Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯინის კოეფიციენტი და საქართველო


საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს ჯინის კოეფიციენტი (სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი) 40 ნიშნულზეა. 2015 წელთან შედარებით, ნიშნული 0,1-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ, შემოსავლების მიხედვით, სოციალური უთანასწორობა საქართველოში გაზრდილია. ეს საკმაოდ საინტერესო მონაცემია მაშინ, როცა ქვეყანას სოციალისტური განწყობების მთავრობა მართავს და აქვს ამბიცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები და სხვა სოციალური ხარჯები დააფინანსოს.

ჯინის კოეფიციენტი და საქართველო
please wait

No media source currently available

0:00 0:03:34 0:00
გადმოწერა

​ჯინის კოეფიციენტით მოსახლეობის შემოსავლებს შორის უთანასწორობა იზომება. მასში ციფრი 0 აღნიშნავს ყველაზე თანასწორს, 1 (ან 100) კი - უთანასწოროს. მაგალითად, თუ ქვეყანაში, თეორიულად, ცხოვრობს 1.000 ადამიანი და ყველას ერთნაირი შემოსავალი აქვს, ჯინის კოეფიციენტი იქნება ნული, ხოლო როცა შემოსავალი მხოლოდ ერთს აქვს, კოეფიციენტი ერთი, ანუ 100 %-ია.

ეს მონაცემი არ არის გასაკვირი იმ ფონზე, როცა, ასევე ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 21 % აბსოლუტურ სიღარიბეშია, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს ყოველი მეხუთე ადამიანი, რაც, დაახლეობით, 800 000 კაცია. საყურადღებოა, რომ სიღარიბის მაჩვენებელი ბოლო წლებში მცირდებოდა და მხოლოდ გასულ წელს დაფიქსირდა ზრდა.

მართალია, ექსპერტებს ამ მონაცემში ეჭვი ეპარებათ და თვლიან, რომ ზოგ შემთხვევაში პრობლემა ისევ და ისევ არასათანადო სტატისტიკურ აღრიცხვაშია, მაგრამ მსგავსი პრობლემები ჩვენი ტიპის ეკონომიკისა და დემოკრატიის ქვეყნებისთვის დამახასიათებელია და, შესაბამისად, სტატისტიკის შესადარისობაც -განსაზღვრული.

ამიტომ, საქართველოს ადგილი რომ უკეთ გავიაზროთ, გადავხედოთ მეზობელი ქვეყნებისა და მსოფლიოს მონაცემებს.

პოსტსაბჭთა სივრცეში მხოლოდ რუსეთს აქვს საქართველოზე მცირედით უარესი მაჩვენებელი. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამჟამად საქართველოს ჯინის კოეფიციენტი 40.0-ს (პროცენტს) უდრის.

რეგიონშიც კი, რომელშიც პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაჩვენებლები შედარებით მაღალია, საქართველოს კოეფიციენტი აჭარბებს როგორც მისი მეზობლების, ისე პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაჩვენებელს, გარდა რუსეთისა და თურქეთის. მაგ.: რუსეთი - 42,0 % და თურქეთი - 40,2 %. რაც შეეხება სომხეთს, იქ ჯინის კოეფიციენტი 31.5-ს შეადგენს, ხოლო აზერბაიჯანში – 33.7-ს. სხვათა შორის, აზერბაიჯანის მონაცემი, რომელიც ბოლო წლებში მუდმივად საქართველოზე უკეთესია, ასევე იმსახურებს კითხვებს, რადგან, მიუხედავად ეკონომიკური განვითარების შედარებით უკეთესი ტემპისა, რაც ნავთობთან არის დაკავშირებული, აზერბაიჯანი დოვლათის თანაბარი გადანაწილებით სამეზობლოში ნამდვილად არ გამოირჩევა.

განსხვავებული სიტუაციაა სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც ეს ინდიკატორი საშუალოდ 25-ია, რაც მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო მაჩვენებელია. მეორე პოლუსისკენ იხრებიან აფრიკის კონტინენტის ქვეყნები, რომელთაც შედარებით მაღალი ინდექსი აქვთ (დაახლოებით, 70).

საქართველოს მაჩვენებელი კი სენეგალის (40,3), მალის (40,1), ტუნისისა (40,0) და იორდანიის (39,7) მსგავსია, რომელთა დამახასიათებელი ნიშანი საშუალო კლასის არარსებობა ან/და მცირერიცხოვანი საშუალო კლასია.

XS
SM
MD
LG