Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის აეროპორტისა და ანაკლიის პროექტის საერთო პერსპექტივები


ქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი

2017 წლის ივნისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 94 %-ით გაიზარდა. აეროპორტის მენეჯმენტის ცნობით, ტერმინალი 41 812 მგზავრს მოემსახურა. ამასთან, 66 %-ით გაიზარდა აეროპორტიდან განხორციელებული რეისების რაოდენობა და 2017 წლის ივნისის მონაცემები 166 რეისს ითვლის.

აღსანიშნავია, რომ წლის პირველ ნახევარში ქუთაისის აეროპორტით 185 358 მგზავრმა ისარგებლა. მთლიანი ქვეყნის მასშტაბით ზრდის ეს მაჩვენებელი 49 %-ს შეადგენს, რაც ნათელყოფს, რომ დაბალბიუჯეტიანი კომპანიების მუშაობა ბაზარზე მნიშვნელოვანია.

პარალელურად კი ცნობილი ხდება, რომ ქუთაისის აეროპორტი, შესაძლოა, „ანაკლია სითის" სატვირთო გადაზიდვებისთვისაც იყოს გამოყენებული. ამის შესახებ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ხელმძღვანელმა ქეთი ალექსიძემ გადაცემა „საქმის კურსში" განაცხადა. ალექსიძის თქმით, „ანაკლია სითის" პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ქუთაისის აეროპორტის არა მარტო სამგზავროდ, არამედ სატვირთო მიმართულებით გამოყენებაც შეიძლება, რასაც ინფრასტრუქტურული ცვლილებების განხორციელება დასჭირდება.

ამის წინაპირობად, მისი თქმით, ის გამოდგება, რომ ქუთაისის აეროპორტი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით საკმაოდ მიმზიდველია. ის არის საქართველოს ცენტრში, რაც გულისხმობს იმას, რომ ქუთაისიდან ნებისმიერ წერტილში გადაადგილება სულ რამდენიმე საათში ხელმისაწვდომია. მისივე თქმით, ქუთაისის აეროპორტს პერსპექტივა აქვს და სამომავლოდ, შესაძლოა, მსხვილი გადამზიდავებისთვის ლოჯისტიკურ ცენტრად იქცეს.

ანაკლია
ანაკლია

შეგახსენებთ, რომ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და განვითარებასთან ერთად ქალაქ ანაკლიის პროექტის განვითარება იწყება. ქალაქ ანაკლიას კომპანია „ანაკლია სითი" განავითარებს, რომლის თანადამფუძნებლები „თიბისი ჰოლდინგი" და „კონტი ჯგუფი" არიან. იმავე კომპანიებმა დააფუძნეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და განვითარების პროექტს ახორციელებენ.

რაც შეეხება ანაკლიიის პორტთან დაკავშირებულ სიახლეებს, 28 ივნისს

ანაკლიის პორტის ოპერირებასთან დაკავშირებით საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორის შერჩევის პროცესი, რომელშიც მსოფლიოს შვიდი დიდი კომპანია მონაწილეობდა, დასრულდა და, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გადაწყვეტილებით, პორტის ტერმინალოპერატორი წამყვანი ამერიკული კომპანია SSA Marine გახდა. მსოფლიოს უმსხვილესი სანავსადგურე სატერმინალო ოპერატორის, SSA Marine-ის, სათავო ოფისი სიეტლში მდებარეობს. კომპანიის მფლობელობაშია ტერმინალები მსოფლიოს 9 ქვეყანაში. SSA Marine-ი მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე 250-ზე მეტ სტრატეგიულ ტერმინალზე ახდენს ოპერირებას და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება. გარდა ამისა, SSA Marine-ი მთელ მსოფლიოში 75 მილიონზე მეტ მშრალ ტვირთს ამუშავებს, ახდენს საკრუიზო გადაყვანებს მექსიკასა და ამერიკაში, ხოლო ამერიკაში 30-ზე მეტ პირველი კლასის ინტერმოდალურ სარკინიგზო მაგისტრალს ამუშავებს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკონტეინერო ტერმინალი 2020 წელს გაიხსნება. ამ დროისათივს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უკვე დაასრულა წინასამშენებლო კვლევები ანაკლიაში და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე მუშაობა. ამჯერად მიმდინარეობს დოკუმენტის საჯარო განხილვა. ამავდროულად, დასრულდა მუშაობა პორტის დიზაინზე და დიზაინის პროექტს კონსორციუმი 2017 წლის 30 ივნისს მთავრობას წარუდგენს. ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები ანაკლიაში 2017 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG