Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებლობის დღე - ხალხმრავალი და ფერადი დღესასწაული


საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არაერთ ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. მათ შორის ყურადღების ცენტრში მოექცა რუსთაველის გამზირი, სადაც სახელმწიფო სტრუქტურებისა თუ კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა საკუთარი სტენდები და პროდუქცია გამოფინეს. გაიმართა როგორც თეატრალიზებული წარმოდგენები, ისე სპორტული ღონისძიებები. თავისუფლების მოედანზე ფიცი დადო 200-მა სამხედრო მოსამსახურემ. წლევანდელი 26 მაისი განსაკუთრებით ხალხმრავალი აღმოჩნდა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში შექმნილ შინდისფერ მერსედეს კაბრიოლეტში საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია დგას და რუსთაველის გამზირზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მისულ მოქალაქეებს ესალმება. ეს თეატრალიზებული წარმოდგენაა. ღონისძიების ორგანიზატორებმა 21-ე საუკუნის რუსთაველის გამზირზე 1918 წლის 26 მაისი გააცოცხლეს, დღე, როდესაც საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 2015 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მისულმა ადამიანებმა არაერთი თეატრალიზებული წარმოდგენა თუ კონცერტი ნახეს, თუმცა, ცხადია, დედაქალაქის მთავარი მოედანი და გამზირი მხოლოდ თეატრალიზებულ ღონისძიებებს არ დაეთმო. უკვე მეოთხე წელია, რუსთაველის გამზირზე, ნაცვლად სამხედრო აღლუმისა, სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების საქმიანობისა და მათი პროდუქციის ამსახველი სტენდები იფინება. სტენდებს ათვალიერებს მთავარი სერჟანტი შალვა ოკმელაშვილი. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად რუსთაველის გამზირზე ის ცოლთან და სამ შვილთან ერთად მივიდა.

„ჩემთვის 26 მაისი ნიშნავს როგორც თავისუფლებას, ისე კარგ მომავალს. დღეს აქ ბავშვებთან ერთად მოვედი, რადგან მათ აუცილებლად უნდა გაუჩნდეთ ის პატრიოტიზმის გრძნობა, რაც ჩემს თაობას აქვს. მომავალმა თაობებმა ამ გრძნობით უნდა იცხოვრონ“, - ამბობს შალვა ოკმელაშვილი.

ოპერის წინ დიდ ბანერს ხატავს სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის სამი სტუდენტი. „ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმი“ - ასე ჰქვია მათ ნახატს, რომელსაც ისინი დილიდან ხატავენ. გაუმართლათ: თბილისში მზიანი ამინდია. მხატვრებს შორისაა ლუკა ჯაფარიძე, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის პერანგს ცისფერი საღებავით ავსებს:

„ის ხალხი, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, არ არის დასავიწყებელი ხალხი. მათ საკუთარი თავი გაწირეს, კომფორტსა და კეთილდღეობაზე უარი თქვეს და თავი შეაკლეს საქართველოს დამოუკიდებლობას. ჩვენ იმიტომ ვხატავთ ამ ადამიანებს, რომ ისინი 26 მაისს აუცილებლად უნდა იყვნენ რუსთაველის გამზირზე - თუნდაც ასე, ნახატიდან“, - ამბობს ლუკა ჯაფარიძე.

უკვე ტრადიციად ქცეულ სახელმწიფო სტრუქტურების სტენდებს შორის, რომლებსაც თავად მინისტრები და მათი მოადგილეები წარადგენდნენ, წელს პირველად, რუსთაველის გამზირზე საკუთარი სტენდი გამოფინა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა, რომელიც მათ სტენდთან მისულ მოქალაქეებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს. ამ სერვისების შესახებ რადიო თავისუფლებას მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ესაუბრა:

„ვაძლევთ რჩევებს, მაგალითად, როგორ უნდა დაიცვან თავიანთი მობილური ტელეფონები ვირუსებისგან, რაც შემდგომ შესაძლოა დაკავშირებული იყოს მათი პერსონალური მონაცემების გადინებასთან. ასევე ვთავაზობთ ესემეს დახმარებას. ანუ ჩვენ ვაგროვებთ იმ მოქალაქეების მონაცემებს, ვისაც აღარ სურს სხვადასხვა სარეკლამო ესემესების მიღება და უზრუნველვყობთ ამ ინფორმაციის კომპანიებისადმი მიწოდებას. ასევე აქ მოსულ მოქალაქეებს ვუწევთ იურიდიულ კონსულტაციებს და სხვა“.

26 მაისი თბილისში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:12 0:00

დამოუკიდებლობის დღის ერთ-ერთი ცენტრალური ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 200 სამხედრო მოსამსახურის ფიცი ჩაიბარა, რის შემდეგაც მათ სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღისა და ამ დღესთან დაკავშირებული ადამიანების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს იმ ჩვენს დიდ მამულიშვილებთან ერთად, რომელთაც მთავარი ღირებულება - ჩვენი ქვეყნის თავისუფლება - გაიხადეს ხატად და თავისი სიცოცხლე ამ მიზნის მიღწევას შესწირეს. ამას ვზეიმობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოს გრძელ ისტორიაში, რომელიც სიამაყით გვავსებს ჩვენ დღეს. ჩვენ ქედს ვიხრით იმ მამულიშვილების წინაშე, ვინც თავისი მუშაობით, სიცოცხლით გახადა შესაძლებელი დღევანდელი თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველო. ამ დღისთვის არა მარტო ჩვენი თაობა, არამედ მრავალი ათასი თაობა იღწვოდა. ჩვენ მადლობელი ვართ მათი. ამავე დროს, ვზეიმობთ მომავალ გამარჯვებას და დღეს აქ მდგომნი და ჩვენი შთამომავლებიც ჩვენი ქვეყნის დიდ გამარჯვებას, სიძლიერეს, გამთლიანებას მოესწრებიან“.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილ სამხედროებს ავღანეთიდან მიულოცა დამოუკიდებლობის დღე თავდაცვის ახალმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა. მან მიმართვაში ყურადღება ქვეყნის დამოუკიდებლობის საქმეში სამხედრო მოსამსახურეების ღვაწლზე გაამახვილა:

„საქართველოს დღევანდელი თაობა ღირსეული შვილია წინაპრის, რომელიც საუკუნის მანძილზე იბრძოდა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების და თავისუფლების განმტკიცებისთვის. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ღირსეული წინაპარი გახდეს ყოველი მომავალი თაობის. სრულიად საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა გვახსოვდეს ჩვენი გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას“.

ვარდების მოედანი იყო ერთ-ერთი ის წერტილი, რომელსაც წლევანდელ 26 მაისს განსაკუთრებით ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა. იქ თავდაცვის სამინისტრომ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ "დელტას" პროდუქციის გამოფენა მოაწყო და მოედანზე მისულ დამთვალიერებლებს ნატოს სტანდარტით დამზადებულიჯავშანტექნიკა, სხვადასხვა დანიშნულების იარაღი, თავდაცვითი საშუალებები და პოლიციური აღჭურვილობა შესთავაზა. მათ შორის, დამთვალიერებელთა, განსაკუთრებით კი ბავშვების, დიდი ინტერესი გამოიწვია ქართულმა მრავალფუნქციურმა უპილოტო ვერტმფრენმა.

წელს პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა google-მა. ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა კომპიუტერულმა საძიებო სისტემამ მთავარ გვერდზე ფოიერვერკებიანი ბანერი განათავსა, ბანერს კი ინტერნეტმომხმარებელი იმ ინფორმაციაზე გადაჰყავს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თაობაზე ინტერნეტსივრცეში მოიპოვება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG