Accessibility links

ეკატერინბურგში, პროტესტის მიუხედავად, გააუქმეს მერის პირდაპირი არჩევნები


მერის პირდაპირი არჩევნების გაუქმების მოწინააღმდეგეთა აქცია

რუსეთის სვერდლოვსკის რეგიონის კანონმდებლებმა გააუქმეს მერის პირდაპირი არჩევნები რეგიონის დედაქალაქ ეკატერინბურგში, მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდნენ ქალაქის ამჟამინდელი მერი და ქალაქის მცხოვრებლები. ეკატერინბურგი რუსეთის სიდიდით მეოთხე ქალაქია.

3 აპრილს რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ 42 ხმით სამის წინააღმდეგ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ამიერიდან ეკატერინბურგის მერს ქალაქის საბჭო შეარჩევს კანდიდატთა სიიდან, რომელსაც კომისია შესთავაზებს.

დანიშნული მერი ანგარიშვალდებულია მათ წინაშე, ვინც ის დანიშნა, არჩეული მერი კი პასუხს აგებს საკუთარ ამომრჩევლებთან...
ევგენი როიზმანი

კენჭისყრის წინა დღით კი ეკატერინბურგის ქუჩებში ათასობით მომიტინგე გამოვიდა. ისინი მერის პირდაპირი არჩევნების შენარჩუნებას ითხოვდნენ და ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: „ჩვენ მერი გვჭირდება და არა მარიონეტი“.

ეკატერინბურგის მერმა ევგენი როიზმანმა მწვავედ გააკრიტიკა ეს ცვლილება, რომლის ინიციატორიც რეგიონის გუბერნატორი ევგენი კუვაიშევი იყო. როიზმანი აცხადებს, რომ ამიერიდან კრემლის მიმართ ლოიალური ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქს დამყოლ მერს დაუნიშნავს.

როიზმანმა, რომელიც 2013 წელს ხუთწლიანი ვადით აირჩიეს, თქვა: „დანიშნული მერი ანგარიშვალდებულია მათ წინაშე, ვინც ის დანიშნა, არჩეული მერი კი პასუხს აგებს საკუთარ ამომრჩევლებთან“.

ეკატერინბურგის მერმა თავადაც მიიღო მონაწილეობა 2 აპრილის საპროტესტო აქციაში, სადაც ის სიტყვთაც გამოვიდა და პირდაპირი არჩევნების გაუქმებას დემოკრატიისთვის მიყენებული დარტყმა, ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი და ეკატერინბურგის დამცირება უწოდა.

ეკატერინბურგის მერი ევგენი როიზმანი
ეკატერინბურგის მერი ევგენი როიზმანი

როიზმანი ერთ-ერთი იშვიათი რუსი თანამდებობის პირია, ვინც ღიად აკრიტიკებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და ოპოზიციის ლიდერს, ალექსანდრ ნავალნის, უჭერს მხარს, თუმცა მისი თანამდებობა აქამდეც ძირითადად სიმბოლური ხასიათის უფროა, რადგან ეკატერინბურგის აღმასრულებელი ხელისუფლების უდიდეს ნაწილს ქალაქის ადმინისტრაციის თავმჯდომარე ალექსანდრე იაკობი აკონტროლებს.

კრემლის კრიტიკოსები ეკატერინბურგის მერის პირდაპირი არჩევნების გაუქმებას განიხილავენ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ძალაუფლების კიდევ უფრო განმტკიცების კონტექსტში. მათი თქმით, პუტინმა ბოლო 18 წლის განმავლობაში სულ უფრო გაამკაცრა კრემლის კონტროლი რუსეთის საარჩევნო სისტემაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG