Accessibility links

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა) ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფი გაზარდა. გადაწყვეტილების შედეგად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული 1კვტ.სთ ელექტროენერგია 1.189-დან 1.496 თეთრამდე გაიზარდა. ოფიციალური სტრუქტურები ირწმუნებიან, რომ ეს ზრდა არ აისახება სამომხმარებლო ტარიფზე, რადგან, ზოგადად, ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული იაფი ელექტროენერგიის წილი საქართველოს ენერგოსექტორში, გასულ წლებთან შედარებით, გაზრდილია და, შესაბამისად, ზრდის წინაპირობა არ არსებობს.

თუმცა, რეალურად, ნავთობსა და სხვა ენერგოწყაროებზე აქციზის გაზრდა, სავარაუდოდ, პერსპექტივაში სამომხმარებლო ტარიფებსაც დაეტყობა და სატრანსპორტო მომსახურების ფასებსაც. ამ ფონზე საინტერესოა საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ენერგორესურსების მოხმარების სტატისტიკის შესახებ, რომლის თანახმადაც, ძირითადი ენერგორესურსების - განსაკუთრებით, გაზისა და ნავთობის - მოხმარება ქვეყანაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, კერძოდ:

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტრო- ენერგიის წარმოება 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, 4,4 %-ით გაიზარდა და შეადგინა 10832,5 მილიონი კვტ. სთ. 2015 წლის განმავლობაში მოპოვებულია 40,2 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (გასულ წელთან შედარებით, 5,6 %-ით ნაკლები), 305,9 ათასი ტონა ქვანახშირი (გასულ წელთან შედარებით, 2,2 %-ით მეტი) და 11,4 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით, 10,7 %-ით მეტი).

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2015 წელს საქართველოში წარმოებულია 2 124,6 ათასი მ3 შეშა (წინა წელთან შედარებით, 14,2 %-ით ნაკლები). ენერგოწარმოების სტრუქტურაში უდიდესი წილი (61,9 %) მოდის ელექტროენერგიის წარმოებაზე. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებისაგან წარმოებული ენერგია (26,0 %), რომელიც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდება:

ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 32,7 % მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება, აგრეთვე, ნავთობპროდუქტები (30,5 %) და ელექტროენერგია (20,8 %). წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 9,5 %-ს წარმოადგენს ბიოსაწვავი და ნარჩენებისაგან წარმოებული ენერგია, ხოლო დარჩენილი 6,5 % მოდის ქვანახშირზე.

სექტორული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია ტრანსპორტის სექტორი, რომელზეც მოდის მთლიანი მოხმარების 35,1 %. 2015 წელს მოხმარებული ენერგორესურსების 28,9 % მოდის შინამეურნეობებზე, 19,9 % - მრეწველობაზე, 2,3 % - მშენებლობაზე, ხოლო დარჩენილი 13,8 % კერძო და სახელმწიფო მომსახურების სხვა დარგებზე ნაწილდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG