Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა ძველ მთავრობას აღარ სურს, ახალს კი არ შეუძლია


საქართველოს მთავრობის კანცელარია
საქართველოს მთავრობის კანცელარია
საქართველოს პრეზიდენტმა დააკმაყოფილა მთავრობის შუამდგომლობა გადადგომის თაობაზე, თუმცა, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე დაკისრებულ მოვალეობას კვლავ ყოფილი მთავრობის წევრები შეასრულებენ. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, მთავრობის დასამტკიცებლად პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა პარლამენტს პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს. კონსტიტუციით ასევე განსაზვრულია ვადა, რომლის განმავლობაშიც მოვალეობის შემსრულებელი მინისტრები პარლამენტის მიერ დამტკიცებულებმა უნდა შეცვალონ. როდის ეყოლება საქართველოს ახალი მთავრობა და რატომ გაჭიანურდა მისი წევრების შერჩევის პროცესი?

საქართველოს მთავრობის შუამდგომლობა გადადგომის თაობაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა 10 ოქტომბერს შესაბამისი განკარგულების გამოცემით დააკმაყოფილა. კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატის ვახტანგ ხმალაძის თქმით, განკარგულების გამოცემის თარიღი მნიშვნელოვანია ახალი მთავრობის დამტკიცების ვადის განსაზღვრის თვალსაზრისით. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტმა შვიდი დღის ვადაში უნდა შეარჩიოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა და დაავალოს მას მთავრობის ფორმირება:

„შემდეგ, 10 დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უნდა შეარჩიოს მთავრობის შემადგენლობა, მოამზადოს მთავრობის პროგრამა და აქედან სამი დღის ვადაში პრეზიდენტმა პარლამენტს უნდა წარუდგიენოს მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად. წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას.“
ახალ პრემიერ-მინისტრს ექნება საშუალება გამართოს კონსულტაციები, შეარჩიოს კაბინეტის ახალი წევრები და ამის შემდეგ ამ გააზრებული და შერჩეული გუნდით წარდგეს პარლამენტის წინაშე ...
გია ხუროშვილი

ვახტანგ ხმალაძის თქმით, მთავრობის გადადგომამ პროცედურულად დააჩქარა ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებით პრეზიდენტმა ანგარიში გაუწია შექმნილ რეალობას.

„რაც ნიშნავს იმას, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს ექნება საშუალება გამართოს კონსულტაციები, შეარჩიოს კაბინეტის ახალი წევრები და ამის შემდეგ ამ გააზრებული და შერჩეული გუნდით წარდგეს პარლამენტის წინაშე“, უთხრა გია ხუროშვილმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა პრეზიდენტმა საკუთარი მთავრობის გადადგომა მხოლოდ ახალი მთავრობისთვის გზის გასუფთავების მიზნით როდი მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განმარტებით, მთავრობის დათხოვნას მოითხოვდა საქართველოს კანონმდებლობა:

„საქმე ისაა, რომ შს მინისტრად ქალბატონ ზღულაძის დანიშვნის შემდეგ ამოიწურა ის კვოტა, რომელიც პარლამენტის თანხმობის გარეშე მინისტრების გადანაცვლების საშუალებას იძლევა. ამიტომ საჭირო გახდა მთავრობის გადაყენება, რათა არ დარღვეულიყო კონსტიტუცია. თუმცა აქვე პრეზიდენტმა მთავრობის მთელი შემადგენლობა დანიშნა მოვალეობის შემსრულებლად, ანუ ჩვენი პოლიტიკური შეთანხმება არის ძალაში: ახალი მთავრობის ფორმირებამდე მოქმედი მთავრობა შეასრულებს ვალდებულებას.“
თუ ადამიანი სამსახურში იდგა და ქვეყანას ემსახურებოდა, ამას დანაშაულად ნუ ჩავუთვლით. ვისაც ძალადობა და დანაშაული აქვს ჩადენილი, ამას სასამართლო გაარკვევს ...
ბიძინა ივანიშვილი

მოქმედი მთავრობის პარალელურად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, რომელიც ოფიციალურად 17 ოქტომბრამდე დასახელდება, 30 ოქტომბრამდე უნდა წარმოადგინოს მთავრობის წევრთა კანდიდატურები, თუმცა ჯერჯერობით “ქართულ ოცნებაში“ არათუ ყველა მინისტრის კანდიდატურაზე, თვით მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურაზე ვერ შეთანხმებულან. აი, რა განაცხადა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით საგანელიძემ:

„ალბათ, დაგვჭირდება გარკვეული რესტრუქტურიზაცია, თუმცა ძალოვან სამინისტროებზე ეს არ გავრცელდება. საუბარია ეკონომიკურ ბლოკზე, სადაც შესაძლოა რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდეს.“

კოალიციას ჯერ არ დაუსახელებია ეკონომიკის პროფილის არც ერთი მინისტრი, ისევე როგორც არ დაუსახელებია ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და განათლების მინისტრები, თუმცა კოალიციაში ფინანსთა მინისტრის პოსტზე აქტიურად სახელდება ირაკლი მანაგაძის კანდიდატურა. ცნობისთვის, მანაგაძეს შევარდნაძის მმართველობის დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. შევარდნაძის მთავრობაში იყვნენ სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მომავალი მინისტრებიც, თუმცა კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამ გარემოებას ნაკლად არ მიიჩნევს.
პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ რიგ საკითხებსა და თემებზე სერიოზული მუშაობაც არ ჰქონიათ, ამიტომ ახლა მოუწევთ ძალიან დაძაბულ რეჟიმში, ოპერატიულად დეტალური გეგმების დასახვა და შემუშავება ...
კახა გოგოლაშვილი

„თუ ადამიანი სამსახურში იდგა და ქვეყანას ემსახურებოდა, ამას დანაშაულად ნუ ჩავუთვლით. ვისაც ძალადობა და დანაშაული აქვს ჩადენილი, ამას სასამართლო გაარკვევს. დამოკიდებულება უნდა შევიცვალოთ, წინა ხელისუფლებაში ყოფნა დანაშაულად არ უნდა ითვლებოდეს.“

მთავრობის წევრთა დასახელების პროცესის გაჭიანურების გამო, პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი - მათ შორის, კახა გოგოლაშვილი - ვარაუდობს, რომ „ოცნების“ ლიდერები არ ელოდნენ არჩევნებში გამარჯვებას.

„პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ რიგ საკითხებსა და თემებზე სერიოზული მუშაობაც არ ჰქონიათ, ამიტომ ახლა მოუწევთ ძალიან დაძაბულ რეჟიმში, ოპერატიულად დეტალური გეგმების დასახვა და შემუშავება. ასევე ძალიან რთული საკითხია კადრების საკითხი. არ უნდა ველოდოთ, რომ საქართველოში შეკრებენ ისეთ ვარსკვლავთა გუნდს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე კარგი იქნება“, უთხრა კახა გოგოლაშვილმა რადიო თავისუფლებას.

კახა გოგოლაშვილის თქმით, საკმარისია მთავრობაში იყოს კარგი ატმოსფერო, ხოლო მთავრობის მომავალი წევრები იყვნენ პროფესიულად განსწავლულები და კეთილსინდისიერები.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG