Accessibility links

ევროკავშირის ინიციატივა „პოლიტიკურად მოტივირებული“ უცხოური ინვესტიციების შეზღუდვის შესახებ


ევროკავშირი სტრატეგიულ ობიექტებში პოლიტიკური ფინანსების შემოსვლაზე კონკრეტული შემზღუდავი მექანიზმების დაწესებას აპირებს. კერძოდ, ევროკავშირი „პოლიტიკურად მოტივირებული“ უცხოური ინვესტიციების აკრძალვას გეგმავს. "როიტერის" ინფორმაციით, კავშირს შესაბამისი მოთხოვნით მიმართეს გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ, რომლებსაც არ სურთ, რომ მათი სტრატეგიული ინტერესების სექტორში მოქმედი კომპანიები ან მათი ნაწილი უცხოელების ხელში აღმოჩნდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ევროკავშირი აპირებს დაბლოკოს ის გარიგებები, რომლებიც ანტიმონოპოლიურ კანონს არღვევს. ყველაზე ძლიერი ეკონომიკების მქონე ქვეყნების მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში, ევროკავშირი იმ შესაძლო გარიგებებსაც შეისწავლის, რომლებიც შესაძლოა მიუღებელი იყოს კავშირისა და მისი წევრი ქვეყნების სტრატეგიულ კომპანიებში უცხოური ინვესტიციების, ეკონომიკური ან უსაფრთხოების კუთხით. როგორც "როიტერი" წერს, საუბარია თავდაცვის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურებისა და მაღალტექნოლოგიურ კომპანიებზე.

გარდა ამისა, აკრძალვები შეიძლება გავრცელდეს იმ სფეროებზეც, რომლებიც ევროკავშირისა და მისი ქვეყნების ეკონომიკების კეთილდღეობას უზრუნველყოფს. სამი ქვეყნის ერთობლივ წერილში ლაპარაკია შემთხვევებზე, როცა, მაგალითად, ჩინეთის მთავრობა თავის კომპანიებს აფინანსებს იმისთვის, რომ მათ შეძლონ ევროპულ ბაზარზე სტრატეგიული შეღწევა.

გერმანიას ჰქონდა შემთხვევები, როცა ჩინურ კომპანიებს მისი ტექნოლოგიური კომპანიების შეძენა სურდათ. მაგალითად, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელმა „მიდეამ“ რობოტების მწარმოებელი „კუკა“ შეიძინა. ჩინურმა კომპანიებმა შარშან ევროპაში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციები განახორციელეს, რაც წინა წლის მონაცემებზე, დაახლოებით, 40-ჯერ მეტია.

ევროკავშირის ზოგ ქვეყანას საკუთარი სტრატეგიული კომპანიების დაცვის საკუთარი წესები აქვს, მაგრამ კავშირს, ერთობლივად, ამ კუთხით დამცავი მექანიზმი ჯერ არ შეუმუშავებია. სამი ქვეყნის შეთავაზების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ევროკავშირი დაბლოკავს ასევე ისეთი კომპანიების გარიგებებს, რომლებიც ამით საკუთარი ჭარბი ფინანსური შესაძლებლობების „დასაქონლებას“ ცდილობენ. უფრო მეტიც, დაიბლოკება შესყიდვები ისეთი კომპანიებისგან, რომელთა უმაღლეს მმართველობაში არაევროკავშირელი პირები მუშაობენ.

ეს გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, ორიენტირებულია გარე ეკონომიკური ექსპანსიისგან თავის დაცვაზე, მეორე მხრივ კი, ერთგვარი ანალოგიც კია აშშ-ის ახალი პრეზიდენტის იმ განწყობებისა და ნაბიჯების, რომლებიც ამერიკული ფირმებისა და ამერიკული საქმიანი ძალის დასაქმებაზეა გათვლილი.

გეგმის მიღებამდე ის ჯერ ევროკავშირის ყველა კომისიამ უნდა მოიწონოს. შემდგომ ეტაპზე გეგმა ევროკავშირის ქვეყნებმა და ევროპის პარლამენტმა უნდა დაამტკიცონ. იმისათვის რომ ბრიუსელში ძალაუფლების კონცენტრაცია გამოირიცხოს, ევროკავშირის მიერ კომპანიებს შორის გარიგებაზე ვეტოს დადების შემთხვევაშიც, ცალკეულ ქვეყნებს, სადაც აღნიშნული კომპანიები იქნება ბაზირებული, უფლება ექნებათ გარიგებაზე ნებართვის მიცემის ან არმიცემის. გეგმა ითვალისწინებს ასევე ევროკავშირის სპეციალური სააგენტოს შექმნას, რომელიც უცხოურ ინვესტიციებს გააკონტროლებს.

ეს საკმაოდ სერიოზული შემზღუდავი მექანიზმია, რომელიც იდეაში შესაძლოა უარყოფითადაც აისახოს ევროკავშირში ინვესტიციების მასშტაბებზე და, შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდაზეც. თუმცა, მეორე მხრივ, ის მონოპოლიურ სფეროებში ერთი ქვეყნის ფინანსების შემოსვლას დააზღვევს. მსგავსი პრევენციული ზომების საჭიროება საქართველოში არაერთხელ დამდგარა, როცა დღის წერიგში იყო ჩრდილო-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო პრივატიზება, რომელშიც ინტერესი, ცხადია, რუსულ სახელმწიფო კომპანიას ჰქონდა; მსგავსი კითხვები და არგუმენტები ყოველთვის ისმის ასევე რკინიგზის შესაძლო პრვატიზების გეგმებთან დაკავშირებით საქართველოში.

ევროკავშირის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, საინტერესო პრეცედენტი აღმოჩნდეს საქართველოსთვის განსაკუთრებით შედეგის თვალსაზრისით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG