Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინვესტიციები საქართველოში


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.7 %-ით გაიზარდა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ინვესტიციების მოცულობამ 403.3 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ქვეყნებს, 2017 წლის I კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყანა , 24.1 %-ით, აზერბაიჯანი იყო, თუმცა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამ ქვეყნიდან ინვესტიცია 30 %-ით არის შემცირებული; მეორე ადგილზე იყო თურქეთი - 20.2%-ით (და 40 %-ზე მაღალი ზრდით, გასულ წელთან შედარებით), მესამე ადგილზე კი - გაერთიანებული სამეფო, 19.8 %-ით (ზრდა, წინა წელთან შედარებით, 3 800 %).

ათეულში არიან ოფშორული ზონების მქონე ქვეყნები, - მაგალითად, პანამა, მალტა, კვიპროსი, - საიდანაც შემოსული ინვესტიციების რეალური წარმოშობის დადგენა საკმაოდ რთულია და, შესაძლოა, ქართული ინვესტიციაც იყოს, შესაძლოა, რუსულიც თუ ა.შ.

ყველაზე მსხვილ ინვესტორებს შორის არ გვხვდება არც ჩინეთი, რომელიც საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორთა სამეულში უკვე დამკვიდრდა, და არც რუსეთი.

რაც შეეხება სფეროებს, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 141.1 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35.0 %-ია. მეორე ადგილზეა უძრავი ქონების სექტორი - 80.3 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე - საფინანსო სექტორი, 79.6 მილიონი დოლარით.

ჯამში, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2017 წლის I კვარტალში 74.6 პროცენტი შეადგინა.

ხუთეულში შედის ასევე მშენებლობა, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ მზარდი ბიზნესია (56 მილიონი აშშ დოლარი), და სასტუმროები და რესტორნები, რომელიც ტურიზმის სფეროსთან არის კავშირში და თუმცა თითქოს ძალიან პერსპექტიული ჩანს, ინვესტიციების მოცულობით მნიშვნელოვნად ჩამორჩება პირველ ოთხ სფეროს (16 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით).

საინტერესოა, რომ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საერთოდ არ განხორციელებულა. 2016 წელს სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 10 მილიონი დოლარი შეადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG