Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნია-ჰერცეგოვინა დეიტონის შეთანხმებიდან 20 წლის შემდეგ


ბოსნია-ჰერცეგოვინა
ბოსნია-ჰერცეგოვინა

ავტორები: არნეს გრბეშიჩი, ჯენანა კარაბეგოვიჩი და ივანა ბილიჩი

20 წლის წინ, 1995 წლის 21 ნოემბერს, ხელი მოეწერა დასავლეთის შუამავლობით შედგენილ დეიტონის შეთანხმებას, რომელმაც წერტილი დაუსვა სამწლიან სისხლისმღვრელ კონფლიქტს ყოფილი იუგოსლავიის ბოსნიის რესპუბლიკაში და შექმნა წინაპირობა პოლიტიკური მოწესრიგებისათვის. თუმცა ორი ათეული წლის შემდეგაც ბევრი ბოსნიელი მოქალაქე - მუსლიმანი ბოსნიელები, მართლმადიდებელი სერბები და კათოლიკე ხორვატები - მკაცრად აკრიტიკებენ და არაქმედითს უწოდებენ დეიტონის შეთანხმებას და მის საფუძველზე შექმნილ დეფექტიან მმართველობას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეთნიკურ დაძაბულობას.

როდესაც მარკო და კატა პრანჯიჩები ოცი წლის წინ თავიანთ მშობლიურ სოფელ მალკენოვაცში დაბრუნდნენ, ისინი იმედოვნებდნენ, რომ ოჰაიოში მდებარე დეიტონის საავიაციო ბაზაზე ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უკან დარჩებოდა მთელი ის საშინელება, რამაც სამი წლის განმავლობაში მათი ქვეყანა მოიცვა. მაგრამ მოხუცი წყვილი იმედგაცრუებული დარჩა, როდესაც გაირკვა, რომ გამყოფი ხაზი მათ სახლ-კარზე გადიოდა.

„როდესაც მაკლენოვაცში დავბრუნდით, ჩვენი სახლის კარებზე დაგვხვდა წარწერა, რომელიც გვამცნობდა, რომ ჩვენი სახლის სადარბაზო ამიერიდან ბოსნიელ ხორვატთა ფედერაციაში იმყოფებოდა, ხოლო შენობის დანარჩენი ნაწილი - რესპუბლიკა სპრსკაში“, ნაძალადევი ღიმილით იხსენებს მარკო პრანჯიჩი, რომლის მდგომარეობა ნიშანდობლივია დღევანდელ ბოსნიაში, სადაც გაყოფილი აღმოჩნდა სამეზობლო, სკოლები და საავადმყოფოებიც კი.

20 წლის წინ, 1995 წლის 21 ნოემბერს, დასავლეთის შუამავლობით ხელმოწერილმა დეიტონის შეთანხმებამ წერტილი დაუსვა კონფლიქტს ყოფილი იუგოსლავიის ბოსნიის რესპუბლიკაში, სადაც, სამწლიანი სისხლისმღვრელი ბრძოლების შედეგად, 100 ათასი ადამიანი დაიღუპა.

თუმცა ორი ათეული წლის შემდეგაც ბევრი ბოსნიელი მოქალაქე - იქნება ის მუსლიმანი ბოსნიელი, მართლმადიდებელი სერბი თუ კათოლიკე ხორვატი - მკაცრად აკრიტიკებს და არაქმედითს უწოდებს დეიტონის შეთანხმებას და მის საფუძველზე შექმნილ ავტონომიურ მმართველობას.

დეიტონის შეთანხმების მომხრეები კი დოკუმენტის მთავარ ამოცანად სისხლისღვრის შეწყვეტას და მშვიდობის უზრუნველყოფას მიიჩნევენ. რაც შეეხება პოლიტიკური მოწყობის მისაღებ მოდელს, ეს თავად ბოსნიელებმა უნდა შეიმუშაონო, - ამბობს ბრიტანელი პოლიტიკოსი პედი ეშდაუნი, რომელიც 2002-2006 წლებში ბოსნიაში საერთაშორისო საზოგადოების უმაღლესი წარმომადგენელი იყო:

„ამ მყიფე სახელმწიფოს საძირკველში სულ რამდენიმე მძლავრი ქვა ჩაიდო და მათ შორის ერთ-ერთია დეიტონის შეთანხმება. მაგრამ, თუ თქვენ მხოლოდ დეიტონზე შეჩერდებით, მაშინ ვერასოდეს ააშენებთ ქმედობაუნარიან სახელმწიფოს. ეს სწორედ ისაა, რასაც არსებითად დეიტონში ჩავუყარეთ საფუძველი“.

ბოსნია მმართველობითი ფორმით, მართლაც, არაფრით ჰგავს სხვა რომელიმე ევროპულ ქვეყანას. ტერიტორია ორი სუბიექტისგან - ბოსნიელ ხორვატთა ფედერაციისა და რესპუბლიკა სპრსკასგან - შედგება. თითოეულს თავისი პრეზიდენტი, მთავრობა, პოლიცია და პარლამენტი ჰყავს. ცალკეა კიდევ ბრჩკოს ნეიტრალური სტატუსის მქონე რეგიონი, რომელიც სერბებით, ხორვატებითა და ბოსნიელებით დაკომპლექტებული შერეული ავტონომიური ხელისუფლების მიერ იმართება.

ასეთი მოდელი ყოველდღიურ ცხოვრებაში, მართლაც, ბევრ თავსატეხს უჩენს ბოსნიელებს და ამის ნათელი მაგალითია საშუალო განათლება და ჯანდაცვის სისტემა.

პრინციპით „ორი სკოლა ერთ ჭერქვეშ“ ბოსნიაში არსებული სკოლები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოწაფეებისათვის განსხვავებული სასწავლო პროგრამებით მუშაობენ. ბოსნიელ-ხორვატთა ფედერაციაში ასეთი სკოლების რაოდენობა 50-ს აღწევს. სკოლებში ბავშვები ერთი შესასვლელით შედიან, მაგრამ განსხვავებულია სასწავლო ოთახები, მასწავლებლები, სასწავლო კურსები და თვით სათამაშოებიც კი.

„მათ განსხვავებული სარწმუნოება აქვთ“, - ასე პასუხობს სარაევოდან 20 კილომეტრით დაშორებულ ბრესტოვსკოს სკოლის მოსწავლე ხორვატი ბიჭუნა შეკითხვაზე, ჰყავს თუ არა მას ბოსნიელი მეგობარი. ეთნიკური ნიშნით გაყოფა ბოსნიაში იზრდება სხვა მხრივაც.

სარაევოს ოლქის ხელმძღვანელობამ წლის დასაწყისში მიიღო კანონი, რომელიც მკაცრ ჯარიმას ითვალისწინებს იმ ტაქსის მძღოლებისათვის, რომლებიც სერბიულ ტერიტორიაზე გადავლენ. აღმოსავლეთ სარაევოს ხელისუფლებამ, რომელიც რესპუბლიკა სპრსკას ტერიტორიაზე მოქმედებს, სწრაფადვე უპასუხა მას ანალოგიური კანონმდებლობით, რომელიც ტაქსის მძღოლებს უკრძალავს მგზავრთა გადაყვანას სარაევოს ბოსნიურ ნაწილში.

მაშინ როცა ასეთი რეგულაცია მძიმედ აისახება ტაქსის მძღოლების ფინანსურ შემოსავლებზე, ბოსნიის ეთნიკური ნიშნით გაყოფა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია ავადმყოფი პაციენტებისათვის. ასეთ პირობებში, პაციენტებს უფლება აქვთ იმკურნალონ მხოლოდ მათსავე სუბიექტში მდებარე საავადმყოფოებში მაშინაც კი, თუ უფრო ახლოს მდებარეობს მეორე სუბიექტის განკარგულებაში არსებული საავადმყოფო. ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანებს ზოგჯერ ათეულობით და ასეულობით კილომეტრის სიგრძის დანგრეული გზის გავლა უხდებათ იმისათვის, რომ დანიშნულების პუნქტამდე მივიდნენ. „არსებული სისტემის გამო ჩვენ ვიმყოფებით სიცოცხლისათვის საშიშ ვითარებაში და მრავალი ადამიანი გვეღუპება“, - უთხრა ჩვენს რადიოს ლამენტს სოლაკოვიჩმა, მუსლიმანმა ბოსნიელმა ქირურგმა, რომელმაც იმით გაითქვა სახელი, რომ 2011 წელს ოპერაცია ჩაუტარა რესპუბლიკა სპრსკაში მცხოვრებ კაცს, რომელსაც გულის შეტევის შემდეგ გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG