Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

551 ათასი ლარის ჯარიმები გარემოს დაბინძურებისთვის


ნარჩენებით გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ დადგენილ ჯარიმებს ორმაგი დატვირთვა აქვს - პირველ რიგში, ცხადია, ის გარემოს დაცვასა და შესაბამისი კულტურის დამკვიდრებას ისახავს მიზნად, მეორე მხრივ კი, ამ ღონისძიებას, ისევე როგორც სხვა საჯარიმო სანქციებს, გარკვეული ფისკალური ეფექტი აქვს. გუშინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ჯარიმებისა და შესაბამისი კონტროლის ამოქმედების შედეგად, თბილისის ბიუჯეტმა საკმაოდ სოლიდური - ნახევარ მილიონ ლარზე მეტი - შემოსავალი მიიღო.

მიმდინარე წლის განმავლობაში ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის, ჯამში, 1 594 პირია დაჯარიმებული. შპს „თბილსერვისჯგუფის“ცნობით, საანგარიშო პერიოდში ჯარიმების საერთო თანხამ 551 070 ლარი შეადგინა. რაც შეეხება საჯარიმო ოქმებს, სამსახურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი საჯარიმო ოქმი 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით, კერძოდ, სიგარეტის ნამწვით გარემოს დანაგვიანებაზე შედგა, რაც 80- ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

გადმოწერა

როგორც „თბილსერვისჯგუფში“ აღნიშნავენ, ქვეითმა ინსპექტორებმა, რომლებმაც მოქალაქეთა დაჯარიმება 20 აპრილიდან დაიწყეს, დღემდე 1 119 საჯარიმო ოქმი შეადგინეს. აქედან 1 026 დაჯარიმებული პირი უცხოელია. ამასთან, სამსახურის ინფორმაციით, 20 აპრილიდან დღემდე ქვეითი ინსპექტორების მიერ გამოწერილი ჯარიმების საერთო თანხამ 197 ათასი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სამანქანო ეკიპაჟებს, რომლებიც ძირითადად ქუჩების სამშენებლო ნარჩენებით დანაგვიანებაზეა ორიენტირებული, „თბილსერვისჯგუფში“ აცხადებენ, რომ ეკიპაჟების მიერ მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე 475 ოქმია შედგენილი. აქედან 164იურიდიული პირი იყო. ამასთან, მათ მიერ გამოწერილმა ჯარიმებმა, ჯამში, 354 070 ლარი შეადგინა.

ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება ისჯება 80 ლარით; იგივე ქმედება, ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 100 ლარით; 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 150 ლარით; იგივე ქმედება, ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 500 ლარით; ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება - 50 ლარით (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყოვნებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას); ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 150 ლარით; ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 500 ლარით; სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ: ფიზიკური პირი - 400 ლარი, იურიდიული პირი - 1 000 ლარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG