Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იმართება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები


დამოუკიდებლობის დღე, თავისუფლების მოედანი
დამოუკიდებლობის დღე, თავისუფლების მოედანი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები და გამოფენები. რუსთაველის გამზირზე წელსაც განთავსდა სამინისტროების და სხვა სახელმწიფო უწყებების სტენდები, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

საზეიმო ცერემონიის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი. თბილისში, თავისუფლების მოედანზე ფიცი დადეს საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტებმა. ცერემონიის დაწყებამდე წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიების შესრულებისას დაღუპულთა ხსოვნას. ფიცის დადების ცერემონია ერთდროულად გაიმართა თბილისში და საქართველოს ხუთ რეგიონში, კახეთში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში.

რეკრუტებს ფიცის დადება, მთლიანად საქართველოს კი დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და ავღანეთში ამერიკული სამხედრო ძალების და ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მეთაურმა, გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა. რეკრუტების მიერ ფიცის დადების ცერემონიის დაწყებამდე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე მსვლელობა მოაწყვეს საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-12 ბატალიონის, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების „ალფა“ ასეულის, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის, დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების და პოლონეთის საპატიო ყარაულის სამხედროებმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრთან ერთად ცერემონიაში წელს პირველად მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ორკესტრი, ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნული ორკესტრი და აშშ-ის საჰაერო ძალების ორკესტრი. რეკრუტების მიერ ფიცის დადების საზეიმო ცერემონიისთვის თავისუფლების მოედანზე განლაგდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და აშშ-ის არმიის „აბრამსის“ ტიპის ტანკები და „ბრედლის“ ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები. რუსთაველის გამზირს და თავისუფლების მოედანს გადაუფრინა „იროკეზის“ ტიპის ოთხმა ვერტმფრენმა საქართველოს სახელმწიფო დროშებით. რეკრუტების ფიცის დადების ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, საზოგადოების წარმომადგენლები და თბილისში მყოფი საპარლამენტო დელეგაციები ლიტვიდან, ლატვიიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, ისრაელიდან და ჩეხეთიდან.

საღამოს 8 საათზე თბილისში, პარლამენტის შენობის წინ დაიწყება საზეიმო კონცერტი, რომელსაც უცხოელ სტუმრებთან ერთად დაესწრებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG