ კორეას, როგორც ბირთვულ სახელმწიფოსო, - განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG