Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი აშშ-ს ადანაშაულებს მანჩესტერში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებული სადაზვერვო ინფორმაციის გაჟონვაში


22 მაისს მანჩესტერში ამერიკელი პოპ-მომღერლის კონცერტზე მომხდარი სისხლიანი თავდასხმიდან მალევე ბრიტანეთის ხელისუფლება აფეთქებასთან დაკავშირებული სადაზვერვო ინფორმაციის გაჟონვაზე ალაპარაკდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ, და სხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებმა ამაში ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულეს. ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, ინფორმაციის გამჟღავნებას, შესაძლოა, დაბრკოლებები შეექმნა აფეთქებასთან დაკავშირებულ დამნაშავეთა ქსელის გამოვლენის საქმეში. ბრიტანეთის ბრალდებების პასუხად, ვაშინგტონი აცხადებს, რომ აშშ-ის მთავრობამ დაიწყო გამოძიება ინფორმაციის გაჟონვის საქმეზე.

გადმოწერა

მანჩესტერში მომხდარ აფეთქებას, რომელსაც 22 ადამიანის - მათ შორის 12 ბავშვის - სიცოცხლე შეეწირა, დასავლეთის მედიაში თავდასხმასთან დაკავშირებული დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება მოჰყვა, რასაც ოფიციალური პირები აფასებენ როგორც „სადაზვერვო ინფორმაციის გაჟონვას“. ბრიტანეთის ხელისუფლება ხელს აშშ-ისკენ იშვერს. ცნობების თანახმად, საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე საათში აშშ-ის მედიამ გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნახსენები იყო მთავარი ეჭვმიტანილის, თვითმკვლელი ტერორისტის, 22 წლის სალმან აბედის სახელი. ამავე დროს, აშშ-ის გავლენიანი გამოცემის, „ნიუ იორკ ტაიმსის“, გვერდებზე გამოჩნდა ფოტოები, რომლებშიც ასახული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობის სისხლიანი ნარჩენები და, ასევე, ზურგჩანთა, რომელიც ბომბის გადასატანად გამოიყენეს. მანჩესტერის პოლიცია შიშობდა, რომ აფეთქების შესახებ აშშ-ის მედიაში სადაზვერვო ინფორმაციის გაჟონვას, შესაძლოა, დაბრკოლებები შეექმნა ასაფეთქებელი მოწყობილობის სავარაუდო შემქმნელის ძებნის ოპერაციისთვის იმ დროს, როდესაც ის ჯერ კიდევ არ დაუკავებიათ. მანჩესტერის პოლიციის უფროსის, იან ჰოპკინსის, თქმით, გამოძიება კვლავ გრძელდება და ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ინფორმირებულნი არიან დაღუპულთა ოჯახის წევრები:

„გამოძიების პარალელურად, გვყავს ოჯახურ ურთიერთობათა საკითხების საგანგებოდ მომზადებული სპეციალისტები. ისინი მუშაობენ იმ ადამიანების ოჯახებთან, რომლებიც ტრაგიკულად დაიღუპნენ ორშაბათის თავდასხმისას. წუხელ ოჯახური ურთიერთობების სპეციალისტებმა ამ ოჯახებს შეატყობინეს, რომ გასაიდუმლოებულმა ინფორმაციამ გაჟონა და გამოქვეყნდა „ნიუ იორკ ტაიმსში“. სრულიად გასაგებია იმედგაცრუება და გულის დაწყვეტა, რაც მოუტანა ამან ოჯახებს, რომლებიც ისედაც იტანჯებოდნენ, როგორც ყველას შეუძლია ამის წარმოდგენა“, - უთხრა რეპორტიორებს მანჩესტერის პოლიციის უფროსმა.

ინფორმაციის გაჟონვამ გააღიზიანა ბრიტანეთის ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს, რომ თვითმკვლელი მოიერიშე, 22 წლის სალმან აბედი, დამნაშავეთა ქსელის წევრია. გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებულ ცნობებს დღესვე მოჰყვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის, განცხადება, რომლის თანახმად, ის პირადად აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, „განუმარტავს“ იმას, რომ ორ ქვეყანას შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის პროცესი დაცული უნდა იყოს. ბრიტანეთის საშინაო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ამბერ რუდიმ კი აღნიშნა, რომ ის „გააღიზიანა“ ინფორმაციის გაჟონვამ, რასაც მოჰყვა მისი გაფრთხილება ვაშინგტონის მისამართით, რომ იგივე აღარ განმეორდეს.

ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ცნობებს გამოეხმაურა ბრიტანეთში აშშ-ის ელჩი ლუის ლუკენსი, რომლის თქმითაც, ასეთი ფაქტი „ერთხმად დასაგმობია“. ტელეკომპანია „ბი-ბი-სისთან“ საუბრისას ელჩმა დაადასტურა, რომ ვაშინგტომა დაიწყო გამოძიება ინფორმაციის გაჟონვის საქმეზე და „ისინი შესაბამის ზომებს მიმართავენ, როგორც კი გამოვლინდება, თუ ვინ იდგა ამ ქმედების უკან“. მანამდე სწორედ ეს არხი იუწყებოდა, წყაროების დამოწმების გარეშე, რომ ინფორმაციის გაჟონვის პასუხად, ბრიტანეთის პოლიციამ შეწყვიტა ინფორმაციის გაზიარება შეერთებულ შტატებთან მანჩესტერში მომხდარი თავდასხმის გამოძიებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესმა“ თავის ცნობაში გამოიყენა ბრიტანეთის ანონიმი ოფიციალური პირის ციტატა, რომელიც „ბი-ბი-სის“ მიერ გავრცელებულ ცნობებს იმეორებდა, ბრიტანეთს ჯერ კიდევ არ დაუდასტურებია ორ ქვეყანას შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეჩერების ფაქტი. როგორც ბრიტანეთის პოლიცია აცხადებს, გამოძიება კვლავ გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებულია რვა პირი. მათ შორის არიან სავარაუდო თვიმკვლელი ტერორისტის, სალმან აბედის, ოჯახის წევრები. მისი უფროსი ძმა მანჩესტერში დააკავეს, მამა და უმცროსი ძმა კი - ლიბიაში. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“. მომხდარის გამო დიდ ბრიტანეთში მაქსიმალურ, კრიტიკულ დონემდე გაიზარდა ტერორისტული საფრთხის რისკი. მანჩესტერში მომხდარ აფეთქებას დღეს ბრიუსელში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, და აღნიშნა, რომ ეს იყო „ვანდალური“ ქმედება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG