Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2014 წელს გაგრძელდება დაკავებულთა გაცვლა


ერგნეთი
ერგნეთი
სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა 31 დეკემბერს ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქე თეიმურაზ ჯერაპოვი შეიწყალა. ჯერაპოვი იმ დღესვე ქართულ მხარეს გადმოსცეს. თეიმურაზ ჯერაპოვი 2010 წელს ჯავის რაიონში დააკავეს და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდების მუხლით გაასამართლეს. სასამართლომ მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თეიმურაზ ჯერაპოვი 2006-2008 წლებში სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრი იყო. მას შემდეგ, რაც დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაცია შეიქმნა, იქ დასაქმებულ ადამიანებზე ცხინვალში სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა, მათ შორის იყო ჯერაპოვიც. „კავკაზსკი უზელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა აღნიშნა, რომ ეს შეწყალება თიბილოვის ჰუმანური ნაბიჯია და ოსური მხარე შემხვედრ ნაბიჯს ქართული მხარისგანაც ელოდება, რათა გაგრძელდეს დაკავებულთა გაცვლა პრინციპით „ყველა ყველაზე“. მისივე თქმით, ჯერაპოვი იმ პატიმრების ნათესავთა თხოვნის საფუძველზე იქნა შეწყალებული, რომლებიც სასჯელს საქართველოს ციხეებში იხდიან.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ პირველი ჰუმანური ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა მაშინ, როცა მარეკ დუდაევი კი არ გაცვალა, გაათავისუფლა და დიდი ხნის განმავლობაში სწორედ დე ფაქტო ხელისუფლებისგან ელოდებოდნენ შემხვედრ ნაბიჯს. ზაქარეიშვილი გულნატკენია იმის გამო, რომ ოსურმა მხარემ დუდაევის გათავისუფლება საკუთარ დამსახურებად მიიჩნია და ცხინვალიდან ერთი მადლობაც კი არავინ შემოთვალა. არადა, მოლაპარაკების დროს იყო პირობა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებისგან შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგმებოდა. ზაქარეიშვილის თქმით, ამ შემხვედრ ნაბიჯამდე ყველა პროცესი გაჩერდა, ოსურმა მხარემ კი ჯერაპოვის გათავისუფლებით ეს ნაბიჯი დიდი ხნის შემდეგ გადადგა.

ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგის ფარგლებშიც, ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტები აღიარებდნენ, რომ დაკავებულთა გათავისუფლების საკითხში პირველი ნაბიჯი ზაქარეიშვილის უწყების მიერ გადაიდგა, მარეკ დუდაევის გათავისუფლებამ კი არაერთი პატიმრის ოჯახს ახალი იმედი ჩაუსახა. გიორგი მარგველაშვილის სახელზე ამა თუ იმ პატიმრის შეწყალებისა და საქმის გადახედვის თხოვნით ცხინვალიდან განცხადება განცხადებაზე იგზავნებოდა. პირველი იყო ლუდმილა უსოვიჩი, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს გორის ტერაქტის მოწყობის ბრალდებით გასამართლებული შვილის, გიორგი ზასეევისა, და მისი მეგობრების - იოსებ კოჩიევის და გიორგი ვალიევის - შეწყალება სთხოვა.

ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი შეწყალების თხოვნა გიორგი მარგველაშვილმა გიული დოგუზოვისგან მიიღო. იგი არაერთი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის გასამართლებული შვილის, ბორის ტურაშვილის, გათავისუფლებას ითხოვს.

სწორედ ამ მშობლების გამუდმებული თხოვნის შემდეგ მიიღო დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა თეიმურაზ ჯერაპოვის შეწყალების გადაწყვეტილება. მისი სპეციალური წარმომადგენელი მურატ ჯიოევი კი აცხადებს, რომ ოსური მხარე მზადაა გააგრძელოს ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები დაკავებულთა გაცვლის თაობაზე.

პაატა ზაქარეიშვილის გარდა, დაკავებულთა გათავისუფლებას მხარს უჭერს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელიც ჰუმანური ნაბიჯების გადადგმას, ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG