Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: არავითარი ფედერალიზაცია და არავითარი განსაკუთრებული სტატუსი!


პეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო

31 აგვისტოს უკრაინის პარლამენტი ძალიან მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებას, ქვეყნის დეცენტრალიზაციის რეფორმას, უყრის კენჭს. ამ მოვლენასთან დაკავშირებით სპეკულაციები რომ გაეფანტა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დეცენტრალიზაცია არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს არც ქვეყნის ფედერალიზაციას და არც „განსაკუთრებული სტატუსის“ მინიჭებას ქვეყნის რომელიმე რეგიონისათვის.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყნის „მტრები“ უწოდა იმათ, ვინც ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე ომის დროს დაჟინებით ცდილობს რეფორმების გატარებას. 28 აგვისტოს პეტრო პოროშენკოს ბლოკ „სოლიდარობისა“ და „უდარის“ პარტიის ერთობლივ კონგრესზე სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „რეფორმების გარეშე“ უკრაინას არავითარი შანსი არ აქვს:

„ორშაბათს, 31 აგვისტოს, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გველოდება - დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრა პარლამენტის საგანგებო სესიაზე. ვინ გვდებს ჩვენ ბრალს იმაში, რომ ომის დროს მთელი ძალით ვცდილობთ რეფორმების გატარებას? ვინ აკეთებს ამას? ქვეყნის მტრები. უკრაინა რეფორმების გარეშე სუსტია. რეფორმების გარეშე უკრაინას არავითარი შანსი არ აქვს. რეფორმების გარეშე ჩვენ მხოლოდ დავაკონსერვებთ უკრაინის უძლურებას“.

მტრების თემა პეტრო პოროშენკომ საკუთარ გამოსვლაში უფრო განავრცო, როდესაც მოსკოვის ზრახვებზე საუბრობდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ მოახერხა და „ღრმა იატაკქვეშეთში“ უკრა თავი “მეხუთე კოლონას“, მოსკოვი ეძებს გზებს ათასი ჯურის ფსევდოპატრიოტული გაერთიანებების შექმნისა და უკრაინელთა ჭეშმარიტად პატრიოტული გრძნობების მანიპულირებისათვის.:

„ეს არის ფსიქოლოგიური ომი. და გუშინ, 28 აგვისტოს, ბრიუსელში ყოფნის დროს, ჩვენ ამაზეც ვსაუბრობდით, რადგან ევროპა ერთიანდება რუსეთის მიერ გაჩაღებული ფსიქოლოგიური ომის წინააღმდეგ - იმ ომისა, რომელიც არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის წინააღმდეგ წარმოებს. ევროპა ასევე დაეხმარება უკრაინას, რომ გაიმარჯვოს სავაჭრო ომშიც, ვინაიდან რუსეთი ჩვენ საკუთარ ბაზარსაც გვიკეტავს“.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ბრიუსელში 28 აგვისტოს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდა. საუბრის თემა იყო უკრაინის წინაშე მდგარი გამოწვევები და ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში. დონალდ ტუსკმა იმედი გამოთქვა, რომ 26 აგვისტოს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის ახალი ხელშეკრულება ხელს შეუწყობს მინსკის შეთანხმებათა სრულად შესრულებას. ამ შეხვედრიდან უკრაინის ლიდერი იმედიანად დაბრუნდა.

„ევროპაში მოზღვავებულ მიგრანტებთან, ირანის ბირთვულ პროგრამასთან, სირიასა და ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, უკრაინის ინტერესების დაცვა ევროპისათვის პირველი რიგის პრობლემააო“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ 28 აგვისტოს კიევში, რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტის - პეტრო პოროშენკოს ბლოკის „სოლიდარობისა“ და „უდარის“ პარტიის - ერთობლივ კონგრესზე სიტყვით გამოსვლის დროს.

თავის მომხრეებს პეტრო პოროშენკო დაჰპირდა, რომ „ქვეყნის დეცენტრალიზაცია არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს არც ქვეყნის ფედერალიზაციას და არც „განსაკუთრებული სტატუსის“ მინიჭებას რომელიმე რეგიონისათვის“, თუმცა მანამდე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილების რედაქცია, რაც კიევმა საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგად მიიღო, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისათვის სწორედ განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG