Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა არ შეჩერებულა


ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება და საქართველოს მოქალაქეების სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებაში შეფერხება არ არსებობს, - განაცხადა სამედიცინო დაზღვევის ჯგუფის, ”არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” პრეზიდენტმა, ნიკოლოზ რამიშვილმა. მან სამედიცინო დაწესებულებებს მოუწოდა შეწყვიტონ დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს დაზღვევის პროგრამა გაუქმდა ან შეჩერდა.

სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის შეჩერების, კერძოდ კი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელების ფაქტს ადასტურებს თბილისის 23-ე პოლიკლინიკის სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის წარმომადგენელი ლელა ფირცხალაიშვილიც. იგი ამბობს, რომ პრობლემა მხოლოდ „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ არ ეხება და ანალოგიური ვითარებაა, მაგალითად, სადაზღვევო კომპანია „ჯი-პი-აისთან“ დაკავშირებითაც. ლელა ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ პოლიკლინიკა დღეში საშუალოდ 100-150 დაზღვეულს ემსახურება, თუმცა, სამედიცინო სერვისის პარალელურად, ექიმებს პაციენტებისთვის იმის განმარტებაც უწევთ, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სადაზღვევო სისტემა შეუფერხებლად მუშაობს:
ახლა ჩვენ უკვე ვართ იმ ეტაპზე, რომ მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებებს და გავარკვიოთ, რეალურად დაფიქსირდა ეს ფაქტი თუ კიდევ ჭორია ...
ნიკოლოზ რამიშვილი

” ‘არქიმედემ’ დააკონტრაქტა თითქმის ყველა პოლიკლინიკა, გარდა მათი კონკურენტი სადაზღვევო კომპანიებისა. მათი თანამშრომლები ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ „არქიმედეს გლობალ-ჯორჯია“ გაკოტრდა, რომ ეს პროგრამა არის ერთთვიანი და შემდეგ აღარ იქნება. პაციენტები მოდიან გაღიზიანებულები. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვეულებრივად გრძელდება ეს პროგრამა, ჩვეულებრივად ვმუშაობთ, დადგენილი ვადებით და პროგრამით.”

„არქიმედეს გლობალ-ჯორჯიას“ პრეზიდენტი ნიკოლოზ რამიშვილი განმარტავს, რომ დაზღვეული მოქალაქეების შეშფოთების მიზეზი არ არსებობს, კომპანია მოსახლეობის მომსახურებას სადაზღვევო პირობების შესაბამისად განაგრძობს და დაზღვეულები ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მიღებას უწყვეტ რეჟიმში მომუშავე ცხელი ხაზის დახმარებით შეძლებენ:

”იყო ნახსენები სახელები, გვარები, რომლებსაც ჩვენ დავუკავშირდით და ვკითხეთ, თუ რომელ სამედიცინო დაწესებულებაში არ გაუწიეს მომსახურება. ახლა ჩვენ უკვე ვართ იმ ეტაპზე, რომ მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებებს და გავარკვიოთ, რეალურად დაფიქსირდა ეს ფაქტი თუ კიდევ ჭორია. და თუ რეალურად დაფიქსირდა, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ყველა ფაქტის მოძიებას და, შესაბამისად, რეაგირებას მოვახდენთ ადეკვატურად ყველა იმ ქმედებაზე, რომელიც იყო ჩადენილი სადაზღვევო კომპანიის მიმართ.”
იყო ერთი სიუჟეტი ტელევიზიაში, მე მგონი, „მეცხრე არხზე“ და ერთი ფეისბუკზე ვიღაცამ დაწერა, არ მემსახურებაო. მეტი სხვა, მასშტაბური პრეტენზია, როგორც მე ვიცი, არ დაფიქსირებულა, „არქიმედეს“ ვგულისხმობ ...
თინა სტამბოლიშვილი

ნიკოლოზ რამიშვილი, შესაბამისად, ირწმუნება, რომ „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ ფინანსური პრობლემები არ აქვს და იგი აღებული ვალდებულებების ფარგლებში განაგრძობს პარტნიორულ თანამშრომლობას როგორც უშუალო პროვაიდერებთან, ასევე არაპროვაიდერ, არაკონტრაქტორ კლინიკებთან. რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან დაზღვეულებისთვის სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდევინების და, ზოგადად, სადაზღვევო კომპანიის საქმიანობის შესახებ დეზინფორმაციის ფაქტებს, ნიკოლოზ რამიშვილი ამ ეტაპზე კონკრეტულ შემთხვევებს არ ასახელებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ცალკეული საქმეები სასამართლოსაც გადაეცეს.

პოლიტიკური ცვლილებების გავლენას დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ეფექტურობაზე, თავის მხრივ, პრაქტიკულად გამორიცხავს სადაზღვევო კომპანია ”ჯი-პი-აის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თინა სტამბოლიშვილი:

”იყო ერთი სიუჟეტი ტელევიზიაში, მე მგონი, „მეცხრე არხზე“ და ერთი ფეისბუკზე ვიღაცამ დაწერა, არ მემსახურებაო. მეტი სხვა, მასშტაბური პრეტენზია, როგორც მე ვიცი, არ დაფიქსირებულა, „არქიმედეს“ ვგულისხმობ. ჩვენ რაც შეგვეხება, არანაირი პრობლემა, რა თქმა უნდა, არ არის, ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მომსახურებას. ჩვენ რაიონულ საავადმყოფოებშიც და თბილისშიც გვყავს დაზღვეულები სახელმწიფო პროგრამით. თუმცა როგორც ადრე, ისე ახლაც შეიძლება, რომ იყოს გარკვეული რაოდენობა ხალხის, ვინც უკმაყოფილოა. ცოტაა ასეთი ადამიანი, მაგრამ ყოველთვის არსებობს.”

ამ დროისათვის საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევის ორი სახელმწიფო პროგრამა მუშაობს - ერთია უმწეოებისა და პედაგოგების, რომელიც, ძველი მთავრობის დადგენილებით, 2013 წლის ბოლოს მთავრდება, მეორე კი ამ ერთი თვის წინათ დაწყებული პროგრამა, რომელიც ასაკით პენსიონერებს, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და სტუდენტებს მოიცავს. საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის ხელმძღვანელის გიორგი გიგოლაშვილის აზრით, სადაზღვევო ბაზრის სირთულიდან გამომდინარე, მოქმედი პროგრამების ფუნქციონირება სასურველია ვადის ამოწურვამდე არ შეწყდეს:

”მინიმუმ ბოლო პოლისის მოქმედება სანამ არ დამთავრდება უკვე აღებულ ვალდებულებებზე, რაც 2013 წლის სექტემბერში თუ დეკემბერში მთავრდება, ზუსტად არ მახსოვს, იქამდე, უბრალოდ, ვერ შეწყდება ეს სადაზღვევო პროცესი. და, ალბათ, არც უნდა გააუქმოს. და ახლა სიახლის ძებნა რაც იქნება, მომავალ ბიუჯეტებში უნდა ჩაჯდეს, მომავალში არსებული პროგრამის დასრულებიდან ან მინიმუმ ერთი წლის გასვლის შემდეგ უნდა დაიწყოს ამ საკითხის რეორგანიზაცია. ეს ჩემი აზრია მხოლოდ.”

გიორგი გიგოლაშვილის თანახმად, ძალზე რთულია სადაზღვევო პროგრამის დროზე ადრე შეწყვეტა ისე, რომ არ შეილახოს როგორც დაზღვეულის, ისე სადაზღვევო კომპანიის უფლებები. მისივე შეფასებით, ამ ეტაპზე სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამები პრაქტიკულად შეფერხების გარეშე მუშაობს, ცალკეული პრობლემური შემთხვევები კი, სავარაუდოდ, განპირობებული იყო მომავალი მთავრობის იმ ინიციატივის გაჟღერებით, რომელიც სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის მიერ განხორციელებას ითვალისწინებს. საზოგადოების ნაწილმა, ამბობს გიორგი გიგოლაშვილი, როგორც ჩანს, სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მოქმედი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამები უკვე გაუქმებულია.
XS
SM
MD
LG