Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცვლილებები სათამაშო ბიზნესის დაბეგვრაში


პირველი იანვრიდან სათამაშო ბიზნესის მფლობელები ყოველკვარტალურ მოსაკრებელს ახალი რეგულაციით გადაიხდიან - ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა გუშინდელ სხდომაზე მიიღეს. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე 2014 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანას. ეს ცვლილება განპირობებულია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებით.

ეკონომიკის მიმოხილვა
please wait

No media source currently available

0:00 0:03:33 0:00
გადმოწერა

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ზღვარი გაიზარდა როგორც სათამაშო აპარატების, ასევე სამორინეს მაგიდაზე და ინტერნეტთამაშებზე. შესაბამისად, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, სამორინეს შემთხვევაში მაგიდაზე მოსაკრებელი გაიზარდოს 30 000 ლარიდან 40 000-მდე, სისტემური ელექტრონული ფორმით მოთხოვნილ თამაშობაზე - 60 000 ლარიდან 300 000-მდე, თითოეულ მაგიდაზე - 10 000 ლარიდან14 000 ლარამდე. ცვლილებები ძალაში 1 იანვრიდან შევა.

თბილისის ხელისუფლებაში იმედოვნებენ, რომ „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტში, მთლიანობაში, 52,3 მლნ ლარის მობილიზება იქნება შესაძლებელი, რაც 13,6 მლნ ლარით მეტი იქნება 2015 წლის ფაქტობრივ მაჩვენებელზე, ხოლო 12,3 მლნ ლარით მეტი, 2016 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით.

შემოსავლების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 5 წელიწადში სათამაშო ბიზნესიდან შემოსავალი 14 მილიონი ლარით გაიზარდა. სათამაშო ბიზნესი ძირითადად მოსაკრებლით იბეგრება და ამ გადასახდელიდან ყველაზე მოცულობითი თანხა ირიცხება სათამაშო აპარატებზე დარიცხული მოსაკრებლიდან - 42,596 მილიონი ლარი, სამორინეების მაგიდიდან - 20,539 მილიონი ლარი, ელექტრონული თამაშიდან მიღებული თანხა კი სულ რაღაც 2,735 მილიონი ლარია.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2011 წელს სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში 52,652 მილიონი ლარი შევიდა, 2012 წელს - 52,767 მილიონი ლარი, 2013 წელს - 54,122 მილიონი ლარი, 2014 წელს - 63,143 მილიონი ლარი, ხოლო 2015 წელს - 66,486 მილიონი ლარი.

სათამაშო ბიზნესი განსაკუთრებით მრავალფეროვანი აჭარაშია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 4 წელიწადში აჭარაში სამორინეების რიცხვი 23-ს მიაღწევს. აჭარის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სამორინეებს რეგიონისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვს, ვინაიდან ტურისტები ბათუმს ყველა სეზონზე სტუმრობენ.

აჭარას ხშირად სტუმრობენ მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნების აზარტული მოქალაქეები. მათი რიცხვი ისე სწრაფად იზრდება, რომ ბიზნესმენებისთვის აჭარის სამორინეებში ფულის დაბანდება ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული გახდა.

2016 წლის სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში 11 სამორინე ფუნქციობს და ბათუმის ბიუჯეტში მიღებულმა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა 16.2 მლნ ლარი შეადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG