Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხოვრება სტიქიის შემდეგ და უკომპენსაციოდ დარჩენილი 5 ოჯახი


სტიქიის შედეგად დანგრეული სახლი
სტიქიის შედეგად დანგრეული სახლი

სვანიძის ქუჩაზე და წყნეთის ხევში, სადაც გასული წლის 13 ივნისამდე სახლები იდგა, ტრაქტორი ახლაც მიწას ასწორებს. დანგრეული სახლების ადგილას თბილისის მერია სარეკრეაციო ზონის მოწყობას გეგმავს, დაზიანებული შენობების ნაწილის აღდგენა კი ჯერაც არ დასრულებულა. რა დახმარება აღმოუჩინა დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა 200-ზე მეტ ოჯახს, რომელსაც სტიქიამ საცხოვრებელი ან დაუნგრია, ან დაუზიანა, და რატომ ვერ მიიღო 5-მა ოჯახმა დღემდე ვერანაირი დახმარება?

ბატონი რეზო სვანიძის ქუჩის დასაწყისში, თავისი ყოფილი სახლის სიახლოვეს, ყოფილ მეზობლებთან ერთად დგას. სტიქიამ სახლი დაუნგრია,სანაცვლო კი შეიძინა, მაგრამ ძველ მეზობლებთან ურთიერთობას ვერ ელევა. 13 ივნისის ღამის გახსენება არ უნდა - ყველა ცოცხალი გადარჩა და მისთვის ესაა მთავარი.

„სახლში ვიყავით.... ღვთის წყალობით, გადავრჩით. ცუდი გასახსენებელია და მაგას აღარც ვიხსენებთ. ბავშვები შეშინდნენ და ძნელი გადასატანი იქნება, ალბათ... მე პირადად კმაყოფილი ვარ, დამაკმაყოფილეს და სახლი ვიყიდე უკვე“.

ბატონ რეზოს მსგავსად, უსახლკაროდ 76 ოჯახი დარჩა, ანუ ისინი, ვისი ქონებაც უცაბედად მოვარდნილმა მდინარე ვერემ გაანადგურა. მათი უმრავლესობა, მერიის ცნობით, საცხოვრებლით უკვე დაკმაყოფილდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, 165 ოჯახს სახლი და ქონება დაუზიანდა, დაზიანებული სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები კი დღემდე მიმდინარეობს.

თუმცა დღემდე უსახლკაროდაა დარჩენილი წყნეთის ხევში მცხოვრები 5 ოჯახი. სულ, მერიის თბილისის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის კარლო ლაფერაძის თქმით, 13 ოჯახი იყო ისეთი, ვინც კანონიერი საფუძლის გარეშე იკავებდა ფართობს. მათგან 8 ოჯახი მერიის შეთავაზებას დასთანხმდა:

წყალდიდობის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი
წყალდიდობის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი

„ჩვენ დარჩენილი გვყავს 5 ოჯახი. ესენი არიან კანონიერი საფუძვლის გარეშე მცხოვრები ოჯახები, რომლებიც შეთავაზებას არ თანხმდებიან. მუნიციპალიტეტი მათ სთავაზობს ფულად ანაზღაურებას, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არის 60-65-70 ათასი ლარი და დამატებით სთავაზობს მათ საცხოვრებელ ბინებს, რომელთაც გადასცემს უსასყიდლოდ. ეს არის ის ბინები, რომლებიც დონორმა ორგანიზაციებმა გადასცეს მუნიციპალიტეტს და ისინი მდებარეობს დიდ დიღომში“.

ერთ-ერთი ოჯახი, რომელსაც კომპენსაცია ჯერ არ მიუღია და მხოლოდ ბოლო სამი თვეა თბილისის მერიის მიერ 300 ლარად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, გელაშვილების ოჯახია. მათ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მერიისგან არავითარი კომპენსაცია არ მიუღიათ იმის გამო, რომ ისინი საკუთრების დამადასტურებელ საბუთს არ ფლობენ.

სამი თუ ოთხი ოჯახია დარჩენილი, რომელთაც სამართლებრივი საკითხები აქვთ მოსაგვარებელი, რომლის დასრულების შემდეგაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე ისინიც იქნებიან დაკმაყოფილებული...
დავით ნარმანია

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 10 ივნისს ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა. მისი თქმით, სულ, დახმარებისა და შემოწირულებების სახით, 26 მლნ ლარზე მეტი შეგროვდა. მათ შორის სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე თანხები ჩარიცხეს ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა; კერძო პირებისა და კომპანიების მხარდაჭერით, 35 ბინის მიღება დაუკანონებელი ფართების მესაკუთრეებმაც შეძლეს; დადგინდა დაუკანონებელი ფართის მქონე დაზარალებული პირების ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობაც მათთვის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. დაზარალებულებმა ფულადი დახმარებები მიიღეს საოჯახო ნივთების შესაძენადაც. დავით ნარმანიას სიტყვებით, ეტაპობრივად ყველა ოჯახი მიიღებს შესაფერის დახმარებას:

„სამი თუ ოთხი ოჯახია დარჩენილი, რომელთაც სამართლებრივი საკითხები აქვთ მოსაგვარებელი, რომლის დასრულების შემდეგაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე ისინიც იქნებიან დაკმაყოფილებული“.

400 ათასი იყო ცდომილება თანხებს შორის. ჩვენ შევეცადეთ დაზუსტება, მერიას მივწერეთ და მათ გვითხრეს, რომ ეს თანხები სხვა ანგარიშზე გადაიტანეს, თუმცა დასაბუთება, თუ რომელ ანგარიშზე და რა დანიშნულებით მოხდა ამ თანხის გადატანა, სამწუხაროდ, მერიისგან ამ დრომდე არ მიგვიღია...
რუსუდან მჭედლიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, გასული წლის 13 ივნისიდან მოყოლებული, შემოწირულების სახით მიღებული და ასევე ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების ხარჯვის მართლზომიერების საკითხს სწავლობდა. ორგანიზაციის იურისტის რუსუდან მჭედლიშვილის თქმით, ანგარიში მიმდინარე წლის აგვისტოში გამოქვეყნდება, თუმცა მანამდე ამბობს, რომ ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე დარჩენილიაწყნეთის ხევშიმცხოვრები 5 ოჯახი იმის გამო, რომ მათი ყოფილი სახლები სარეკრეაციო ზონაში მოხვდა. როგორც რუსუდან მჭედლიშვილი ამბობს, დისკრიმინაციულია მიდგომა, როცა ქონების დაუსაბუთებლობის შემთხვევაში ერთი ჯგუფი იღებსკომპენსაციას და მეორე ვერა იმის გამო, რომ მათი ქონება, პრეზიდენტის 2010 წლის განკარგულების თანახმად, რეკრეაციულ ზონაში მოხვდა.

რაც შეეხება დახარჯული თანხის ოდენობას, რუსუდან მჭედლიშვილი შემოწირული თანხების განკარგვის მართებულობაზე სვამს აქცენტს:

„ჩვენი დათვლით, 21 283 096 ლარი მოგროვდა, თუმცა მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ, დაახლოებით, 22 მილიონი ლარი მოგროვდა და, ფაქტობრივად, 400 ათასი იყო ცდომილება თანხებს შორის. ჩვენ შევეცადეთ დაზუსტება, მერიას მივწერეთ და მათ გვითხრეს, რომ ეს თანხები სხვა ანგარიშზე გადაიტანეს, თუმცა დასაბუთება, თუ რომელ ანგარიშზე და რა დანიშნულებით მოხდა ამ თანხის გადატანა, სამწუხაროდ, მერიისგან ამ დრომდე არ მიგვიღია“.

სულ, თბილისის მერიის მონაცემებით, 65 ოჯახს საცხოვრისის შესაძენად უკვე გადაეცა 15 665 443 ლარი. მათ შორის კანონიერი საფუძვლის გარეშე მცხოვრებ 9 პირს გადაეცა 413 700 ლარი + ბინები.3 პირის საკუთრებაზე მიმდინარეობს სამართლებრივი დავა. 5 პირი (კანონიერი საფუძვლის გარეშე მცხოვრები) უარს ამბობს შეთავაზებაზე - 180 000 ლარი + ბინა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG