Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთ წელიწადში საქართველოს სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი 9,8 %-ით გაიზარდა


ავტორი: ირინა გურული

საქართველოში წარმოებული პროდუქცია ძვირდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ზრდა არის როგორც წინა თვის, ისე გასული წლის მაჩვენებელთან მიმართებით. 2017 წლის იანვარში, 2016 წლის დეკემბერთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2,3 %-ით გაიზარდა, ხოლო 2016 წლის იანვართან შედარებით, ინდექსი 9,8 პროცენტითაა გაზრდილი.

საქართველს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2017 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ფასები გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 1,1 %-ით გაიზარდა, რაც ინდექსის მთლიან მაჩვენებელში 0,90 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (2,9 პროცენტი) და კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (0,5 პროცენტი). მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის
დეკემბერთან შედარებით, სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასები 3,1 პროცენტით გაიზარდა, რამაც ინდექსის ცვლილებაში 0,14 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

მონაცემები აჩვენებს, რომ ყველაზე დიდი ზრდა ნავთობპროდუქტებზე მოდის, რაც, თავისთავად, ყველა სხვა პროდუქტის წარმოების ფასზე აისახება. საქართველოში, მოგეხსენებათ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდის ტენდენციას დაემატა ხელისუფლების მიერ გაზრდილი აქციზის განაკვეთი და, შესაბამისად, ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყლის ფასები იანვარში, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, 9,5 პროცენტით გაიზარდა და ინდექსის ზრდაში 1,24 პროცენტული პუნქტი შეიტანა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ერთწლიან პერიოდს თუ გავაანალიზებთ, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

• გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 8,8 პროცენტით და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 7,03 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (48,3 პროცენტი);
• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 10,9 პროცენტით და, შესაბამისად, ამ ზრდამ 1,90 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში;
• სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები გაიზარდა 25,7 პროცენტით, რაც 0,88 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.

XS
SM
MD
LG