Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაიბარეს თბილისის მერი საკრებულოში


დავით ნარმანია
დავით ნარმანია

თბილისის მერი დედაქალაქის საკრებულოს წინაშე 17 მაისს წარდგება. დავით ნარმანია მზადაა უპასუხოს დეპუტატების კითხვებს თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის გაცვლისა და ბაღის საზღვართან მდებარე 29 ჰექტარი მიწის გაყიდვის თაობაზე. ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, ბოტანიკური ბაღის გარშემო მოვლენები ბიძინა ივანიშვილსა და მის მიერ დაფინანსებულ „პანორამა თბილისის“ მშენებლობას უკავშირდება. მათივე ვარაუდით, საქმეში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.

თბილისის მერი დავით ნარმანია არ აპირებდა საკრებულოში მისვლას, რასაც საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები თითქმის ერთი თვის განმავლობაში დაჟინებით მოითხოვდნენ, თუმცა საკრებულოს უმრავლესობასთან კონსულტაციის შემდეგ მერმა გადაწყვეტილება შეცვალა:

„თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მიწვევის საფუძველზე და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ 17 მაისს მივიდე საკრებულოში. უმცირესობის წარმომადგენელთა მთავარი ამოცანა შოუს მოწყობაა, რაც ჩვენს ამოცანას არ ემთხვევა, სწორედ ამის გამო გადავწყვიტე მათ დაძახილზე არ მივსულიყავი საკრებულოში“.

ნარმანიამ იმ პირველი განცხადებით გამოავლინა როგორც შეურაცხყოფა საკრებულოსადმი, ასევე ელემანტარული უცოდინრობა თვითმმართველობის კოდექსისა, სადაც პირდაპირ წერია, რომ რამდენჯერაც საკრებულო დაიბარებს, იმდენჯერ უნდა მოვიდეს მერი...
ალექსანდრე ელისაშვილი

დავით ნარმანია საკრებულოში ისაუბრებს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის გაცვლისა და „პანორამა თბილისის“ პროექტის შესახებ. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი ორს“ განუცხადა, მერი არ გაურბის საკრებულოს წევრებთან შეხვედრას და მზადაა ამ თუ სხვა ფორმატში უპასუხოს ყველა შეკითხვას და ისაუბროს ქალაქისთვის საჭირბოროტო პრობლემებზე, თუმცა საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მიიჩნევენ, რომ პრობლემების ნაწილი თავად დავით ნარმანიაა. დამოუკიდებელი დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ თბილისის მერი, დეპუტატების მოთხოვნის მიუხედავად, არ აპირებდა საკრებულოში მისვლას:

„ნარმანიამ იმ პირველი განცხადებით გამოავლინა როგორც შეურაცხყოფა საკრებულოსადმი, ასევე ელემანტარული უცოდინრობა თვითმმართველობის კოდექსისა, სადაც პირდაპირ წერია, რომ რამდენჯერაც საკრებულო დაიბარებს, იმდენჯერ უნდა მოვიდეს მერი და მერი კი არ წყვეტს, არამედ საკრებულო წყვეტს მერის მისვლას. გადაწყვეტილების შეცვლა კი აიძულა იმან, რომ ძალიან მწვავედ გააკრიტიკეს როგორც კოალიციის, ასევე პარტიის წევრებმაც. ძალიან არასერიოზული და უპასუხისმგებლო იყო მისი განცხადება და ამიტომაც ასე იოლად გატყდა“.

ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, დავით ნარმანიამ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვებს როგორც ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით, ასევე დედაქალაქში შექმნილი ქაოსისა და განუკითხაობის შესახებ, თუმცა, როგორც საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი აბესაძე ამბობს, ყველა კითხვაზე პასუხი ისედაც წინასწარაა ცნობილი:

„მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვები უკავშირდება ბოტანიკურ ბაღს და კრწანისი-შინდისის მშენებარე გზის ივანიშვილისთვის საკუთრებაში გადაცემას, რამაც გამოიწვია ის, რომ ბიუჯეტიდან გაიფლანგა მილიონობით ლარი, გაიჩეხება დამატებით ასეულობით ხე და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ თბილისის ცენტრში 400 ათასი კვადრატული მეტრი სარეკრეაციო- საერთო სარგებლობის სივრცე აღმოჩნდეს ერთი ადამიანის პირად საკუთრებაში. გულწრფელად გითხრათ, ჩვენ არ ველოდებით კონკრეტულ, დამაჯერებელ პასუხს თბილისის მერისგან, იმიტომ რომ ჩვენ ეს პასუხები უკვე მოსმენილი გვაქვს. უბრალოდ, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს თბილისის მერისა და „ქართული ცონების“ სახე“.

გადადგომიდან ან გადაყენებიდან ორ თვეში უნდა გაიმართოს რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ თუ რიგით არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი, მაშინ რიგგარეშე არჩევნები არ ინიშნება...
ირმა პავლიაშვილი

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ლაპარაკობენ ასევე თბილისის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესაძლებლობის შესახებ. თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მერი ტოვებს თანამდებობას თავისი განცხადების ან საკრებულოს მიერ უნდობლობის გამოცხადების საფუძველზე. ამასთან, უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დასაწყებად რაიმე სახის კონკრეტული საფუძველი საჭირო არაა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის ირმა პავლიაშვილის განმარტებით, მერის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში (საჭიროა საკრებულოს წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა), არჩევნებს ნიშნავს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით:

„არჩევნების თარიღი ცხადდება, ინიშნება მერის ან გამგებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არა უადრეს მერვე დღისა და არა უგვიანეს მეათე დღისა და არჩევნები უნდა გაიმართოს არ უგვიანეს 50 დღისა, ანუ გადადგომიდან ან გადაყენებიდან ორ თვეში უნდა გაიმართოს რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ თუ რიგით არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი, მაშინ რიგგარეშე არჩევნები არ ინიშნება“.

ასეთ შემთხვევაში არჩევნებამდე მერის მოვალეობას შეასრულებს ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, თუმცა დავით ნარმანიას გადასაყენებლად 34 დეპუტატის ხმაა საჭირო, ოპოზიციას კი მხოლოდ 19 ხმა აქვს. ამასთან, როგორც საკრებულოს ოპიზიციონერი წევრი ირაკლი აბესაძე ამბობს, თბილისის მერის ბედს ვერც თავად მერი წყვეტს და ვერც საკრებულოს უმრავლესობა, ყველაფერი დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილის ნებაზე.

თავად დავით ნარმანია კი დარწმუნებულია, რომ მისთვის უნდობლობის გამოცხადების არანაირი საფუძველი არ არსებობს. მისი მტკიცებით, ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით მერიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება სავსებით შეესაბამება კანონს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG