Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის სოფელ დიდინეძის ინციდენტზე დაზარალებული და მოწმეები დაიკითხნენ


ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობა
ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. ამ ეტაპზე მოწმის სახით დაიკითხნენ ინციდენტის მონაწილეები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დიდინეძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პაპუნა კუკავა და მისი მეზობელი მანუჩარ ქირია. დღეს ისინი ქალაქის პოლიციის სამმართველოში კვლავ არიან დაბარებული.

დაიკითხნენ, ასევე, თვითმხილველები: “ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის პრესსამსახურის წევრი მერი შენგელაია და პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი თამუნა ჯიქია.

სამართალდამცავებმა საავადმყოფოში დაკითხეს დაზარალებული, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი ლიკა დემეტრაძე. ის სამედიცინო დაწესებულებაში შაბათ საღამოს უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმებმა მას თავის ტვინის შერყევა დაუდგინეს. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა აგრძელებს სტაციონარში მკურნალობას, ისევე როგორც იმავე დიაგნოზით მოთავსებული მისი თანაპარტიელი თემურ მიქავა. მესამე, რომელსაც თავის არეში გარეგანი დაზიანებები აღენიშნებოდა, სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაეწერა:

„ორივე პაციენტს ჩაუტარდა ლაბორატორიული გამოკვლევები. ამჟამად მათი მდგომარეობა არის სტაბილური, იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ნევროლოგმა სალომე მამფორიამ.

ინციდენტი ზუგდიდის სოფელ დიდინეძში 1 ოქტომბრის საღამოს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. მომხდართან დაკავშირებით საკუთარი ვერსია აქვს ორივე პარტიას.

„სოფელ დიდინეძში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ატარებდნენ წინასაარჩევნო კამპანიას, რამაც გააღიზიანა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ისინი თავს დაესხნენ ამ ახალგაზრდებს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ. ნაცემია სამი ახალგაზრდა, მათ შორის, სასტიკად ნაცემია 19 წლის გოგონა”, - განაცხადა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ. მან მმართველი პარტიის მხარდამჭერებს და წევრებს მოუწოდა, არ აჰყვნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციებს, რომელიც ამ ერთი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია.

თავის მხრივ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, თენგიზ გუნავას, განცხადებით, ის იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და ადგილობრივი მოსახლეობიდან მიიღო გარკვეული ინფორმაცია. გუნავას სიტყვებით, ძალიან ცუდია, რომ „ქართული ოცნება“ ამ პროვოკაციაზე მიდის, თუ ეს ასე ხდება:

„’ქართული ოცნების’ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები სააგიტაციო მასალებით მოძრაობდნენ. როგორც მე ვიცი, პაპუნამ მანქანა ვერ გაატარა, სთხოვა მათ, რომ გაეტარებინათ. იქედან უხეში შეპასუხება მიიღო… შემდეგ იყო შეხლა-შემოხლა, უწმაწური სიტყვებით მიმართეს პაპუნა კუკავას, რაზეც ადეკვატური პასუხი მიიღეს“.

დიდინეძში მომხდარი ინციდენტის გამო პოლიციაში დაკითხული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სახალხო დამცველის რეგიონალური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსმა მოინახულა. ლევან პაპავას სიტყვებით, ინციდენტის მონაწილეებს გარეგნულად დაზიანების კვალი არ აღენიშნებათ და არც პოლიციის მხრიდან ზეწოლაზეა ლაპარაკი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG