Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავალდებულო დაზღვევა - სავაჭრო ცენტრებისა და სხვა მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელთათვის


ბოლო წლების მანძილზე საქართველოში ხანძარმა არაერთი სავაჭრო ცენტრი და ბაზრობა დააზიანა, რამაც მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები შექმნა და ადამიანთა დიდი ნაწილი სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დააყენა. ამ პროცესში ხშირად ისმოდა მოწოდებები, რომ მოვაჭრეებმა დაზღვევის მექანიზმების ათვისება ისწავლონ და ხელისუფლებისგან დახმარების მოთხოვნის ნაცვლად პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. უნდა ითქვას, რომ ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის დროს დაზარალებულთა ნაწილი დაზღვეული აღმოჩნდა, რამაც მათ ზიანი შეუმსუბუქა. თუმცა დაზღვევა ნებაყოფლობითი გახლდათ და ადამიანს თავად უნდა გადაეწყვიტა შესაძლო ზარალისგან დაზღვევისთვის ყოველთვიურად გაეღო თანხა თუ, უკეთესი პერსპექტივის მოლოდინით, რისკი არ დაეზღვია. დღეს ხელისუფლება აპირებს მოსახლეობაზე ამ მიმართულებით მათი თავისუფალი არჩევანის შეზღუდვით იზრუნოს.

მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებს მესამე პირთა სასარგებლოდ დაზღვევის ვალდებულება წარმოექმნებათ. მესამე პირთა დაზღვევის უზრუნველყოფა მათ "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით ეკისრებათ, რომელიც პარლამენტში მთავრობის მიერ არის ინიცირებული და მეორე მოსმენით განხილვის ეტაპზეა. პროექტის ავტორი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურია.

კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მთავრობა მიმდინარე წლის ბოლომდე მასობრივი თავშეყრის ობიექტების ნუსხას განსაზღვრავს, ხოლო მათ მფლობელებს, მესამე პირებისთვის წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაზღვევის ვალდებულება დაეკისრებათ. საუბარია სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონებისათვის მიყენებულ ზიანზე.

მთავრობა განსაზღვრავს ასევე დაზღვევის წესსა და პირობებს. "ინიციატივის მიზანია საქართველოში ბუნებრივი და ტექნოგენური მიზეზებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების შედეგად მიყენებული ზიანისაგან მოსახლეობის დაცვა. მსოფლიოში ფინანსური რისკების მართვის ერთ-ერთ ეფექტურ ინსტრუმენტს დაზღვევა წარმოადგენს, ხოლო სადაზღვევო სფეროს რეფორმის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ქვეყანაში სოციალური გარანტიების ალტერნატიული და ქმედითი მექანიზმების ჩამოყალიბება. შესაბამისად, სავალდებულო დაზღვევის სახეობა წარმოადგენს საზოგადოებისთვის ალტერნატიული გარანტიებისა და სოციალური უზრუნველყოფის მოქნილ სისტემას", - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

უფრო მეტად დააკონკრეტა ცვლილებების მიზეზი რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა:

„ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე ხანძრის შედეგად, საკმაო ზარალი მიადგა სავაჭრო ცენტრებს, მათ მომხმარებლებს, იქ ფუნქციონირებად მცირე და საშუალო ბიზნესს. ამიტომ შემოგვაქვს ცვლილება: სახელმწიფო შეადგენს ნუსხას და ამ ნუსხაში გათვალისწინებულ ობიექტებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მათ მფლობელებს ექნებათ სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა, რათა მესამე პირების მიმართ სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონების ნაწილში მიყენებული ზიანი იყოს აუცილებელი წესით დაზღვეული“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG