Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილებისთვის: ანკესი თევზის ნაცვლად


„დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს" პრეზენტაცია
„დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს" პრეზენტაცია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში შეიქმნა „დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“, რომლის პრეზენტაციაც 11 დეკემბერს გაიმართა. როგორც სააგენტოს წარმომადგენლები განმარტავენ, ამ სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დევნილთა პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზება, რაც ხელს შეუწყობს დევნილთა სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებულებიდან მათ თვითუზრუნველყოფაზე გადასვლას. რას გულისხმობენ სააგენტოს წარმომადგენლები და როგორია დევნილთა მოლოდინი?

„დევნილს, რომელსაც დახმარება სჭირდება, თევზს კი არ ვაწვდით, ანკესს ვთავაზობთ, რომ თევზი თვითონ დაიჭიროს“, - აი, ასე ეხმაურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი „დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ შექმნას, რომლის პრეზენტაციაც 11 დეკემბერს შედგა. მინისტრის განმარტებით, დევნილთა სამინისტრო ცვლის მიდგომას იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისადმი. პირველადი განცხადებით, სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიზანი იქნება ზრუნვა დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, დასაქმებასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე:

„დღემდე სახელმწიფოს ზრუნვა დევნილებზე გამოიხატებოდა მათი ბინებით უზრუნველყოფაში - ეს ტემპი იყო ძალიან დაბალი - და ასევე იმ ყოველთვიურ დახმარებებში, რომელიც ასევე არის არასაკმარისი ღირსეული არსებობისათვის. შედეგი იყო ის, რომ დევნილებში ორჯერ მაღალია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არიან და ორჯერ მაღალია უმუშევართა რაოდენობა. აი, ეს უთანასწორობა უნდა აღმოიფხვრას და ამისათვის საჭიროა შესაბამისი პოლიტიკის გატარება.

სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი

სააგენტო, რომელიც დღეს შეიქმნა, სწორედ იმას ემსახურება, რომ გაქრეს უთანასწორობა და დევნილებს ჰქონდეთ ღირსეული მუშაობის საშუალება“, - ამბობს სოზარ სუბარი.

სოზარ სუბარის განმარტებით, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სხვა სახელმწიფო სტრუქტურებისა თუ სამინისტროების ჩართულობით უზრუნველყოფს დევნილთა გადამზადებას, პროფესიული უნარების ჩამოყალიბებასა თუ დასაქმებას. სწორედ ამ მიზნით 11 დეკემბერს დევნილთა სამინისტროსა და ჩინურ კომპანია „ხუალინგ ჯგუფს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, კომპანია, რომელიც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე სავაჭრო, სპორტულ და საცხოვრებელ კომპლექსებს აშენებს, დევნილებს როგორც საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს, ისე მათ დასაქმებასაც ხელს შეუწყობს. სოზარ სუბარის თქმით, გასულ თვეში აღნიშნულ ტერიტორიაზე დევნილთა სამინისტრომ 218 საცხოვრებელი ბინა შეისყიდა დევნილებისთვის:

„ეს არის ჩინურ კომპანია „ხუალინგ ჯგუფთან“ ხელშეკრულების მოწერის მეორე ეტაპი. ორი ახალი კორპუსის გადმოცემას მოეწერა ხელი, რაც იქნება დამატებითი 80 საცხოვრებელი ფართი თბილისის ზღვაზე დევნილებისათვის. ეს თემა ასევე პირდაპირ კავშირშია დევნილთა დასაქმებასთან, რადგან ეს დასახლება, რომელიც თბილისის ზღვაზე აშენდა, პრაქტიკულად არის გამართული ინფრასტრუქტურით, უამრავი სამუშაო ადგილით და ადამიანებს, რომლებიც იქ იცხოვრებენ, ექნებათ საშუალება იშოვონ სამუშაო. ჩვენ მათ დავეხმარებით სამუშაოს შოვნაში, ასევე კვალიფიკაციის ამაღლებაში, როცა ამის საჭიროება დადგება“.

აქ ხალხისთვის საცხოვრებელი პირობებიც კი არ არის. მე მინდა, რომ ვინმე მოვიდეს და ვაჩვენო ჩემი ბინა, თუ რა ხდება სამზარეულოში, რა ხდება ტუალეტში და რა ხდება კედლებში...
კარლო იაშვილი

ახლად შექმნილი სააგენტოს ხელმძღვანელი თეიმურაზ ბაქრაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრობს იმ მექანიზმზე, რომლითაც მომავალში განხორციელდება დევნილთა სხვადასხვა პროგრამებში ჩართვა და, შედეგად, მათი დასაქმება. მისი განმარტებით, პირველ ეტაპზე დევნილების დასაქმება იგეგმება სამი მიმართულებით: პირველი, დასაქმება მრეწველობაში - მშენებლობებზე, ქიმიურ-გადამამუშავებელ საწარმოებში, სამშენებლო მასალების წარმოებაში, მსუბუქ მრეწველობასა და სხვა; მეორე, სამომხმარებლო სექტორსა და ინოვაციებში - მაგალითად, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა დასაქმება ტურისტულ სექტორში, ნარჩენების გადამუშვება, საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარება და, მესამე და ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ეს არის დასაქმება სოფლის მეურნეობაში - მეცხოველეობა, სასათბურე და სასაწყობე მეურნეობა და სხვა. როგორ გეგმავს სააგენტო დევნილებისათვის დასაქმებისა თუ პროფესიული გადამზადების შეთავაზებას? რა მექანიზმები არსებობს ამისთვის? - ვკითხეთ თეიმურაზ ბაქრაძეს. პირველ რიგში, მისი თქმით, აუცილებელია მედიის ჩართულობა, რათა დევნილებამდე მივიდეს აღნიშნული სააგენტოს შექმნის თაობაზე ინფორმაცია. გარდა ამისა, არსებობს სხვა გზაც:

„მთავარია, რომ შექმნილია ბაზა, საიდანაც განცხადებით მივმართავთ იმ დევნილებს, რომლებიც შესაძლებელია იმ დარგებში დასაქმდნენ, რა პროექტებიც იქნება სააგენტოში. ბევრი უწყებაა ჩართული ამ პროექტების შერჩევაში, ისევე როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.

თეიმურაზ ბაქრაძე
თეიმურაზ ბაქრაძე

ჩვენ უშუალო კავშირი გვაქვს მსხვილ მშენებლობებთან. კავშირი გვაქვს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და ყველანაირად აღგვითქვეს დახმარება. ისინი დევნილებს ჩართავენ იმ პროექტებში, რომლებიც გზების გაყვანასთან არის დაკავშირებული. დევნილებისთვის იქნება გამოყოფილი გარკვეული კვოტები“.

დევნილთა ინფორმირებულობის ნაკლებობაზე მიუთითებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენელი მარიამ რობიტაშვილი. ორგანიზაცია უკვე თვეებია აქტიურად ახორციელებს პროექტს რეგიონებში დევნილ ქალთა საჭიროებების შესახებ. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მარიამი ამბობს, რომ სააგენტოს მიზნების სათანადოდ განსახორციელებლად, პირველ რიგში, სწორედ დევნილთა ინფორმირებულობის გაზრდაა საჭირო:

„მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანიის წარმოება. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზია ყველა კუთხით, არამხოლოდ დევნილებთან მიმართებაში. მათ არ აქვთ ინფორმაცია თუნდაც იმ ძირითად სერვისებზე, რა სერვისებსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს. გარდა ასეთი მასშტაბური ღონისძიებებისა, ადგილზე ინფორმაციის მიწოდება და უშუალოდ მოსახლეობასთან შეხვედრა, ვფიქრობთ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ სწორედ ამ მეთოდს ვიყენებთ, ვხვდებით თითოეულ ადამიანს, თითოეულ ოჯახში მივდივართ და ვიღებთ ამომწურავ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა პრობლემები აქვთ მათ.

მარიამ რობიტაშვილი
მარიამ რობიტაშვილი

იმდენად მასშტაბური და მრავალმხრივია პრობლემები, რომ აუცილებელია, რომ მათი საჭიროებები დეტალურად იყოს შესწავლილი“.

გაგრიდან დევნილი კარლო იაშვილი ორი წელია თეთრწყაროში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში, ცხოვრობს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ წლების მანძილზე მას ხელისუფლებისგან არაერთი დაპირება მოუსმენია, თუმცა შედეგი ჯერჯერობით არ უნახავს. სწორედ ამიტომ, სკეპტიკურად უყურებს ის „დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ შექმნას და ამბობს, რომ სანამ დევნილთა გადამზადებასა და დასაქმებაზე დაიწყებდეს ხელისუფლება ზრუნვას, მანამდე მათთვის სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნაზე უნდა დაფიქრდეს:

„აქ ხალხისთვის საცხოვრებელი პირობებიც კი არ არის. მე მინდა, რომ ვინმე მოვიდეს და ვაჩვენო ჩემი ბინა, თუ რა ხდება სამზარეულოში, რა ხდება ტუალეტში და რა ხდება კედლებში. ყველას სახელით მივესალმები, თუკი რაიმეს აკეთებენ ჩვენი კეთილდღეობისთვის, პირობების გაუმჯობესებისთვის, მაგრამ ის ხარვეზები და ის არაადამიანური პირობები - არაფერი არ არის აღმოფხვრილი. აი, ეს მინდა გითხრათ“.

რაც შეეხება სააგენტოს ბიუჯეტს, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, ის დაფინანსდება საბიუჯეტო ასიგნებებით, მეგობარ სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ასევე ქართული და უცხოური ინვესტიციებით.

XS
SM
MD
LG