Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში დაპირისპირების მეორე დღე


ერევანში სამი მძევალი გაათავისუფლეს პოლიციის განყოფილებასთან სამართალდამცველებისა და შეიარაღებული პირების დაპირისპირებისას, თუმცა თავდამსხმელების ხელში რჩება კიდევ ოთხი ტყვე. 17 ივლისის დილას, სულ ცოტა, 10 შეიარაღებული პირი შეიჭრა ერებუნის რაიონის პოლიციის განყოფილებაში, მოკლა ერთი და დაჭრა ექვსი პოლიციელი.

ერევანში, ერებუნის რაიონის პოლიციის განყოფილების გარშემო, 18 ივლისს გრძელდებოდა წინა დღეს დაწყებული დაპირისპირება შეიარაღებულ პირებსა და სამართალდამცველებს შორის. ცნობების თანახმად, თავდამსხმელები, რომლებიც 17 ივლისის დილას შეიჭრნენ პოლიციაში, მოითხოვენ, პირველ რიგში, ოპოზიციურ ჯგუფ „დამფუძნებელი პარლამენტის“ ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის, ციხიდან გამოშვებას.

თავდამსხმელების ამ და სხვა მოთხოვნებს ჩვენი რადიოს სომხურ სამსახურთან ინტერვიუში შეეხო ოპოზიციონერი პარლამენტარი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც წუხელ ორჯერ შეხვდა და ესაუბრა თავდამსხმელებს. „შემდეგის თქმა შემიძლია: მათ მოითხოვეს, პირველ რიგში, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლება და დაპირისპირების ადგილას მიყვანა. მეორე - მოითხოვეს პრეზიდენტ სერჟ სარქსიანის გადადგომა და, მესამე, მოითხოვეს ნდობის ან ეროვნული თანხმობის და დროებითი მთავრობის შექმნა. სანამ იქ ვიყავი, არ შემიმჩნევია აგრესიული ქმედება არც ჯგუფის წევრების და არც პოლიციის წარმომადგენლებისაგან, მაგრამ, მეორე მხრივ, მესმის და ყველას გვესმის, რომ ასე სამუდამოდ ვერ გაგრძელდება“, - უთხრა ჩვენს რადიოს სომხეთის პარლამენტის წევრმა ნიკოლ ფაშინიანმა. გავრცელებული ინფორმაციით, 17 ივლისს თავდასხმისას დაიღუპა პოლიციის პოლკოვნიკი არტურ ვანოიანი. იუწყებიან აგრეთვე, რომ თავდამსხმელებიც და მათი მძევლებიც სურსათით და წამლებით მარაგდებიან.

დაპირისპირების პირველივე დღეს სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილემ, გენერალმა ჰუნან პოღოსიანმა გამორიცხა პატიმრობიდან ოპოზიციონერ ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლება და თავდამსხმელებს იარაღის დაყრისაკენ მოუწოდა. მანვე თქვა, რომ თავდამსხმელებთან მოლაპარაკება გარკვეული ხანი გაგრძელდება. მართლაც, იუწყებიან, რომ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები წუხელ მოლაპარაკებას აწარმოებდნენ შეიარაღებულ პირებთან, მაგრამ ვერ შეძლეს დაპირისპირებისათვის ბოლოს მოღება, თუმცა, გარკვეული შედეგი მაინც არის: პირველი ორი მძევლის გამოშვების შემდეგ ითქვა, რომ ამას მოლაპარაკების შედეგად მიაღწიეს.

„ვითარება ისეთივეა. მოლაპარაკებების შედეგად გათავისუფლებულ იქნენ ერთი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი - სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი. ორივე მძევლად იყო აყვანილი. ამჟამად სამართალდამცველები განაგრძობენ ოპერატიულ-საგამოძიებო და აღმკვეთი ღონისძიებების კოორდინირებას. მნიშვნელოვან ინფორმაციას სათანადო დროს მოგაწვდით“, - უთხრა ჟურნალისტებს სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილემ.

ოპოზიციურ ჯგუფ „დამფუძნებელი პარლამენტის“ პრესმდივანი ვარუჟან ავეტისიანი აცხადებს, რომ ჯგუფი იწყებს ამბოხებას და მთავრობის დამხობის მცდელობას, ამასთან, ცდილობს მიაღწიოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ფეისბუკზე გავრცელებული ვიდეოთი სომხეთის მოქალაქეებს მოუწოდებენ ქუჩაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე გასვლისაკენ, თუმცა ამ მოწოდებებს მოსახლეობის გამოხმაურება არ მოჰყოლია. ერევანში სამართალდამცველებს ალყაში ჰყავთ მოქცეული ერებუნის პოლიციის განყოფილება, მისკენ მიმავალი გზა დაჯავშნილიმანქანებით არის ჩახერგილი.

„დამფუძნებელი პარლამენტის“ წევრებს ხშირად გაუმართავთ საპროტესტო აქციები ერევანში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. ჯგუფის განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევს პრეზიდენტის პოლიტიკა მთიანი ყარაბაღის საკითხში. გასულ თვეში, 20 ივნისს, ჯგუფის ლიდერი ჟირაირ სეფილიანი და მისი ექვსი მომხრე დააკავეს, ოფიციალური პირების განმარტებით, გეგმისათვის, რომელიც ითვალისწინებდა ერევანში მთავრობის რამდენიმე შენობაზე კონტროლის დამყარებას. მოგვიანებით სეფილიანს იარაღის უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის ბრალდებები წაუყენეს.

ჟირაირ სეფილიანი ირწმუნება, რომ პოლიტიკური მოტივით დევნიან. დაპატიმრებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე მან გამოაცხადა, რომ აფუძნებს ახალ ოპოზიციურ მოძრაობას, „ეროვნული წინააღმდეგობის კომიტეტს“, რომელიც მთავრობას დაამხობს „ხალხისა და არმიის“ დახმარებით. აქამდე სეფილიანი უკვე ორჯერ იყო დაპატიმრებული - ჯერ 2006 წელს, მთავრობის დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებით. ის 2008 წელს გამოუშვეს. 2015 წელს კი ისევ დააკავეს რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად. მაშინ სეფილიანი გადატრილების მზადებაში იყო ეჭვმიტანილი, თუმცა მალევე იქნა გათავისუფლებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG