Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19 და ერთი ტესტი - საერთაშორისო მეთვალყურეები (არ) ჩამოდიან?


31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჯერჯერობით რეგისტრირებულია მხოლოდ 6 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე, წელს პირველად ინერგება დისტანციური მეთვალყურეობის მექანიზმი. თუმცა დამკვირვებლების უმეტესობა საქართველოში ფიზიკურად ჩამოვა. რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა საგანგებოდ საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის შემუშავებული რეგულაციების ზოგიერთი დეტალი, თუმცა წერილობითი დოკუმენტის მოძიება შეუძლებელი აღმოჩნდა.

რა არის სავალდებულო საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის?

დამკვირვებლებს, რომლებიც საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შესაფასებლად ჩამოვლენ, PCR-ტესტირება აეროპორტში ჩაუტარდებათ. შემდეგ ისინი პასუხსაც იქვე, აეროპორტში, დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში დაელოდებიან და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მათთვის გზა ხსნილი იქნება.

  • თითოეულ საერთაშორისო მეთვალყურეს საქართველოში მხოლოდ ერთი ტესტი ჩაუტარდება (ქვეყანაში შემოსვლისას);
  • მათთვის არ არის სავალდებულო ტესტების ჩატარება ყოველ 72 საათში ერთხელ, როგორც ეს, მაგალითად, საქართველოში ჩამოსულ ბიზნესმენებს მოეთხოვებათ;
  • მომწვევი ორგანიზაცია ვალდებულია, სტუმარი დამკვირვებლები უზრუნველყონ ტრანსპორტირებით სასტუმრომდე;
  • მეთვალყურეები ჩამოფრინდებიან ჩარტერული ავიარეისებით, რომელთა განრიგი მათ წინასწარ გაეგზავნათ.

რადიო თავისუფლებამ ეს ინფორმაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მოიპოვა. იქვე დაგვიდასტურეს, რომ „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის“ (OSCE/ODIHR) საჭიროებათა შემფასებელი მისიის წარმომადგენლებმა (რომლებიც საქართველოს 3-8 აგვისტოს სტუმრობდნენ) გამოთქვეს წუხილი, რომ ძალიან რთული იქნებოდა დამკვირვებლებისთვის ტესტების ყოველ 72 საათში ჩატარება და შესაბამისად - გამარტივდა რეგულაციებიც.

კიდევ რა წერია საერთაშორისო მეთვალყურეებისთვის შემუშავებულ რეგულაციებში? უსაფრთხოების რა ზომებია განსაზღვრული მათთვის სასტუმროებში დაბინავების შემდეგ?

ამ და სხვა მსგავს შეკითხვებზე პასუხების მოძიება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან რადიო თავისუფლებამ სახელმწიფო სტრუქტურებისგან წერილობითი დოკუმენტის მიღება ვერ შეძლო.

  • ცესკოში დაგვპირდნენ ასეთ დოკუმენტს, მაგრამ ჯერჯერობით - ვერ მივიღეთ;
  • ჯანდაცვის სამინისტროში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციაზე დაყრდნობით გვითხრეს, რომ დოკუმენტზე მუშაობის პროცესი ჯერ ისევ მიმდინარეობს;
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, წერილობითი დოკუმენტი გამოქვეყნებული და საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.

სექტემბრის დასაწყისში საგარეო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების შემდეგ, 50 ქვეყანაში გაიგზავნა საერთაშორისო მეთვალყურეების საქართველოში შემოსვლისა და საქმიანობის პროტოკოლი, რომელიც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავდა.

ჯერჯერობით მხოლოდ 6

ამ ეტაპზე ცესკოს საიტზე დარეგისტრირებულია მხოლოდ 6 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია.

  • 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრაცია გავლილი ჰქონდა 55 საერთაშორისო ორგანიზაციას, ხოლო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის - 58 ორგანიზაციას;
  • ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი“ (OSCE/ODIHR) 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წარმოდგენილი იყო 609 დამკვირვებლით; ხოლო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე - 520 დამკვირვებლით;
  • „ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს“ (NDI) 2016 წლის არჩევნებზე ჰყავდა 48 დამკვირვებელი; ხოლო 2018 წლის არჩევნებზე - 40 დამკვირვებელი;
  • „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მისიაში კი - 2016 წლის არჩევნებზე 67 დამკვირვებელი იყო; ხოლო 2018 წლის არჩევნებზე ორგანიზაციას 28 დამკვირვებელი ჰყავდა წარმოდგენილი.

ცოტაა თუ ბევრია 6 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია ამ დროისთვის, როცა საქართველოსთვის მნიშვნელოვან არჩევნებამდე ერთ თვეზე ცოტა მეტი რჩება?

როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გვითხრა - „პანდემიის მიუხედავად, საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი ინტერესი მაღალია“ და ეს ინტერესი გამოაჩნდა „არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ცესკოს მიერ გამართული არაერთი ონლაინშეხვედრის დროსაც“.

ჯერ დრო არის, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციების რეგისტრაციის ვადა 24 ოქტომბერს - 18:00 საათზე იწურება. შემდეგ ცესკოს კიდევ სჭირდება რამდენიმე დღე (არაუგვიანეს 27 ოქტომბრისა), რომ მსურველი ორგანიზაციების რეგისტრაციის საკითხი გადაწყვიტოს.

საერთაშორისო ორგანიზაციებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონული ფორმითაც შეუძლიათ.

დაკვირვება დისტანციურად და ფიზიკურად

ცესკოში უკვე დარეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციების ჩამონათვალში ჯერჯერობით ვერ ვხვდებით „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს“ (OSCE/ODIHR), რომლის ანგარიშები მთავარ და ყველაზე სარწმუნო წყაროს წარმოადგენს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

OSCE/ODIHR-მა აგვისტოში გამოაცხადა, რომ დააკვირდება 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. იმ ეტაპისთვის დაგეგმილი იყო 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის გამოგზავნა. ჯერჯერობით უცნობია, ხომ არ გადაიხედა ეს გადაწყვეტილება საქართველოში COVID-19-ის შემთხვევების ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე.

თუმცა მისია ნამდვილად ჩამოდის. რადიო თავისუფლების ინფორმაციით:

  • ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებლები საქართველოში 24 სექტემბერს შუაღამისას ჩამოვლენ და, სავარაუდოდ - 25 სექტემბერს პრესკონფერენციასაც გამართავენ;
  • მოკლევადიანი დამკვირვებლები კი პროცესს უშუალოდ კენჭისყრის დღისთვის - 31 ოქტომბრისთვის შემოუერთდებიან;
  • ამ ეტაპზე საქართველოში იმყოფება OSCE/ODIHR-ის მისიის რამდენიმე წარმომადგენელი, ძირითადად - ტექნიკური ჯგუფიდან.

როგორც რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ კნირშმა - OSCE/ODIHR-ის მისიაში ჩართული იქნება 37 დამკვირვებელი გერმანიიდან.

ცესკოში უკვე დარეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციების ჩამონათვალშია „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI), თუმცა ეს ამერიკული ორგანიზაცია, კორონავირუსის პანდემიის მიზეზით, წელს პირველად მიმართავს დისტანციური მეთვალყურეობის მეთოდს.

რადიო თავისუფლებას NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობაში უთხრეს, რომ:

  • საპარლამენტო არჩევნების შეფასების პროცესში ჩართული იქნება შვიდი გრძელვადიანი დამკვირვებელი და ასევე - პროგრამის დირექტორი - მარია ბაბიჩი.
  • სადამკვირვებლო მისია ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებს ონლაინშეხვედრების გზით როგორც ცესკოსგან, ასევე პოლიტიკოსებისგან და სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებისგან;
  • NDI-ის გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში მყოფ ასისტენტებსა და NDI-ი თანამშრომლებთან ერთად იმუშავებენ.

NDI-ის მისია შეაფასებს: საარჩევნო კამპანიას, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, მედიაგარემოს, საინფორმაციო სივრცეს, გენდერისა და ჩართულობის საკითხებს და კორონავირუსის გავლენას არჩევნებზე.

არ გამართლდა წინასწარი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ასევე დისტანციური მეთვალყურეობის რეჟიმში იმუშავებდა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI). როგორც ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ვითარების აწონ-დაწონის შემდეგ მაინც მისიის გამოგზავნა გადაწყდა.

  • IRI-ს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შემადგენლობაში იქნება ხუთი ანალიტიკოსი;
  • შესაფასებელ მიმართულებებად სახელდება, მაგალითად: საარჩევნო ადმინისტრაცია, მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება.

როგორც რადიო თავისუფლებას IRI-ს წარმომადგენლობაში აცნობეს, ამ ეტაპზე უკვე ხდება მისიის წარმომადგენლების ავიაბილეთებით უზრუნველყოფა და ისინი საქართველოში სავარაუდოდ სექტემბრის ბოლო დღეებში ჩამოვლენ.

პარალელურად მიმდინარეობს მსჯელობა მოკლევადიანი მეთვალყურეების გამოგზავნის გარშემოც. ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის და, სავარაუდოდ, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი მდგომარეობა იქნება საქართველოში COVID-19-ის გავრცელების კუთხით.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG