Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდი შვიდეული“ მოსკოვს მოუწოდებს შეწყვიტოს სირიის რეჟიმთან თანამშრომლობა


„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები
„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები

„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთისათვის სანქციების გამკაცრების თაობაზე, თუმცა ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები ერთსულოვანნი არიან იმაში, რომ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დასრულებისათვის აუცილებელია პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის გადადგომა, რასაც რუსეთიც უნდა დაეთანხმოს.

აშშ აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა გააკეთოს არჩევანი, სირიის საკითხში აშშ-ის მომხრეობა სურს, თუ გააგრძელებს ერთ ჯგუფში ყოფნას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადთან, ირანსა და ლიბანის ექსტრემისტულ დაჯგუფება „ჰიზბოლაჰთან“, განაცხადა რექს ტილერსონმა იტალიის ქალაქ ლუკაში, სადაც 11 აპრილს დასრულდა მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოების ჯგუფის, „დიდი შვიდეულის“, შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ასევე თურქეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროს, საუდის არაბეთის, იორდანიისა და ყატარის წარმომადგენლები. იტალიაში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა სირიის ქალაქ ხან-შეიხუნზე განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმაზე, რაშიც აშშ და მისი მოკავშირეები სირიის რეჟიმს ადანაშაულებენ.

„აშკარაა ისიც, რომ რუსეთმა არ შეასრულა შეთანხმებები, რომლებიც ძალაში შევიდა გაეროს უშიშროების საბჭოს არაერთი რეზოლუციით. ეს შეთანხმებები რუსეთს მიიჩნევდა მთავარ გარანტად, რომ სირიაში აღარ იქნებოდა ქიმიური იარაღი. რუსეთი ვალდებული იყო მოეძებნა, დაეცვა და გაენადგურებინა ასეთი შეიარაღება სირიაში. ამ იარაღის საცავების არსებობა და მათი გამოყენება ცხადყოფს, რომ რუსეთმა ვერ შეასრულა 2013 წელს ნაკისრი ვალდებულება. არ ვიცით, რუსეთი სერიოზულად არ მოეკიდა ამ ვალდებულების შესრულებას, თუ სათანადო უნარი ვერ გამოავლინა, მაგრამ დაღუპულთათვის ამას არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩვენ ვეღარ დავუშვებთ, რომ ასეთი რამ განმეორდეს“, - განაცხადა რექს ტილეროსნმა.

იტალიაში შეკრებილი „დიდი შვიდეულის“ ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრები ვერ შეთანხმდნენ რუსეთისა და ირანის, როგორც სირიის რეჟიმის მხარდამჭერი სახელმწიფოების მიმართ სანქციების გამკაცრებაზე. გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენელთა განცხადებით, სირიის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში ერთობლივად უნდა ჩაერთოს რუსეთიც და ირანიც. „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამკაცრებას მოითხოვდნენ დიდი ბრიტანეთი და კანადა. რაც შეეხება საფრანგეთს, პარიზი მიიჩნევს, რომ რუსეთმა უნდა დაასრულოს ასადის „თვალთმაქცური“ მხარდაჭერა. რუსეთს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადთან კავშირის გაწყვეტისაკენ მოუწოდებს ბერლინიც.

„სირიაში ვერავითარი აღდგენა ვერ განხორციელდება, თუ იქ ცვლილებები არ მოხდება. ინვესტიციას არავინ ჩადებს სირიაში, ვიდრე იქ გრძელდება სამოქალაქო ომი და შეიარაღებული კონფლიქტი. არავინ დააფინანსებს ბატონ ასადს და რუსეთმა იცის, რომ მარტო ვერ ზიდავს ამ ფინანსურ ტვირთს“, - განაცხადა 11 აპრილს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა.

დასავლეთის კრიტიკას არ იზიარებს რუსეთი, რომელიც მიიჩნევს, რომ სირიის ხელისუფლების ოპონენტებს დღემდე არ წარმოუდგენიათ დამაჯერებელი ფაქტები იდლიბის პროვინციაში განხორციელებული ქიმიური თავდასხმის შესახებ.

„რუსეთი ამ დღეებში აპირებს ოფიციალურად მიმართოს გაეროს შესაბამის საგამოძიებო სტრუქტურას ჰააგაში და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გულმოდგინედ იქნეს გამოძიებული ეს მოვლენა და, გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე, მიღებული იქნეს აწონ-დაწონილი გადაწყვეტილებები“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, 11აპრილს იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან შეხვედრის შემდეგ. უფრო მეტიც, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვს მოეპოვება ინფორმაცია, რომ სირიელ მეამბოხეებს ქიმიური იარაღი მომარაგებული აქვთ დამასკის შემოგარენში, რათა იქაც განმეორდეს იგივე ტრაგედია, რაც 4 აპრილს ქალაქ ხან-შეიხუნში მოხდა.

ამ ურთიერთბრალდებების ფონზე ჩადის რუსეთში პირველად აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. რექს ტილერსონი 12 აპრილს შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს. წინასწარი ინფორმაციით, სწორედ სირიაში განვითარებული მოვლენები იქნება მოსკოვში დაგეგმილი მოლაპარაკების მთავარი საკითხი. კრემლმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოსკოვში ვიზიტის დროს არ იგეგმება რექს ტილერსონისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, შეხვედრა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG