Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდი შვიდეული“ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებისათვის ემზადება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 10 აპრილს თანმხლებ პირებთან ერთად ჩავიდა იტალიაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების, „დიდი შვიდეულის“, შეხვედრაში, რომლის უმთავრესი საკითხი იქნება სირიაში შექმნილი ვითარება. იტალიაში გამგზავრებამდე რექს ტილეროსნმა გააკრიტიკა რუსეთი, რომლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობამაც, სახელმწიფო მდივნის აზრით, სირიაში უდანაშაულო ადამიანებისა და ბავშვების სიკვდილი გამოიწვია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ მოსკოვში 11 აპრილისთვის დანიშნულ შეხვედრაზე რუსეთს პასუხს მოსთხოვს იმის გამო, რომ ხელი არ შეუშალა სირიას ქიმიური იარაღის გამოყენებაში. „რუსეთმა პირობა დადო, რომ, ქიმიური იარაღის შესახებ 2013 წლის შეთანხმებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების თანახმად, იგი იქნებოდა სირიის ხელთ არსებული ქიმიური იარაღის განადგურების მთავარი გარანტი. რუსეთმა არ შეასრულა საკუთარი ვალდებულება და მათმა ამ მარცხმა გამოიწვია უფრო მეტი ბავშვისა და უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი“, - განაცხადა რექს ტილერსონმა 9 აპრილს, როდესაც სააუბრობდა ტელეკომპანია „სიბიესის“ საკვირაო პროგრამაში „ქვეყნის პირისპირ“.

აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა კიდევ ერთხელ დაიძაბა 4 აპრილს სირიის სამთავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებით ქალაქ ხან-შეიხუნის დაბომბვის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა და დაშავდა ასობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის, ბავშვები. ამის პასუხად აშშ-მა 7 აპრილს სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის ჰომსის პროვინციაში მდებარე შეირათის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, საიდანაც, დიდი ალბათობით, შესრულდა საავიაციო იერიში ქალაქ ხან-შეიხუნზე.

საპასუხო იერიშს სირიის საავიაციო ბაზაზე ვაშინგტონმა „შეზღუდული ოპერაცია“ უწოდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტელერსონმა კი განაცხადა, იმედი მაქვს, რუსეთი „გამოიყენებს თავის გავლენას სირიაში სტაბილურობის მისაღწევადო“, თუმცა ეს იმედი არცთუ ისე რეალისტური ჩანს, მით უფრო, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს 11 აპრილს მოსკოვში, ეტყობა, რთული მოლაპარაკებები ელოდება. გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ 9 აპრილს ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთისა და ირანის მიმართ ახალი სანქციების შემოღების საკითხს განიხილავს ამ ქვეყნების მიერ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მხარდაჭერისათვის.

რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებაზე ილაპარაკა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა 10 აპრილს, ტოსკანის ქალაქი ლუკაში „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის დაწყების წინ. „დიდი შვიდეული“ აერთიანებს მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებს: აშშ-ს, იაპონიას, გერმანიას, ბრიტანეთს, იტალიას, საფრანგეთსა და კანადას. ამ ქვეყნების შეხვედრებს 2014 წლამდე მერვე წევრად ესწრებოდა რუსეთი, მაგრამ „დიდი რვიანის“ შეხვედრები აღარ გამართულა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ხელყო საერთაშირისო სამართლის ნორმები და უკრაინის ყირიმის ანექსია მოახდინა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG