Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი ქიტოშვილი ხელახალ დაკითხვას მოითხოვს


ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი, 2012 წლის 5 დეკემბერი
ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი, 2012 წლის 5 დეკემბერი
პრეზიდენტის ყოფილი საპარალამენტო მდივანი და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ”ჯეოსელის” წილის საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურას მიმართავს. ის საქმეზე მოწმის სტატუსით ხელახლა დაკითხვას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ „ჯეოსელის“ წილის საქმე ერთ-ერთი ეპიზოდია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ არსებული სამი ბრალდებიდან. სწორედ „ჯეოსელის“ წილის საქმეზე აქვს ირაკლი ოქრუაშვილს 11-წლიანი პატიმრობა მისჯილი. დიმიტრი ქიტოშვილის განცხადებით კი, მან ამ საქმეზე საკუთარი თავისა და ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მაღალი თანამდებობის პირთა მუქარის შედეგად მისცა.
ამ ზეწოლას ახორციელებდნენ გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების მაღალი თანამდებობის პირები ...
დიმიტრი ქიტოშვილი

პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ სატელეფონო კომენტარში ამბობს, რომ 5 წლის წინ ”ჯეოსელის” წილის საქმეზე ჩვენება საკუთარი თავისა დ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირთა მუქარისა და ზეწოლის შედეგად მისცა. დიმიტრი ქიტოშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მასთან პირადად ურთიერთობა არ ჰქონია, ზეწოლა ხორციელდებოდა მაშინდელი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით:

”ამ ზეწოლას ახორციელებდნენ გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების მაღალი თანამდებობის პირები. რაც შეეეხა კონკრეტული პირების დასახელებას, არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია, გამოძიების ინტერესებოდან გამომდინარე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყვნენ ძალიან მაღალი თანამდებობის პირები, ფაქტობრივად, უმაღლესი”.

დიმიტრი ქიტოშვილმა განცხადება პროკურატურაში, საქმის ხელხალი გამოძიების მოთხოვნით, 11 დეკემბერს შეიტანა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი 2007 წლის შემოდგომაზე დააკავეს. ის მალევე გაათავისუფლეს პროკურატურასთან საპროცესო გარიგების შედეგად მას შემდეგ, რაც მან ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. როგორც მაშინ გენერალური პროკურატურა იუწყებოდა, დიმიტრი ქიტოშვილი დააკავეს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეობის დროს ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებისთვის, რომელიც ”განხორციელდა “ნაციონალური მოძრაობის” სახელით, რაც დასტურდება საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით”.

კერძოდ, 2006 წლის ოქტომბერში დიმიტრი ქიტოშვილი შეხვდა პარლამენტის ყოფილ წევრს, იმჟამად ბიზნესმენ ჯემალ სვანიძეს და აიძულა შპს “ჯეოსელში” თავისი კუთვნილი, დაახლოებით 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2,6%-იანი წილი ნომინალურ ღირებულებად - 250 ათას აშშ დოლარად - დაეთმო შპს “არტის” დამფუძნებლის, გურამ გოგუას სასარგებლოდ, რომელიც ამ ოპერაციაში ფიქტიურ მხარეს წარმოადგენდა.
ეს რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა, ამას ადასტურებს საფრანგეთის მართლმსაჯულების გადაწყვეტილება, როცა თავშესაფარი მისცა ირაკლი ოქრუაშვილს ...
ზვიად კორძაძე

5 წლის წინ ქიტოშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებდა, რომ "ჯეოსელის" ერთ-ერთი მეწილის, ჯემალ სვანიძისგან ირაკლი ოქრუაშვილი, მისი დახმარებით, კომპანიის 2,5 %-ის გადაფორმებას 250 ათასი დოლარის სანაცვლოდ, მუქარით მოითხოვდა. დღეს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს წილი თავის დროზე აბსულუტურად დამოუკიდებელმა ბიზნესმენმა გურამ გოგუამ შეიძინა, ჩვენება კი მან ოჯახის განადგურების მუქარის შედეგად მისცა.

აქვე გეტყვით, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, „ჯეოსელის“ წილის საქმეზე 11-წლიანი პატიმრობა სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა 2008 წლის 28 მარტის განჩინებით. ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის ზვიად კორძაძის თქმით, დიმიტრი ქიტოშვილი ითხოვს ხელახლა დაკითხონ იმ გარემოებების შესახებ, თუ როგორ იქნა მიცემული ჩვენება, და თუკი დადასტურდა ეს გარემოებები, განაჩენი შესაძლოა გაუქმდეს. ამასთან, ზვიად კორძაძის სიტყვებით, ის, რომ „ჯეოსელის“ წილის საქმე ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურად იყო მოტივირებული, დაადასტურა საფრანგეთის მართლმსაჯულებამაც, როცა ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა და ქართულ მხარეს მისი გადაცემის მოთხოვნაზე უარი უთხრა.

”ეს რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა, ამას ადასტურებს საფრანგეთის მართლმსაჯულების გადაწყვეტილება, როცა თავშესაფარი მისცა ირაკლი ოქრუაშვილს, რადგან ამ საქმით მოითხოვდნენ ირაკლის გადმოცემას საფრანგეთისგან. საფრანგეთის მხარემ შეისწავლა საქმე, ჩათვალა, რომ პოლიტიკური მოტივაცია იყო და არ გადმოაგზავნა”.

შეგახსენებთ, რომ „ჯეოსელის“ წილის საქმესთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სარჩელი 21 ნოემბერს შეიტანეს სასამართლოში. სასამართლო სხდომა ჯერჯერობით ჩანიშნული არ არის. ამასთან, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი მთავარი პროკურატურის გამოხმაურებას ელის მის მიერ შეტანილ განაცხადზე. მთავარ პროკურატურაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ განცხადება 11 დეკემბერს შევიდა და ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ვის დაეწერება საქმე ან რა მსვლელობა მოჰყვება მას.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG