Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფლის მეურნეობის პერსპექტივა 2017 წელს


სოფლის მეურნეობას, როგორც 2017 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს ითქვა, დაფინანსება შეუმცირდა. წარმოდგენას იმაზე, თუ რა რჩება 2017 წელს სფეროს პრიორიტეტად, სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული წლის პრიორიტეტები იძლევა. მათ შორის გამოვყოფთ რამდენიმე მიმართულებას, რომელმაც ევროპის ბაზართან ქართველ აგრომწარმოებლის დაახლოებას უნდა შეუწყოს ხელი.

სოფლის მეურნეობის პერსპექტივა 2017 წელს
please wait

No media source currently available

0:00 0:03:45 0:00
გადმოწერა

სამინისტროს წლის გეგმებში აღნიშნულია, მაგალითად, რომ უმნიშვნელოვანესია სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს საწარმოებისთვის - მათ შორის, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოებისთვის - საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას. ყველა საწარმო, რომელიც გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამით ფინანსდება, დანერგავს ISO-22 000-ის ან HACCP-ის საერთაშორისო სტანდარტს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სტანდარტის დანერგვის 80 %-ს აფინანსებს, აქედან 30 %-ს სახელმწიფო, ხოლო 50 %-ს დონორი ორგანიზაცია ფარავს, ბენეფიციარს მხოლოდ 20 %-ის გადახდა უწევს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „დანერგე მომავალისა“ და პროგრამა „ქართული ჩაის“ ბენეფიციარებსაც დაეხმარება GLOBAL GAP-ის პირველადი წარმოების სტანდარტის დანერგვაში: 50%-ს ბენეფიციარი დააფინანსებს, ხოლო 50 %-ს დონორი (USAID/REAP) ორგანიზაცია.

ამავე მიზნებს ისახავს ერთიანი აგროპროექტი, რომელიც გულისხმობს იაფ საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობის, აგროდაზღვევის, მექანიზაციის ხელმისაწვდომობის პროგრამებს და საგრანტო დაფინანსების სპეციალიზებულ მოდელებს, რასაც ნაწილობრივ თავად ევროკავშრი აფინანსებს.

2017 წლიდან დაიწყება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი საკრედიტო რესურსების გამოყენებით მიზნობრივი პროგრამების განხორციელება. საინვესტიციო სესხები გაიცემა მემცენარეობის ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული საწარმოებისთვის.

სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად 2017 წლიდან დაიწყება მიზნობრივი პროგრამების განხორციელება, რაც ფერმერებს გაუადვილებს ტექნიკის შეძენას და ხელს შეუწყობს მექანიზაციის სერვისის მიმწოდებელთა ძლიერი რგოლის ჩამოყალიბებას.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, საგრანტო დაფინანსების სპეციალიზებული მოდელების გამოყენებით, გაშენდება ახალი ბაღები (პროექტი „დანერგე მომავალი“), განახლდება არსებული ხეხილის ბაღები (სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პროექტი „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზრებზე წვდომა და მოქნილობა“ (AMMAR), რომელიც აქტიურ ფაზაში 2017 წლიდან შევა - პროექტის 2 წლის ბიუჯეტი განსაზღვრულია 6,5 მლნ ლარით), მოხდება მოსავლის აღების შემდგომი დამზადება-გადამუშავება (გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი), განვითარდება ჩაის ღირებულებათა ჯაჭვი (ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა „ქართული ჩაი“) .

ფერმერთა კოოპერაცია ასევე ერთ-ერთ თემაა, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს.

დღეისათვის, საქართველოს მასშტაბით, კოოპერატივებში მოზიდული კაპიტალი 29.2 მლნ ლარია. დაგეგმილია, ასევე, ალპური მესაქონლეობის განვითარების მიზნობრივი პროგრამები.

ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროექტებიდან ძირითადად სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტებია დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG