Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CineDoc-ის სოლიდარობა, უსაფრთხოება, ვნება, რწმენა და ფანტაზია


ფესტივალი CineDoc
ფესტივალი CineDoc

11 მაისს კინოთეარ „ამირანში“ გაიხსნა საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი CineDoc Tbilisi. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 67 ფილმი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან. გამოვლინდებიან გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში.

გადმოწერა

სოლიდარობა, უსაფრთხოება, ვნება, რწმენა, ფანტაზია - ეს ხუთი სიტყვა, ეს ემოცია, შეგრძნება და უფლება უდევს საფუძვლად დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს cinedoc Tbilisi. მსოფლიოს 30 ქვეყნიდან ჩამოტანილი 67 ფილმი ფესტივალზე მისულ მაყურებელს მოუთხრობს და აჩვენებს ამბებს შრომით უფლებებზე, მიგრაციაზე, სიყვარულზე, რელიგიაზე... აჩვენებს ამბებს, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობაში, ჩვენს გარშემო და ხშირად ჩვენს თავს ხდება. ერთი ასეთი თავსგადამხდარი ამბით გაიხსნა 11 მაისს კინოფესტივალი. ფილმი „ბედნიერი“ საერთაშორისო საკონკურსო სექციაში იღებს მონაწილეობას. გერმანელი რეჟისორი კაროლინ გენრაიტი თავისი 60 წლის მამის შესახებ უამბობს მაყურებელს. ესაა ფილმი კაცზე, რომელსაც დაბერებასთან ერთად სიმარტოვის შიში უჩნდება და ეძებს ახალ ემოციებს, მის საპოვნელად ტაილანდში ჩადის და პოულობს სიყვარულს, ახალგაზრდა ქალს, სახელად ტუტკას, რომელიც სწორედ მისი შვილის ასაკისაა. იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტა კაროლინმა საკუთარი მამის შესახებ ფილმის გადაღება, რადიო თავისუფლებას ის ფილმის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ესაუბრა. როდესაც შევიტყვე, რომ მამას ურთიერთობა ჰქონდა ჩემი ასაკის ქალთან, ძალიან გავბრაზდი. მერე, დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ამ კონფლიქტის შესახებ, კონფლიქტის მამასა და შვილსა და შვილსა და მამის საყვარელი ქალს შორის, კარგი დოკუმენტური ფილმის გადაღება შეიძლებოდაო, ამბობს კაროლინი. მამის დათანხმება კი ფილმში მონაწილეობაზე არ გასჭირვებია:

„ისევე როგორც ყველას, მამასაც უყვარს ქალიშვილის ყურადღება. ამიტომ ფილმში მონაწილეობაზე მაშინვე დამთანხმდა. ამ თანხმობის მოსმენა ძალიან მაგარი იყო, მაგრამ ფილმის გადაღების პროცესი არ იყო ადვილი, რადგან მე ორმაგი როლი მქონდა - ფილმსაც ვიღებდი და მთავარი გმირის ქალიშვილიც ვიყავი. ფილმის გადაღებისას ბევრს ვჩხუბობდით, რეალურ ცხოვრებაშიც ბევრს ვჩხუბობდით. მაგრამ საბოლოოდ გავაცნობიერე, რომ მინდა, მამაჩემი ბედნიერი იყოს. მას ამის შანსი უნდა მივცე. ამიტომ ახლა ამ ურთიერთობის საწინააღმდეგოდ ვეღარაფერს ვიტყვი. და ვხედავ, რომ ეს მიდგომა მუშაობს“.

ფესტივალი CineDoc
ფესტივალი CineDoc

მეხუთე წელია, რაც თბილისში საერთაშორისო დოკუმენტური ფესტივალი იმართება. წლიდან წლამდე ფესტივალზე სულ უფრო და უფრო მეტი მონაწილე ჩამოდის და, რაც მთავარია, იზრდება თავად დოკუმენტური ფილმების ხარისხიც. არჩილ ხეთაგური, ფესტივალის დირექტორი, ამბობს, რომ ამ წლების განმავლობაში ფესტივალმა მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და უცხოელი რეჟისორებისათვის ამ ფესტივალში მონაწილეობა საინტერესო და მნიშვნელოვანი გახდა. გარდა ამისა, მისი თქმით, CineDoc აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალთან:

„სამი თვის განმავლობაში მოდიოდა ფილმები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან. ძალიან ბევრი ფილმი შემოვიდა. გაკეთდა ამ ფილმების სელექცია, რამდენიმე კომისიამ იმუშავა ფილმების შერჩევაზე. ჩვენც იმ მეთოდით ვმუშაობდით, რომელი მეთოდითაც სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალები. გარდა ამისა, ჩვენ თავად დავდივართ ბევრ ფესტივალზე და ვთანამშრომლობთ მათთან, რომ არ გამოგვრჩეს ახალი დოკუმენტური ფილმები, რომლებიც განსაკუთრებული და საინტერესოა. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს პროგრამას თუ გადახედავთ, საუკეთესო ფილმები გვაქვს შერჩეული“.

ფესტივალის ფარგლებში იმართება როგორც საკონკურსო, ისე არასაკონკურსო ჩვენებები. საკონკურსო სექციები დაყოფილია თემატურად და გამარჯვებულებს სხვადასხვა ტიპის ჟიური გამოავლენს:

„ექვსი ნომინაცია გვაქვს. საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში გამოვლინდება გამარჯვებული ასევე FocusCaucasus-სა, CivilDoc-ში. გარდა ამისა, გვაქვს სტუდენტური ჟიურის პრიზი. შევარჩიეთ 30 სტუდენტი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან, რომლებიც ჩაერთვებიან და დიდი დისკუსიისა და ანალიზის შემდეგ გამოავლენენ თავიანთ გამარჯვებულს. ასევე გვეყოლება CineDocYoung-ის გამარჯვებული, რომელსაც მოზარდები გამოავლენენ. და, რა თქმა უნდა, მაყურებლის პრიზი, რომელიც ჩვენთვის ყოველთვის სიურპრიზია“.

რეჟისორი ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილეა. მისი ფილმი, სახელწოდებით „ასეთია ცხოვრება“, ფესტივალის ფარგლებში არასაკონკურსო სექციაში იქნება ნაჩვენები. ფილმმა გასულ წელს საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში ოქროს პრომეთე მიიღო. ვახტანგი ფიქრობს, რომ ფესტივალებში მონაწილეობა კინორეჟისორებისთვის საუკეთესო ბიძგის მიმცემი პროცესია. ის იმასაც ფიქრობს, რომ ქართულ კინოდოკუმენტალისტიკაში აღორძინების ხანა დგება და ქართული საავტორო დოკუმენტური კინო ახალ ეტაპზე გადადის. ამას მოწმობს არაერთი ქართველი რეჟისორის წარმატება საერთაშორისო ფესტივალებზე. ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი დოკუმენტური ფილმების გადაღებით რამდენიმე წელია დაინტერესდა. მანამდე ის ძირითადად მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმებზე მუშაობდა. ის ამბობს, რომ დოკუმენტური ფილმი სულ სხვა სამყაროა:

„ყოველგვარი ინტერვიუების გარეშე, ყოველგვარი დადგმული რეპორტაჟის გარეშე, უბრალოდ მიჰყვება კამერა და უთვალთვალებს ცხოვრებას და ეს ძალიან საინტერესოა, როდესაც ერთი წელი, ორი წელი იღებ ფილმს და უყურებ, რა ემართება შენს გმირებს. იცით, ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან საინტერესო დროში. ეს არის გარდატეხის პერიოდი და მე ყოველთვის ვეუბნები ჩემს სტუდენტებს, რომ კამერა რომ დადგა, მონტაჟიც კი არ გჭირდება, იმდენად საინტერესო არის ცხოვრება. პირდაპირ კამერა რომ დადგა, უკვე კინო გამოდის, აბსურდული, საოცარი კინო. ეს არის დოკუმენტალისტიკა და მე ძალიან მიხარია, რომ მე პირადად გადავედი საავტორო დოკუმენტურ კინოზე“.

ერთ-ერთი საინტერესო კომპონენტი ფესტივალის ფარგლებში სექცია CivilDoc-ს უკავია. ამ სექციაში ნაჩვენები ფილმები ადამიანის უფლებებსა და სოციალურ პრობლემებს ეხება. წელს ამ სექციის მთავარი თემა შრომის უფლებებია და მის ფარგლებში რვა უცხოელი რეჟისორის ფილმი იქნება ნაჩვენები. ამ სექციის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრი“, რომელიც ყოველთვის აქტიურად ეხმიანება შრომის უფლებებსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები ფილმების შემდეგ სწორედ მათი ორგანიზებით გაიმართება დისკუსიები დასაქმებული ადამიანების შრომით უფლებებზე. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ლინა ღვინიანიძის თქმით, განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ თავად ფილმების რეჟისორები და ის ადამიანები, რომელთა რეალურ ცხოვრებაზეა გადაღებული ფილმები:

„ჩვენ ნამდვილად გვჯერა იმის, რომ ხელოვნებას, როგორც მედიუმს, მათ შორის კინოხელოვნებას, აქვს ძალიან დიდი რესურსი, რომ ილაპარაკოს იმ სოციალურ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს ნებისმიერ საზოგადოებაში, ნებისმიერ ქვეყანასა და კონტექსტში. მგონია, რომ CineDoc-ის მესიჯიც და განზრახვა, რომ შემოიტანოს სოციალური საკითხები კინოფესტივალის შიგნით, არის სწორედ იმის გამოხატულება, რომ კინოს უნდა ჰქონდეს ამბიციაც და პრეტენზიაც, რომ ეს გააკეთოს. უფრო მეტიც, ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს, რომ ჩვენ ეს საკითხები საზოგადოებამდე მივიტანოთ სხვადასხვა გზითა და მედიუმებით. მათ შორის დოკუმენტური ფილმი არის ის გზა, რომელიც ჩვენ ვცადეთ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ჭიათურის პრობლემებზე და სწორედ ამ ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ანა ციმინტია, იყო იმ ფილმის რეჟისორი, რომელიც ჩვენმა ორგანიზაციამ და ანამ ერთობლივად გადაიღეს ჭიათურაში და გვგონია, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მცდელობა ჩვენი მხრიდან, რომ ხელოვნებას დაეტია სოციალური შინაარსი და გაეშიშვლებინა ის პრობლემები, რომელიც აწუხებთ აქ და ახლა ადამიანებს“.

წელს CineDoc-ის სტუმარი ქვეყანა ლიტვაა. როგორც ლიტვის კინოცენტრის დირექტორი როლანდას კვეიტკაუსკასი გვეუბნება, ლიტვა ფესტივალზე ექვსი ფილმით იქნება წარმოდგენილი. ფილმები ლიტვის ისტორიის სხვადასხვა პერიოდს ეხება - როგორც მეორე მსოფლიო ომის პერიოდს, ისე საბჭოთა ოკუპაციის ხანას თუ დამოუკიდებლობის მოპოვებას. ლიტვის კინოცენტრის დირექტორის თქმით, ამ ხუთი წლის გამოცდილება ცხადყოფს, რომ CineDoc მაყურებელს მაღალი ხარისხის დოკუმენტურ ფილმებს სთავაზობს. ეს ფაქტი კი, მისი თქმით, ძალიან საინტერესოა ლიტვის დოკუმენტური ფილმების სკოლისთვის, რომელსაც, თავის მხრივ, მდიდარი ისტორია აქვს. გარდა ამისა, ფესტივალი კარგი გზა არის საქართველოსა და ქართველ კინოდოკუმენტალისტებთან სამომავლო ურთიერთობების გასაღრმავებლად:

„ჩვენ გვაქვს ერთად მუშაობის გარკვეული გამოცდილება. და, რა თქმა უნდა, ეს ფესტივალი და ეს ურთიერთობა არის მოტივატორი, რომ გადავიდეთ ურთიერთობის ახალ ფაზაზე, თუ როგორ გავიცნოთ უკეთ ერთმანეთი. და იქიდან გამომდინარე, რომ ფილმი, ზოგადად, ცოცხალი პროცესია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველთვის გვექნება ერთმანეთისთვის გასაზიარებელი და შესათავაზებელი ახალი რამ. ჩვენ ინტენსიურად უნდა ვითანამშრომლოთ, რადგან ჩვენ უნდა გავცვალოთ მესიჯები, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ახალი ორიგინალური იდეები“.

საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ექვსი დღის განმავლობაში გასტანს და ფილმების ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ რუსთაველში, ამირანსა და კინოს სახლში. ფესტივალის ღია ჩვენებებს კი უმასპინძლებს „მზიური“ და backstage 76. ფესტივალი CineDoc 16 მაისს დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG