Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან ერთი წლის თავზე მის მიმართ ამერიკელების მხარდაჭერა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ტრამპის წინამორბედების შემთხვევაში იყო. ავტორიტეტიან კომპანია „გელაპის“ მონაცემებით, დონალდ ტრამპის საქმიანობას ამჟამად დადებითად აფასებს გამოკითხულთა სულ 38 % მაშინ, როცა აშშ-ის პრეზიდენტობის პირველი წლის თავზე მხარდაჭერის საშუალო მაჩვენებელი 64 %-ს აღწევს. აშშ-ის ლიდერის იმიჯი - წინა ორ პრეზიდენტთან შედარებით - გაუარესებულია მსოფლიო მასშტაბითაც. 2017 წლის 20 იანვარს დონალდ ტრამპის ინაუგურაციის პირველ წლისთავთან დაკავშირებით, გთავაზობთ მისი მთავარი გადაწყვეტილებებისა და განცხადებების მიმოხილვას.

აშშ-ში ჩასვლის შეზღუდვა

აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან სულ რამდენიმე დღე იყო გასული, როცა გავრცელდა ცნობა პრეზიდენტის რანგში მისი პირველი დიდი გადაწყვეტილების შესახებ: ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც 120 დღით კრძალავდა ლტოლვილების აშშ-ში შეშვებას და ასევე კრძალავდა - ოღონდ 90 დღით - აშშ-ში შვიდი, ძირითადად მუსლიმებით დასახლებული, ქვეყნის მოქალაქეთა ჩასვლას.

ერთი წლის წინ, 2017 წლის 20 იანვარს, გაიმართა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ინაუგურაცია. აშშ-ის ამჟამინდელი ლიდერი 2012 წელს - მაშინ ბიზნესმენის, უძრავი ქონების მაგნატის რანგში - საქართველოშიც არის ნამყოფი, ბათუმში 47-სართულიანი „ტრამპ ტაუერის“ მშენებლობის გეგმასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ის ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა, თუმცა „ტრამპ ტაუერის“ გეგმა არ განხორციელებულა.

აშშ-ის აეროპორტები ქაოსმა მოიცვა. დაცვის თანამშრომლები აკავებდნენ ამ ქვეყანაში თვითმფრინავებით ჩასული უცხოელების ნაწილს, ხოლო ათასობით ამერიკელი აქციებს მართავდა მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციულად მიჩნეული გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად. ტრამპი თავის მოტივად ასახელებდა და ასახელებს ექსტრემისტებისაგან ქვეყნის დაცვის სურვილს. და კიდევ: ტრამპის პირველ აღმასრულებელ განკარგულებას მოჰყვა ნამდვილი სამართლებრივი ეპოპეა, რომელიც დღემდე გრძელდება (აშშ-ში ჩასვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება მალევე დაბლოკა სასამართლომ. შემდეგ ვაშინგტონმა ერაყი ამოიღო ქვეყნების სიიდან, რომელთა მოქალაქეებსაც აკრძალვა შეეხო. სამაგიეროდ, მოგვიანებით სია ისევ გაიზარდა ჩრდილოეთ კორეისა და ვენესუელის ხარჯზე. გასულ თვეში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა აშშ-ში ჩასვლის შემზღუდველი დოკუმენტის მესამე ვერსია, თუმცა ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და სასამართლოებში განიხილება).

ჯეიმს კომის გადაყენება

​ტრამპის მმართველობის ადრეულ ეტაპზე გამოირჩევა მისი კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა: 9 მაისს ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი - კაცი, რომელიც ხელმძღვანელობდა გამოძიებას იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის გუნდს რუსეთთან კავშირი. მოგვიანებით ტრამპმა აღიარა კიდეც, რომ რუსეთთან მისი შესაძლო კავშირის გამოძიება იყო კომის მუშაობით უკმაყოფილების მიზეზი. მაგრამ კომის მოხსნა კონტრპროდუქტიული ზომა გამოდგა: გამოძიება არათუ არ შეწყვეტილა, მისი გაძღოლა დაევალა სპეციალურ პროკურორს, გამოცდილ იურისტ რობერტ მიულერს. მართალია, პრეზიდენტი „გამოგონილ ამბებს“ უწოდებს რუსეთთან შესაძლო კავშირზე საუბარს, მაგრამ ამასობაში ბრალდებები წაუყენეს ტრამპის გუნდის ორ წევრს, მათ შორის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს, პოლ მანაფორტს. ტრამპის გარემოცვის კიდევ ორმა წევრმა - მათ შორის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, მაიკლ ფლინმა - აღიარა, რომ რუსეთთან დაკავშირებით გამომძიებლებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. ახლა ფლინი გამოძიებასთან თანამშრომლობს.

დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

პიტსბურგი და პარიზი

2017 წლის 1 ივნისს ტრამპმა გამოაცხადა, რომ ამერიკა გადის კლიმატური ცვლილებების შესახებ პარიზის შეთანხმებიდან. ამ გადაწყვეტილებით ის გაემიჯნა გლობალურ დათბობასთან ბრძოლის გეგმას - უცხოელი ლიდერების, გარემოსდამცველი აქტივისტების, არაერთი მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელებისა და საკუთარი ქალიშვილის, ივანკას თხოვნის მიუხედავად. პარიზის შეთანხმება ტრამპმა წარმოსახა აშშ-ის ეკონომიკისათვის საზიანო გარიგებად და განმარტა: მე ამირჩიეს, რათა დავიცვა პიტსბურგის და არა პარიზის მკვიდრთა ინტერესებიო.

22 დეკემბერს დონალდ ტრაპმა ხელი მოაწერა აშშ-ში ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბურ საგადასახადო რეფორმას, რაც მიჩნეულია მის უდიდეს საკანონმდებლო გამარჯვებად 2017 წლის იანვარში პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ. ახალ კანონს, რომელმაც 1,5 ტრილიონი დოლარით შეამცირა გადასახადები, ტრამპმა უწოდა „საშობაო საჩუქარი“ ამერიკელებისათვის.

სხვადასხვა ზომის ბირთვული ღილაკების ამბავი

2017 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე თავისი პირველი გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ჩრდილოეთი კორეა, რასაც მომდევნო თვეებში კიდევ ბევრი მძაფრი განცხადება მოჰყვა. ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის გარშემო ვაშინგტონისა და ფხენიანის სიტყვიერი დაპირისპირება ისე გამწვავდა, რომ კიმ ჩენ ინმა საახალწლო მიმართვაში გამოაცხადა: ჩემს ქვეყანას შესწევს უნარი ბირთვული იარაღით მისწვდეს აშშ-ის მთელ ტერიტორიას და ბირთვული ღილაკი ჩემს „მაგიდაზეაო“. ამ მუქარას კი მოჰყვა დონალდ ტრამპის საპასუხო გაფრთხილება: ბირთვული ღილაკი, რომელიც მე მაქვს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერისაზე გაცილებით უფრო დიდიაო... იანვრის დასაწყისში დაძაბულობა განმუხტა ჩრდილოეთ კორეის დაყაბულებამ სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე. თეთრი სახლი ირწმუნება, რომ ფხენიანის პოზიციის შერბილება ტრამპის მძაფრი განცხადებების დამსახურებაც არის ... მაგრამ ბევრი შიშობს, რომ ბირთვული იარაღითა თუ „ცეცხლითა და რისხვით“ მუქარა ვითარების ესკალაციისა და ბირთვული კატასტროფის საფრთხეს ამწვავებს.

საშობაო საჩუქარი მდიდარ ამერიკელებს?

22 დეკემბერს დონალდ ტრაპმა ხელი მოაწერა აშშ-ში ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბურ საგადასახადო რეფორმას, რაც მიჩნეულია მის უდიდეს საკანონმდებლო გამარჯვებად 2017 წლის იანვარში პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ. ახალ კანონს, რომელმაც 1,5 ტრილიონი დოლარით შეამცირა გადასახადები, ტრამპმა უწოდა „საშობაო საჩუქარი“ ამერიკელებისათვის. ოპოზიციონერი დემოკრატების აზრით, ის მართლაც საჩუქარია - ოღონდ ყველაზე მდიდარი ამერიკელებისათვის და, ამავე დროს, ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფო ვალის მატებას მოასწავებს.

ტრამპი, როგორც მშვიდობისმყოფელი

პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, მტკივნეულად აღიქვა კრიტიკული შეფასებები და ვულფის წიგნის გამოსვლის მომდევნო დღეს, 6 იანვარს, ტვიტერში დაწერა გახმაურებული ტექსტი: „ვიყავი ძალიან წარმატებული ბიზნესმენი, ტელევარსკვლავი და (პირველივე მცდელობით) გავხდი შეერთებული შტატების პრეზიდენტი...

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი პირობას დებდა, რომ მიაღწევდა შეთანხმებას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად, ანუ მიაღწევდა მიზანს, რომელსაც აქამდე ათწლეულების განმავლობაში ამაოდ ისახავდნენ მისი წინამორბედები აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე. არადა, 6 დეკემბერს ტრამპმა გადადგა ნაბიჯი, რომელიც საფრთხეში აგდებს მთელ სამშვიდობო ძალისხმევას: მან ისრაელის დედაქალაქად აღიარა იერუსალიმი. ამ ქალაქის სტატუსი კი განხეთქილების საგანია: ისრაელი მთელ იერუსალიმს მიიჩნევს თავის დედაქალაქად, მაშინ როცა პალესტინელები პრეტენზიას აცხადებენ აღმოსავლეთ იერუსალიმზე, როგორც თავიანთი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქზე. ტრამპის ნაბიჯს პალესტინელების მკვეთრი პროტესტი მოჰყვა, ისევე როგორც პალესტინელების პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის, განცხადება, რომ მიუღებელი გახდა ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა, რომელსაც აშშ წამოაყენებს.

„ძალიან სტაბილური გენიოსი“

იანვრის დასაწყისში შეერთებულ შტატებში გამოვიდა წიგნი, რომელიც მსოფლიოში სამხედრო თუ ეკონომიკური თვალსაზრისით წამყვანი ქვეყნის ლიდერის არცთუ მომხიბვლელ პორტრეტს გვთავაზობს. ჟურნალისტმა მაიკლ ვულფმა თეთრი სახლის თანამშრომლებთან საუბრის საფუძველზე დაწერა „ცეცხლი და რისხვა: ტრამპის თეთრ სახლში“ და მასში ლაპარაკია კაცზე, რომელსაც საქმისა ბევრი არაფერი გაეგება, არც განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს და ემოციურად არასტაბილურია. პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, მტკივნეულად აღიქვა კრიტიკული შეფასებები და ვულფის წიგნის გამოსვლის მომდევნო დღეს, 6 იანვარს, ტვიტერში დაწერა გახმაურებული ტექსტი: „ვიყავი ძალიან წარმატებული ბიზნესმენი, ტელევარსკვლავი და (პირველივე მცდელობით) გავხდი შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ვფიქრობ, ეს ცხადყოფს, რომ არათუ გონიერი ვარ, არამედ გენიოსი ... და თან ძალიან სტაბილური გენიოსი!“ რა გასაკვირია, რომ ასეთი თვითშეფასების გამოხატვას არ გაუფანტავს დაეჭვება დონალდ ტრამპის უნარით, თავი გაართვას პრეზიდენტის მოვალეობებს, ხოლო სატირულ პროგრამებს, რომლებშიც ხშირად აშარჟებენ ტრამპის ტვიტებს, ლექსიკასა თუ ჟესტებს, ხელში ახალი „საკბილო“ ჩაუვარდათ...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG