Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგროდაზღვევა 1 აპრილიდან ამოქმედდება


აგროდაზღვევის პროექტი მიმდინარე წლის აპრილიდან განახლდება. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 2017 წლის ბიუჯეტში აგროდაზღვევის პროგრამა გათვალისწინებულია და მთავრობა პროგრამასთან დაკავშირებით ახალ დადგენილებას მარტში მიიღებს.

"აგროდაზღვევა არ იქნება სავალდებულო, მაგრამ გაიზრდება დაფარვის მასშტაბები. ჩვენი მიზანია, პროგრამა იყოს უფრო მეტად საყოველთაო. იგეგმება მთელი რიგი არსობრივი საკითხების დახვეწა, დაზუსტდება ტარიფები. მოგეხსენებათ, დაზღვევა მნიშვნელოვნად უკავშირდება სტატისტიკურ ინფორმაციას. ოთხი წლის წინ, როდესაც პროგრამა დავიწყეთ, სტატისტიკური ინფორმაცია იყო ძალიან მწირი. წლიდან წლამდე სადაზღვევო კომპანიებს უგროვდებათ გამოცდილება, ხდება სადაზღვევო პირობების დახვეწა და დამუშავება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, აგროდაზღვევაში მონაწილეობა ნებისმიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიას შეუძლია.

საქართველოში აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლის სექტემბრიდან ხორციელდება. აგროდაზღვევის პროგრამისთვის 2017 წლის ბიუჯეტში 7 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რაც 3 მილიონით ნაკლებია გასული წლის დაფინანსებაზე. პროგრამა მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას.

აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას.

პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო" "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში და პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტო აფორმებს ხელშეკრულებებს საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიცენზირებულ შესაბამის სადაზღვევო კომპანიებთან, აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე ახდენს სადაზღვევო პრემიის სუბსიდირებას და მათ მონიტორინგს. დაინტერესებულ ბენეფიციარებს სადაზღვევო პოლისის შეძენა შეეძლოთ საქართველოში მოქმედ 5 სადაზღვევო კომპანიაში: „ალდაგი”, ,.ჯი პი აი ჰოლდინგი”, ,,აი სი ჯგუფი”, ,,არდი ჯგუფი”, ,,უნისონი”.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის) - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში

2016 წელს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ბენეფიციარს შეეძლო დაეზღვია 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი (მარცვლეული კულტურის შემთხვევაში - 30 ჰა). თითოეული დამზღვევი 70 % - იან თანადაფინანსებას იღებდა პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე - 50 %-ს. მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში ან უკვე არსებული საკადასტრო კოდით დაზღვევისას თანადაფინანსება არსებულზე 10 %-ით მეტი იყო. 2016 წელს მოქმედებდა მინიმალური და მაქსიმალური სადაზღვევო ტარიფები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG