Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიცში რამდენიმე სახლი მავთულხლართების მიღმა რჩება


რუსი მესაზღვრეები დღეს სოფელ დიცის ტერიტორიაზე აღარ გამოჩენილან, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობისთვის უცნობია, უკვე ჩარჭობილ ძელებზე მავთულხლართებს როდის გააბამენ. ძელებს მიღმა კი ბერუაშვილების საგვარეულო სასაფლაო, სარწყავი წყლის სათავე ნაგებობა, დამუშავებული მიწის ნაკვეთები, საძოვარი და 4 სახლი რჩება, გოდერძი ბერუაშვილმა დღეს მეუღლის საფლავი მოინახულა. ხვალ შეიძლება, ეგრეთ წოდებული ახალი საზღვრის გამო რუსებმა ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღარ შეუშვან.

დიცის მცხოვრებლებს დღეს კითხვები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთანაც ჰქონდათ. დიცში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ჩავიდა. საუბარმა დიდხანს გასტანა.

ვოლსკის აზრით, რუსეთთან და თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთთან მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნია, ამისთვის კი საქართველომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა უნდა გამოიყენოს.

არცერთი მეტრი მიწის დათმობას არ აპირებს საქართველოს ხელისუფლება, – ეს განცხადება გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოსო ვახტანგაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ყველა დონეზე პრინციპულად დასვამს ეგრეთ წოდებული საზღვრების გადმოწევის პროცესის შეჩერების საკითხს.

დეპუტატები გია ვოლსკი და სოსო ვახტანგაშვილი მოსახეობას შეხვდნენ.
დეპუტატები გია ვოლსკი და სოსო ვახტანგაშვილი მოსახეობას შეხვდნენ.
დიცელებმა დეპუტატებს აუხსნეს, რომ რუსები ყოფილი ავტონომიური ოლქის რუკებით ხელმძღვანელობენ; ის მინდორი კი, სადაც ძელები ჩასვეს, ადრე სოფელ ერედვის ადმინისტრაციულ საზღვრებში შედიოდა. ერედვი საბჭოთა მმართველობის დროს ავტონომიური ოლქის სოფელი იყო, მაგრამ აგვისტოს ომამდე ამ ქართულ სოფელში საქართველოს ხელისუფლების კონტროლი ვრცელდებოდა. ომის შემდეგ ერედვის ოკუპაცია მოხდა. ახლა რუსები მის მიმდებარე ტერიტორიასაც ღობავენ, სადაც დიცის ნაწილიც მოექცა.

რუსული ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა დავით აღმაშენებლის ეროვნულ აკადემიაში გამოსვლისას. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის მომხდარის გამო საქართველოს მთავრობას არ ადანაშაულებს.

სამშაბათს, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ფილიპ დიმიტროვს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამინისტრო დიპლომატიური ზომების მიღებას განაგრძობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს უკვე გაუგზავნა საპროტესტო ნოტა, რომელშიც უკანონო ქმედებების აღკვეთა მოითხოვა. საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკანიანი სტრასბურგშიც ისაუბრებს, სადაც საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის რიგით მეშვიდე კონსოლიდირებული მოხსენება უნდა განიხილონ. ეგრეთ წოდებული საზღვრების გადმოწევის საკითხი ერგნეთის შეხვედრაზე და ჟენევის დისკუსიის მორიგ რაუნდზეც განიხილება.
XS
SM
MD
LG